საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.
ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვ.
ფესტივალიის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს “მარანი” (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წყარო: ღვინის კლუბი