ღრუბლებში მოგზაურობა

სურვილი და მონდომება, ცოტა ფინანსებთან ერთად, ახდენს თურმე იმას, რაც გულით ძალიან გსურს. ბავშვობიდან მქონდა ოცნებად მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, გამეცნო ესა თუ ის ერი, მათი კულტურა და მენახა უამრავი ღირშესანიშნაობა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამ მეზობელ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ამ მოგზაურობებმა ისე მომწამლა, რომ შეუძლებელია აქ გავჩერდე! სომხეთსა და აზერბაიჯაში შთამბეჭდავი დრო გავატარე. ვნახე თითქმის ყველა ისტორიული ღირშესანიშნაობა და საინტერესო ადგილი. ბაქოში, განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ქალწულის კოშკი და  მინიატურული წიგნების მუზეუმი, სადაც ქართველი მწრელების ნაწარმოებებს ცაკლე სტენდი ჰქონდა დათმობილი.

არასოდეს დამავიწყდება  სომხეთში ნანახი თოლიებით სავსე სევანის ტბა. რომელიც ფერდობიდან გადმოხედვისას ნალის ფორმას მივამსგავსე. ემოციური იყო ქართულად მოღიღინე მხატვრისგან ტკბილი  გამარჯობის მოსმენა. ასევე, სომხური ეკლესიის მამაოსგან ნებართვა, ტაძარში ქართულად გვეგალობა.

2016 წელს კი ერთმა ზარმა მთელი ჩემი ზაფხული შეცვალა. შემატყობინეს რომ თურქეთში მივემგზავრებოდი ერთი თვით საზაფხულო სკოლის ფარგლებში. იყო გაოცება, სიხარული და ცოტა შიშიც, თურქეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო. თუმცა, წასვლა ღირდა. რეალობა იმაზე მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

წინ პირველი ფრენა, ბევრი სიახლე, საინტერესო დღეები და ადამიანები მელოდა. ცაში აჭრისა და ღრუბლებში მოგზაურობის შემდეგ, ნანატრი სტამბულიც გამოჩნდა. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ამჯერად ბოლო გაჩერება სტამბული კი არა, საქარია იყო. ვინაიდან სამი კვირა საქარიის უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. ხოლო, ბოლო ერთი კვირა სტამბულს ეთმობოდა. საქარია პატარა, მყუდრო ქალაქია საფანჯის ტბის მიმდებარედ.

  

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სწავლის რეჟიმი, კოორდინატორი და მასწავლებელი ერთმანეთზე საინტერესო აღმოჩნდა. მალევე გავაცნობიერე, რომ საოცარ სამყაროში მოვხვდი. კვირის დღეებში, ლექციების შემდეგ ხელოვნების გაკვეთილები გვქონდა, სადაც ებრუს, თექაზე მუშაობასა და კერამიკას ვსწავლობდით. შაბათ-კვირას კი სხვადასხვა ქალაქებში მივემგზავრებოდით ექსკურსიებზე.

მოვიარე  რამდენიმე ქალაქი.თავდაპირველად ვნახე ჩანაქქალე, რომელიც თურქეთის დასავლეთით მდებარეობს და უამრავი საზღვაო ბრძოლა გადაუტანია. ვნახე ჩანაქქალეს მუზეუმი, რომელიც  11 ოთახისაგან შედგება და თითოეული მათგანი ისტორიის გარკვეულ  ნაწილის გიყვება. გადადიხარ ოთახიდან ოთახში  და ეს ჯადოსნური სივრცე იმ რეალობის მონაწილედ გაქცევს, რომელიც წლების წინ ამ მიწამ განიცადა.

   

ვნახე ლეგენდარული ტროა, რომელმაც მომნუსხა თავისი სიძველითა და სიმბოლური ხის ცხენით. ტროაში ყველა ქვას თავისი ისტორია აქვს.

ბურსა თურქეთის ქალაქებს შორის სიდიდით მეოთხე ადგილზეა. ამ ქალაქში,თურქეთში  ყველაზე დიდი, 6 საუკუნოვანი ჭადრის ხის ქვეშ თურქული ჩაი მივირთვი. მეორე დღეს კი ულუდაგის მთებს ვესტუმრე. ადიხარ მთაში და თითქოს ცაში იჭრები, სუფთა ჰაერის ნაკადი და ბუნების სილამაზე გატყვევებს. საოცრად სევდიანი და  ნისლისფერი დამამახსოვრდა ულუდაგი.

  

ესქიშეჰირი დისნეის ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებს თავს. თავისი სასახლითა და ჯადოსნური გარემოთი. შემდეგ ვნახე იზმითი, რომელიც ცნობილია საათის კოშკით.

თვალსა და ხელს შუა გავიდა 3 კვირა და დადგა ნანატრი სტამბოლის ჯერი. ევროპა აზიის ჰარმონიული შერწყმა წარმოუდგენლად მეჩვნებოდა,მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა სტამბოლმა მოლოდინს გადააჭარბა.

   

ვნახე დიდებული აია სოფია, ქრისტიანული და მუსლიმანური რელიეგიების თანაარსებობის ცოცხალი შედევრი. ლურჯი მეჩეთი, გალათას კოშკი, ტაქსიმის მოედანი, ბოსფორის ხიდი, მინიათურქის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თოფქაფის სასახლე და კუნძული ბუიუქადა.

   

ამ კუნძულზე ყველა სახლი, ყველა კაფე და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ფანჯარა განსაკუთრებულია. ასეთი ფერადი, მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილი მანამდე არასოდეს მინახავს. კუნძულზე ძირითადი გადაადგილების საშუალება ცხენებშებმული ეტლებია. აქ, ფაქტობრივად, მანქანებს ვერ ნახავთ.

  

არ დამრჩენია არცერთი საინტერესო სანახაობა, რომ კადრებად არ აღმებეჭდოს. ვიღებდი სახასიათო პერსონებს, ორიგინალურ სიტუაციებსა თუ ადგილებს. მაგრამ, ცხადია, ყველაფერის კადრში ჩატევას ვერ შეძლებ. უდიდეს ნაწილს თვალებით ვაფიქსირებდი და დღემდე საგულდაგულოდ ვინახავ გონებაში.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი სათავგადასავლო მოგზაურობა, რომელიც ერთგვარი სტიმულია რომ კიდევ უფრო მეტი, გასაოცარი ადგილი ვნახო. თუმცა, არ არსებობს იმაზე მაგარი შეგრძნება, სახლში დაბრუნება რომ ჰქვია. შენს მიწაზე, შენს სივრცეში, შენს ხალხში. საქართველოდან სამჯერ გასვლისა და დაბრუნებისას შემდეგ უფრო გავიაზრე საკუთარის სიდიადე.

   

ჯერ-ჯერობით მხოლოდ თოვლიანი ჯავახეთი, ნისლიანი ფშავი, ჯადოსნური ხევსურეთი, ყაზბეგი და იმერეთი მაქვს ნანახი. ამიტომაც, როგორც დოჩანაშვილის გმირი იტყოდა: „მოსალოცი“ ვარ J რადგან  წინ მელის პირველად ნახვის ბევრი ბედნიერება!

  

მოგზაურობა, ჩემვის სულიერი საზრდოა, როგორც თეატრი და ლიტერატურა! ერთ დღესაც, ვენეციის არხებში გონდოლით რომ გავისეირნებ ხმამაღლა ვიყვირებ, რომ “ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია!”