ამბობენ, თუ გსურს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალო, უპირველესად, ეს საკუთარი თავით უნდა დაიწყო, ჰო და, ჩემი მოგზაურობის ისტორიაც სწორედ აქ იწყება.
მაშინ, როცა დამღლელი ყოველდღიურობისთვის მინდოდა თავი დამეღწია, გადავწყვიტე აისეკის გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა. არ ვიცოდი, საბოლოოდ რა გამომივიდოდა, თუმცა ვიცოდი, რომ რაღაც ახალი აუცილებლად უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ქვეყნის შერჩევაზე დიდი ხანი არ მიფიქრია, ევროპის დიდი ნაწილი უკვე ნანახი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე გეზი აზიისკენ ამეღო. შორეული, მისტიკური ჩინეთის მონახულება ყოველთვის ძალიან მინდოდა, აისეკს ამ ქვეყანაში პროექტების საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს, ჩემი იქ ყოფნა რომ საინტერესოსთან ერთად უფრო ნაყოფიერიც ყოფილიყო, გადავწყვიტე ისეთი პროექტი ამერჩია, რომელიც პროფესიულად ახლოს იქნებოდა ჩემს ინტერესებთან, ამიტომ არჩევანი გარემოს დაცვაზე შევაჩერე. მიზნებმა და მოლოდინებმა გაამართლა და ძველით ახალწელს, როცა 14 იანავარი თენდებოდა, უკვე China Southern-ის ავიახაზის თვითმფრინავში 2 ჩინელს შორის ვიჯექი და თბილისიდან შაინხაის მიმართულებით მივფრინავდი.
შანხაიში არავინ დამხვდებოდა, მატარებლის სადგურისთვის უნდა მიმეგნო და ზუსტად 6 სთ-ზე უკვე ნინგბოსკენ მიმავალ მატარებელში უნდა ვყოფილიყავი. ნინგბოში კი პროექტის ორგანიზატორები დამხვდებოდნენ. ფრენისას უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში: რომ არავინ დამხვდეს ან ფრენა რომ გადაიდოს და მათთან დაკავშირება ვერ შევძლო? იქნებ, შანხაიდან ნინგბომდე მიმავალ მატარებელს ვერ მივუსწრო? ნეტავ ვისთან ვიცხოვრებ და როგორ ოჯახში მოვხვდები?
წამოსვლისას ოჯახის წევრებს ვარწმუნებდი, რომ ყველა დეტალი ზუსტად ვიცოდი და ამხელა მანძილზე მოგზაურობის ოდნავადაც კი არ მეშინოდა, თუმცა ცხადია, აღელვებული ვიყავი, მაგრამ არ ვამჟღავნებდი, არ მინდოდა, ენერვიულათ. განსაკუთრებით დედა ღელავდა, თუმცა ჩემს არჩევანს ის მუდამ გულშემატკივრობს, ახლაც ასე იყო სულ მეკითხებოდა „დედა ასე შორს რა გინდა? რამე რომ მოგივიდეს მერე?“ – არადა, დედამ მშვენივრად იცოდა, რომ ათასობით კილომეტრზე მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება და გულის სიღრმეში ძალიანაც უხაროდა, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი.
საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნინგბოში დამხვდა ჩემი მასპინძელი ოჯახი, სადაც 2 ჯადოსნური კვირა გავატარე. დიდ ლამაზ, აპარტამენტში ვცხოვრობდი, დიდი ფანჯრებით, საიდანაც ყოველ დილით საუზმობისას, ულამაზეს ბაღის ხედი იშლებოდა. ოჯახში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ბავშვი არ ყავდათ, რაც ცოტა მეუცნაურა ჩინეთში, თუმცა გაჩენას ჯერ არ ჩქარობდენ. დიასახლისს დორა ჰქვია, დორა მისი ინგლისური სახელია, ჩინელებს 2 სახელი აქვთ ერთი ჩინური და მეორე, რომლითაც უცხოელებს აცნობენ თავს, რადგან ჩინური სახელის დამახსოვრება საკმაოდ რთულია. დორა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, მისგან უამრავი რამ გავიგე, ყოველ საღამოს იაპონური ხილის ტკბილ ღვინოსთან და დაუვიწყარ ჩინურ კერძებთან ერთად გვქონდა საინტერესო საუბრები ჩინეთში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე, კორეულ სატელევიზიო შოუებსა თუ კორეულ პლასტიკურ ქირურგიაზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩინური სტუმართმოყვარეობა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა, ასეთი სითბო და მზრუნველობა უცხოეთში ყოფნისას არასდროს მიგრძვნია.
პროექტი 19 ახალგაზრდა მონაწილეს აერთიანებდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ერთმანეთს მაშინვე დავუმეგობრდით, იქ უფრო მიადვილებოდა ვყოფილიყავი მეტად სოციალური, გახსნილი და მხიარული. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს მხოლოდ ჩინეთში არ ვმოგზაურობდი, რადგან როცა მონაწილეების ცხოვრების ისტორიებს და მათი ქვეყნის ამბებს ისმენ, შენს ფიქრებში მოგზაურობ ტაივანში, მალაიზიაში, ჩილეში, ნიგერიაში, ინდონეზიაში და სხვა. მივხვდი, როგორ განვიცდიდი ინფორმაციის ნაკლებობას, რაც ჩემში სტერეოტიპებს აყალიბებდა. სწორედ აქ გავიაზრე ბოლომდე, თუ რა იყო კულტურის გლობალიზაცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის.
პირველი კვირა ჩინურის გაკვეთილებს დავუთმეთ, “ჩინურ მანდარინს“ პროექტის მენეჯერები გვიტარებდნენ. რამდენიმე სიტყვა გვასწავლეს ჩინურად, სწავლის პროცესი ძალიან სახალისო იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ერთად ვიმეორებდით რთულად წარმოსათქმელ ჩინურ ბგერებს, რასაც ყოველთვის სიცილი მოყვებოდა. ჩემი ჩინური ლექსიკონი, დიდი ძალისხმევის შედეგად დამახსოვრებული 3 ფრაზისგან შედგებოდა:
როგორ ხარ?- nǐ hǎo ma?
გილოცავ ახალ წელ- Xīnnián kuàilè
მადლობა, დავნაყრდი – xièxie, wǒ bǎo le
როცა საჭმელს გთავაზობენ, უარის თქმა იქ უკულტურობად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კერძების და ზოგადად ჭამის დიდი მოყვარული ვარ და საჭმელზე დაძალება ნამდვილად არ მჭირდება, ჩემდა გასაკვირად უკანასკნელი ფრაზის გამოყენება მაინც ყველაზე ხშირად დამჭირდა. ამიტომ, ჩინელები ჩემს გურულ ბებიას მაგონებდნენ, რაც არ უნდა ბევრი მეჭამა, მაინც ხვდებოდა ჩემს თეფშზე რვაფეხა, კიბორჩხალა, ბაყაყი, ლოკოკინა თუ სხვ. ჩინური სამზარეულო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონებაა, თავისი მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი კერძებით. ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება კერძი. სოუსების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, როგორც დორამ მითხრა, იმდენად მრავალფეროვანია, რომ როცა რესტორანში მიდის, ყოველ ჯერზე თვითონაც კი მისთვის უცხო სოუსს აგემოვნებს. რაც შეეხება საჭმელ ჩხირებს, ის ჩინური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ძირითადად გამოიყენება მყარი საჭმელებისთვის, ხოლო წვნიანი საჭმელებისთვის, ჩვეულებისამებრ, კოვზით სარგებლობენ. ძალიან მინდოდა ჩხირების გამოყენება კარგად მცოდნოდა და 2 კვირიანი წვალების შემდეგ გამომივიდა. ყველაზე მეტად ჰოთ-პოტი მომეწონა, სადაც ცხარე სოუსით მდუღარე წყალში მე თვითონ ვხარშავდი ბოსტნეულსა და ხორცს. არც „ჩინური ხინკლით” დავრჩენილვარ უკმაყოფილო.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მაჭანკლობის ტრადიციას საკმაოდ ღრმად აქვს გადგმული ფესვები. პარკში სეირნობისას, უამრავ ქოლგას გადავაწყდი ფურცლებით, ფურცლებზე ადამიანის მონაცემები იყო დატანილი, მაგალითად: ასაკი, სქესი, ოჯახის საქმიანობა, სურათები. პარკში მშობლები იყვნენ თავმოყრილი, რომლებიც ამ გზით თავიანთი შვილებისთვის მათვის მისაღებ ოჯახს ეძებდნენ.
ჩინეთში გარემოსთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პრობლემაა, კერძოდ ძალიან დაბინძურებულია ჰაერი, რის გამოც ფილტვის კიბოთი ავადობა მაღალია, ასევე სასმელი წყლის უსაფრთხოება არ არის დაცული. ვნახე წყლის გაწმენდის როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული მეთოდები. ვესტუმრეთ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იყო გარემოს პრობლემების შედეგად გამოწვეული მუტაციები. მოვინახულეთ ჩინეთის სოფელი, სადაც მთებიდან ჩამოედინება სასმელი წყალი, რომელიც მდიდარია მიკროელემენტ სელენით (Se), ამ დასახლებაში ხალხი 100 წელზე დიდ ხანს ცხოვრობს. ამ სასწაულს კი სასმელ წყალს უკავშირებენ.
ჩინური ახალი წელი უკვე ახალ მასპინძელ ოჯახში გავატარე, მათ ინგლისური არ იცოდნენ, თუმცა სხეულის ენას საკმაოდ კარგად ფლობდნენ და ასე გვესმოდა ერთმანეთის. მდიდარი ქალაქიდან 5 დღით ღარიბ პროვინციაში გამგზავრება და ცხოვრება მომიწია, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ 6 კვირაში ვნახე თანამედროვე კომუნიზმის ორივე მხარე. თავიდან ცოტა გამიჭირდა ქვასავით საწოლზე ძილი, არც ნახევრად ცივი წყლით შხაპის მიღება და ყინულივით ცივი ოთახი იყო მთლად სასიამოვნო , მაგრამ მოგზაურობის ხიბლიც ხომ სწორედ ამაშია, თან ოჯახმა იმდენად თბილად მიმიღო, რომ ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას უკმაყოფილო ვყოფილიყავი, უბრალოდ საკუთარი თავის შემრცხვებოდა. ადამიანი მაშინ ვითარდება, როცა საკუთარ თავს აჯობებს და ცხოვრებაში ახალ გამოწვევებს მიიღებს. ჩინური ახალი წელი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის, სურათზე ნახავთ საახალწლო მაგიდებს რომელიც ჩინეთში ყველა სახლის წინ დგას. ახალი წლის ღამეს ხილი და ტკბილეული გარეთ ღმერთისთვის გამოაქვთ, ამით ისინი მადლიერებას გამოხატავენ გასული წლისთვის და იმედოვნებენ, რომ წინ უკეთესი წელი ელით. აქ ასევე ტრადიციაა ყოველ ახალ წელს მთებში არსებული ჩინური სალოცავების მონახულება. ჩემს მასპინძელ ოჯახთან 10 კმ-იანი აღმართი დავლაშქრე, გზად კი ულამაზესი ადგილები ვნახე. თავიდან ცოტა გამიჭირდა, 1 კმ არ მქონდა გავლილი წუწუნი რომ დავიწყე, მერე ირგვლივ უამრავი მოხუცი დავინახე და დარჩენილი 9 კმ ხმა არ ამომიღია ფეხების ტკივილის მიუხედავად ჯიუტად ვაგრძელებდი სვლას, თან გზად ბოთლებს ვაგროვებდი ლამაზ მთებს ნაგავი არ უხდებოდა.
ბოლო 2 კვირა პროექტის ყველა მონაწილე ჩინურ სალოცავთან არსებულ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ეს იქ ყოფნის საუკეთესო 2 კვირა იყო. მე და ჩემი რუსი “roommate“ ანია დილით 5 სთ-ზე ვდგებოდით, რათა მედიტაციის პროცესსში მიგვეღო მონაწილეობა. მედიტაცია მაღალი ძალების მოხმობაა ჩვენში, გვარწმუნებს იმაში, რომ შეგვიძლია ვიყოთ კარგები, ღვთაებრივები, და სრულყოფილები. აქ მე და ანია ხანგრძლივ სიმშვიდეს ვპოულობდით რომელიც მთელი დღის მანძილზე მიგვყებოდა. ამ პერიოდში უკვე ჩინელ ბავშვებს სასწავლო ცენტრში ინგლისურის გაკვეთილებს ვუტარებდით. მართალია ჯანდაცვა და პედაგოგიკა ერთმანეთთან არც ისე ახლოსაა მაგრამ, მასწავლების როლში ყოფნა საინტერესო იყო, ეს ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად ბავშვები ძალიან მიყვარს და მათთან კომუნიკაცია ძალიან მსიამოვნებს. ბავშვები ყოველთვის ბუნებრივები და გულწრფელები არიან, რაც ყველა ჯანსაღი ურთიერთობისთვისაა აუცილებელი, სწორედ ამიტომ ბავშვებს ყველაზე მეტად ვენდობი. საღამოობით „ჩინურ ფართებს“ ვაწყობდით, სხვათაშორის ჩინელებსაც ძალიან ყვარებიათ დალევა როგორც ქართველებს. ნამდვილი “ჰანგოვერებიც” გამოვცადე.
პროექტი დასრულდა, მოხალისეებმა არც მეტი არც ნაკლები The University of Nottingham -ის სერთიფიკატები მივიღეთ. გამომშვიდობებისას იყო ბევრი ცრემლი, წერილები და დაპირებები, რომ ერთმანეთს ვესტუმრებოდით. ერთ-ერთ წერილში მალაიზიელი ბიჭი მადლობას მიხდიდა, რადგან უკვე იცოდა, რომ სადღაც არსებობდა ქვეყანა სახელწოდებით – საქართველო. გამგზავრებამდე კიდევ მქონდა 1 კვირა, რომელიც სპეციალურად მოვიტოვე სამოგზაუროდ. Facebookze ქართველი გოგო გავიცანი, ის ჩინეთის სხვა ქალაქში იღებდა აისეკის პროექტში მონაწილეობას. გამგზავრების თარიღები, თავისუფალი დრო და სურვილები დაგვემთხვა და ბოლო 1 კვირა შანხაიში ერთად გავატარეთ. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისას, როგორი პარტნიორი გყავს, არ ვიცი თვითონ რას ფიქრობს ჩემზე, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გამიმართლა და თამო ძალიან კომფორტული ადამიანი აღმოჩნდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ თან ქართული საუბარი მონატრებული გვქონდა და 7 დღე არც გავჩერებულვართ, დილას ყოველთვის სუშით ვიწყებდით, რომელიც ჩვენს სასტუმროსთან ახლოს იყიდებოდა. მოვინახულეთ, Bundi, Yuyuan Garden, Shanghai Tower, Zhongshan Park და სხვ. ყველაზე მეტი დრო Nanjing Road საშოპინგო ქუჩას დავუთმეთ. 14 თებერვალი ძალიან მაგარ კლუბში გავატარეთ, უფრო სწორად კლუბებში, სადაც სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი შოუები იმართებოდა. სასმელი უცხოელებისთვის უფასო იყო, ჩინური სტუმართმოყვარეობით იქ ყოფნისას ძალიან ბევრჯერ აღვფრთოვანდი.
კიდევ უამრავი რამის დაწერა მსურს ჩინურ კულტურაზე, Global village-ზე, გარემოს დაცვასთან მიძღვნილ კონფერენციებზე და მრგვალ მაგიდაზე, თუმცა არ მინდა მკითხველი გადავღალო ჩემი ემოციებით. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ამ ზღაპრულ ქვეყანაში აუცილებლად დავბრუნდები და „Bubble milk-tea”-სთან ერთად ისევ დავუყვები შანხაის ლამაზად მორთულ საშოპინგო ქუჩებსა თუ ბაღებს. უბრალოდ გვახსოვდეს, რომ ცხოვრება ადამიანებს უამრავ დიდებულ შანს გვთავაზობს, რომლებსაც სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიყენებთ და ჩვენი სიზარმაცის, გაუბედაობის თუ უბრალოდ კომპლექსების გამო თავს ვარიდებთ ახალ გამოწვევებს. ხშირად ცხოვრებას ვნებდებით და ერთფეროვან დინებას მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 21 წლის ვარ, ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ „დავნებებულვარ ცხოვრებას“ და სწორედ ამ პერიოდში არ მომწონდა საკუთარი თავი ყველაზე მეტად.
.
ამბობენ დანებება ყველაზე იოლი გამოსავალია და ბრძოლის გაგრძელება რთულიო, არადა სწორედ დანებებული ყოფნა არის ყველაზე უსიამოვნო და რთული. მანამ სანამ ჩვენ შორეულ მომავლის გეგმებს ვაწყობთ, ცხოვრება მიდის ჩვენს ირგვლივ, რომელიც უამრავი სასიამოვნო მოვლენით და ახალი გამოცდილებითაა დატვირთული. თუ გვსურს რომ მივიღოთ იმაზე უფრო მეტი გამოცდილება, ვიდრე გვაქვს, გავხდეთ შინაგანად იმაზე უფრო თავისუფლები, ვიდრე აქამდე, ვიყოთ უფრო მეტად სოციალურები და ტოლერანტები, მაშინ მოგზაურობა ამისთვის ნამდვილად დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს.