გზის პირას გაჩერებული მანქანის საჭესთან ვიჯექი, ცალ ხელს მზეს ვუფიცხებდი, მეორე ხელის თითებს კი მორიგობით ცხვირის წვერს ვუკაკუნებდი და ვფიქრობდი, რა დამერქმია. სახელის არჩევა მარტივი არ აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყოდი ყველაფერ იმაზე, რაც იქამდე მოხდა. მინდოდა, ადვილად დასამახსოვრებელი, მჟღერი და ლამაზი ყოფილიყო. იდეა უნდა გამოეხატა, უკვე არსებულს კი არ უნდა დამსგავსებოდა. ამიტომ ასოებს თავისფულად ცურვის საშუალება მივეცი და მინიმუმ 38 ვერსია დამიდგა თვალწინ. გადავწყვიტე, ფურცელზე გადამეტანა და მეორადი შერჩევა განმეხორციელებინა, რის შემდეგაც 5 ვერსია დამრჩა. და ყველაზე რთული სწორედ აქ დაიწყო. ერთმანეთის პარალელური და მკვეთი ხაზებით, ერთმანეთში გადახლართული სამკუთხედებითა და ყვავილს მიმსგავსებული ორნამენტებით სამი ფურცლის გავსების შემდეგ ჩემს შვილს CarTravelista, მოფერებით Travelista დავარქვი და შვებით ამოვისუნთქე.
და ასე, ერთი კვირის წინ აღებული მართვის მოწმობითა და ავტომობილის მართვის არაფრად ჩასათვლელი გამოცდილებით ივლისის ცხელ საღამოს შიომღვიმესკენ მიმავალ გზას დავადექი და ჩემი ვერცხლისფერი „ნისან ტიიდა“ პირველად ვაპოზიორე. არც მთები, ცხენები და მონასტერში მცხოვრები ბერი გამომრჩენია და სახლში დაბრუნებულმა გულის ძგერებით ჩემი რამდენიმე მკითხველისთვის პირველი პოსტი გავამზადე. ძალიან მალე პირველი წერილები მივიღე. აინტერესებდათ, რა პროექტია, რა გეგმები მაქვს, რა მქვია, როგორ გამოვიყურები, რითაც მივხვდი, რომ ბლოგის კონცეფცია – 1 წლის მანძილზე მსუბუქი მანქანით მარტოს მომევლო საქართველო – სწორი, ხოლო ინკოგნიტოდ დარჩენის იდეა საკმაოდ დამაინტრიგებელი იყო. „რა გიჟი ხარ!“ – შემაქეს მეგობრებმა. მეც მეტი რა მინდოდა?!
მეორე მიმართულებად მარტყოფის მონასტერი ავირჩიე, შემდეგ ბაზალეთზე ავედი და ივლისის მზისგან გახუნებულ მინდვრებს შევერიე. მომდევნო კვირას კი ჟინვალის წყალსაცავის ზურმუხტისფერით თვალები ავიჭრელე და ფასანაურში თეთრი და შავი არაგვის შესართავთან გატარებული მთელი საათი მდინარეების მიმართ ჩემი დიდი სიყვარულით ავხსენი.
აგვისტოში ძალიან დაცხა, ელიზაბეთალის მონახულება აგრილებისთვის გადავდე და მკითხველის რჩევით ყაზბეგის გზას დავადექი. ფასანაურში დაჟანგული საბჭოთა მანქანების სასაფლაოსთან გავჩერდი, რომელსაც, ალბათ, სიტყვები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ უფრო შეესაბამება და ჩემი ყველაზე წარმატებული ფოტო გადავიღე. დასახლებას საკმაოდ გავცდი და ხეების გაიშვიათება შევნიშნე. მივხვდი, რომ მივიწევდი მაღლა, იქ, სადაც ჯერ არასდროს ვყოფილვარ და სადაც საუკეთესო ხედები და ემოციები მელოდა. გუდაურთან საწვავი დავიმატე და დავფიქრდი, სპონსორობის შეთავაზებით ხომ არ დავუკავშირდე-მეთქი რომელიმე ბენზინ-გასამართების ქსელის მარკეტინგის მენეჯერს. იდეა მომეწონა, მაგრამ ჯერ ერთგული მკითხველების შემოკრება ვამჯობინე.
მფრინავი სახლის, კვადროციკლების ფარას, თაფლის მთებისა და ავტობუსში მოწყობილი კაფეს გადაღების შემდეგ ქვეყნის დასასრულში – დარიალის ხეობაში ამოვყავი თავი. მზე ძლივს აღწევდა შავი კლდეების შუაგულში, მდორედ მიმავალი სატვირთოები მტვრის ბუღის დაყენებას მაინც ახერხებდნენ, მესაზღვრეები კი საათებს ითვლიდნენ ცვლის დასრულებამდე.
ზუსტად საზღვართან მოვბრუნდი. მომშივდა და სახლიდან წაღებული საგზლის მირთმევა ხის ძირას, ჩრდილში გადავწყვიტე, მაგრამ ვერ მოვახერხე. სულ დამავიწყდა, რომ ალპურ ზონაში ბალახი ხარობს მხოლოდ. სოფელი სნო ამ მოგზაურობის ბოლო წერტილი იყო. მის შემდეგ აღარსად გავჩერებულვარ. მოსაღამოვდა და სახლში მეჩქარებოდა, მიღებული შთაბეჭდილებები სასწრაფოდ უნდა გამეზიარებინა. „მივქარე, ყაზბეგში რომ წავედი. არ ვიცი, ამის შემდეგ კიდევ რა უნდა მომეწონოს!“ – გამოვუტყდი დეიდაჩემს. მთის კაცს, ბიძაჩემს ჩემი ეს შეფასება მოულოდნელად დარიცხული პრემიასავით გაუხარდა და მთელი საღამო ცქმუტავდა.
ყაზბეგის შემდეგ გონს რომ მოვეგე, ჩემი შვებულება უკვე დაწყებულიყო. ამიტომ ჩავალაგე და ჯერ შავ ზღვაზე, შემდეგ კი ხანძრიან ბორჯომში წავედი. ადრიანად ვდგებოდი, სანაპიროზე და ტყეში დავრბოდი, ზღვას უთენია პაემანზე ვხვდებოდი, ხარბად ვისუნთქავდი კამკამა ჰაერს, უთოვლო დიდველს ვერ ვცნობდი, ლიოვას ნამცხვრების ისტორიას ვისმენდი და დაუნდობელი ხანძრის ლიკვიდაციას ველოდი. ბოლოს ჩააქრეს და ახლა უკვე უხეო ცემი ვეღარ ვიცანი.
ამის შემდეგ იყო რაბათი, მცხეთა, ქოროღლის ციხე, ჩარგალი, თიანეთი და უცებ კვიპროსი. სექტემბრის ბოლოს ჩემი მწვანე საქართველოდან ყვითელ კუნძულზე აღმოვჩნდი. კონცეფციის დარღვევა კი იყო, მაგრამ კვიპროსულ ამბებზე მკითხველს მაინც მოვუყევი. თურმე ტყუილად არა – დაინტერესება და კითხვები არ წყდებოდა. ცხელი კუნძულიდან ჩამოსული სრულ გამყინვარებაში აღმოვჩნდი და ერთი კვირა აკლიმატიზაციისთვის დამჭირდა. შემდეგ მოვინახულე საბადურის უფოთლო და უთოვლო, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი ტყე, ქუთაისის ძველი უბანი და თეთრი ქვები, ინდუსტრიული რუსთავი და ზამთარიც მოვიდა…
ზამთარში საქართველო რომ ლამაზია, ისეთი უნდა, მაგრამ რადგან ბლოგი ჩემია და სრულიად ერთპიროვნული შემიძლია, ვიყო, გადავწყვიტე, რომ დათვივით უნდა მოვკალათებულიყავი და გაზაფხულამდე ძალები მომეკრიბა. ამან შედეგი მალე გამოიღო, ცხადია, უარყოფითი – ჩემმა მკითხველებმაც ჩემსავით მიიძინეს, რასაც ფეისბუქის ალგორითმის ცვლილება დაემატა და როცა საახალწლო პოსტის გაზიარების დრო მოვიდა, სრული იმედგაცრუება განვიცადე – ორგანული წვდომა სადღაც გამქრალიყო, ჩემი მკითხველები აღარსად ჩანდნენ. ამან მაიძულა, ფეისბუქის ქერათმიანი ბოსის ოჯახის მაცივრის შევსებაზე მეზრუნა და რამდენიმე ათეული დოლარის სანაცვლოდ გამომწერების რაოდენობა 5000-მდე გამეზარდა.
ახლა თებერვალია. ჩემმა დაბადების დღემ გაიარა, ბლოგის იუბილე და გაზაფხული წინაა. ახალი გამოწვევები, შემოთავაზებები და იდეებიც წინაა, მაგრამ ყველაზე უკეთ ჩემს ბლოგერულ ეგოს ის აზრი კვებავს, რომ როგორც კი დათბება, თრეველისტას შეჩერება შეუძლებელი გახდება, თუ არ ჩავთვლით სიჩქარის კოლოფის ჩაშლას ან ძრავის გაჩერებას, „დასტუკებას“ რომ ვეძახით ხოლმე. ღმერთმა მაშოროს!