მთიანი აჭარა

აჭარაში, ზღვაზე ვინ არ ყოფილა_საქართველოს მოსახლეობის 85, სომხეთის _ 95 და აზერბაჯანის მოსახლეობის 80 პროცენტი, მაგრამ ისეთი აჭარა, რომელიც მე ვნახე ალბათ ცოტას უნახავს.
გზები_მაღალი, დათოვლილი მთებით გარშემორტყმული, ქვისფერი სახლები ხის აივნებით,აივნები_ზამთრის ცივი დღეებისათვის შენახული, მიმჭკნარი ვაშლების სურნელადენილი, მინარეთები, თავშალში ვაშლებივით გახვეული ჩვილები თავშალშემოხვეულივე ქალების ფართე თეძოებზე მაიმუნებივით აცოცებულნი, მთის მდინარეები_სოკოებივით მშენებლობებით დახუნძლულნი.
მაღლა და მაღლა გზა ვიწროვდება, ცოტავდება, უნიკალურ პეიზაჟებს თვალებით ხარბად ჭამ და პირველი განსხვავება საქართველოს სხვა მთიანი მხარეებისგან, რასაც თვალნათლივ ამჩნევ ეს სავსე სოფლებია კარგად მოწყობილი სახლებით სავსე, მერე მინაჩამოწეული ავტომობილის ფანჯრიდან მოლების შეძახილიც აღწევს შენს ყურამდე, თოვლი უფრო და უფრო დიდდება, ცდილობს გაშლილ მთებს მოეხვიოს, მოესუდაროს, დაფაროს პაწაწინა ტბები, ყინულის მარწუხებში მოაქციოს ოდესღაც ტალახიანი ბილიკები. სიმაღლეები მთავრდება და იწყება გოდერძი_ჰოლივუდური საშობაო ფილმივით ლამაზი, ახალგამომცხვარი სამთო კურორტი. დარიჩინის და გამდნარი კარაქის სუნით გაჭღენთილ ჰაერში ლივლივებენ ფიფქები, ტანმაღალი ნაძვები თეთრი კამუფლიაჟით დაფარულან, ოქროსფერი ხის კოტეჯები თვალებდახუჭულები, სტუმრების მოლოდინში ჩამწკრივებულან დაბლობში, მაღლიდან საბაგიეროები მოსრიალებენ.
გავა რამდენიმე თვე , ივნიის ბოლოს მთიანი აჭარა თოვლს მხრებიდან ჩამოფერთხავს, მწვანე ბალახსა და ფერად ყვავილებს მოუხმობს, საბაგიეროები და კოტეჯები მომავალ ზამთრამდე დადუმდებიან, ნაძვებს შორის კუდფუმფულა ციყვები დაიწყებენ სირბილს, თუმცა ისევ ძველებურად ამოაღწევს გოდერძიმდე მოლას გამყინავი ხმა, თავშალში გამოკრული, თეძოსავსე აჭარელი ქალები შემოსივამენ ლოყებაწითლებულ ჩვილებს გვერდებზე და ვაშლების დახარისხებას შეუდგებიან მომავალი, ფიფქმრავალი ზამთრისთვის.

Tags: