გაცოცხლებულ ქანდაკებაზე ისტორია გსმენიათ, ალბათ.
გაქვავებულ სიცოცხლეზე – არა.
მე ვნახე გაქვავებული სიცოცხლე, სილამაზე, რწმენა, უდრეკობა, თავდადება და სიყვარული; გაქვავებული ანგელოზები ჩამომტვრეული ფრთებით და ცრემლებით სახეზე, წვიმის წვეთი რომ შეიძლება გეგონოთ; სვეტებს შემოყოლებული გაზაფხული და თაღებში გამომჟღავნებული შემოდგომა. ადამიანების, სიცოცხლის, ფიქრების ფორმები.
მე არ ვიცი, ვის ჰქონდა ამდენი სითბო, რომ ქვებისთვის გადაეცა და ამდენ საუკუნეზე გადმოეწვდინა; ვერ ვხვდები, როგორ, რა სიყვარულით უნდა გამოეკვეთათ თითოეული ხვეული, ან სად ეყოთ ამოსუნთქვა და გულის სისხლი, რომ ამდენი ქვა გაეცოცხლებინათ.
ნეტავ როგორი იყო იმ ადამიანის თვალები, რომელთა მიღმაც ეს მოხაზულობები, ფორმები ირეოდა, სანამ იჯადოქრებდა და სხვებსაც დაანახებდა?! ნეტავ ეს მზერაც იმას ხედავდა, რასაც – ჩვენ, თუ ცას იყო სულ მიჩერებული და ჩვეულებრივმა ქვეყნიერებამ ვერ შეაღწია მის არსებაში, რომ არაამქვეყნიური ხილვები დაებინდა?!
არის რაღაც ლამაზი და არის რაღაც სხვანაირი. სახელიც რომ არ აქვს, რადგან აქაურ ცნებებში ვერ ჯდება. არის რაღაც, რასაც უყურებ და სულს ისე გიხუთავს, იმ ბურთს ვერაფრით გადაყლაპავ, უნდა ამოუშვა. თავის ტკივილამდე და სულის შეკვრამდე. თან გონება საერთოდ ვერ მიხვდება, რა ხდება, უბრალოდ უმოქმედოა, იყურება აქეთ-იქით და ხედავს ნახევრად ჩამოქცეულ ტაძარს. კი, ლამაზია, მაგრამ… და ამ „მაგრამ“-ის მერე უკვე ცნობიერი უძლურია. უბრალოდ იხრჩობი და იცი, რომ ასეც უნდა იყოს, რომ სხვანაირად მხოლოდ წიგნის ყდის თვალიერება გამოგივიდოდა და მერე რა, რომ ვერ იგებ?! მთავარია, გრძნობ, რომ ეს რაღაც დიდია. იმხელაა, რომ გონება ვერ ზიდავს. და არცაა საჭირო. უბრალოდ უნდა იდგე და დაიხრჩო.
გონება მხოლოდ სახელებს სწვდება. და იმას, რაც თვალისთვის ხილულია.
უყურებ მანათობელ იშხანს, მის ჩუქურთმებს და ზუსტად იცი, რას ფიქრობდა საბა, როცა მეფის მიწვევას ყურადღება არ მიაქცია და მშენებლობა გააგრძელა.
ხანძთისკენ მიდიხარ და წინ მიგიძღვის გამხდარი, პირხმელი, უხეშ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და გრძნობ, რომ ყველა სულიერი და ხე მის სუნთქვას ისმენს. ახლაც, საუკუნეების მერე.
ოთხთას თაღებს ასჩერებიხარ და ვერც კი აღიქვამ მის სიდიადეს. გამობრუნდები და ისევ უკან იხედები, რომ დარწმუნდე, იმხელაა, რამხელაც გახსოვს, თუ მოგეჩვენა.
ბანაში შედიხარ, გგონია, ეზოში ხარ. მერე და მერე ხვდები – ტაძრის კედელია ესეც, ისიც, ისიც და შენ რომ მრგვალ გადანაჭერზე დგახარ, სვეტყოფილია, ოდესღაც უზარმაზარ თაღებს რომ იჭერდა.
ნახულობ პატარა მამაწმინდას, მწვანეში ჩაფლულს, შედიხარ და თვალები არ გყოფნის ფრესკებისთვის, სიტყვები როგორღა გეყოფა?!
სოლომონ კალაზე მიღოღავ, ნაშალი უკან გწევს, არ გიშვებს, ვიწრო ასაძრომები და ციცაბოები ზუსტად ისაა, რაც უნდა გაიარო, რომ აქამდე ამოხვიდე და ის გიკვირს, სხვაგან როგორ მიდიხარ ადვილად, ყველგან ასე უნდა იყოს, ყველგან ოფლი, სუნთქვა და სისხლი უნდა გაიღო, რომ ნახო.
ამავეს ფიქრობ ენირაბათის ტაძრის ძებნისას. ღამე, ტყე და ქვანარევი ფოთლები, აღმართი და ამოვარდნილი სუნთქვა – ასე უნდა იპოვო სიბნელეში შემალული მოწყენილი ქვატაძარი, ხელის ცეცებით შეიგრძნო და ღიმილიღა მოახერხო.
მეჩეთადქცეულ ხახულს უყურებ და უნებურად გეფიქრება: „დედა! ინახულე შენ წმინდა ხახული! წადი ფეხშიშველი, ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე“… ახლაც ფეხშიშველები შევდივართ შიგნით. სხვა მიზეზით.
და ოშკი.
ოშკზე ვერაფერს ვამბობ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი გუმბათი აქვს, რამხელაა, როგორი ჩუქურთმები და თაღები აქვს. არაფერს აქვს მნიშვნელობა.
ოშკი არ მალაპარაკებს. ვერ.
არტანუჯის ციხე-ქალაქს მზერას ძლივს აწვდენ, განახევრებულ ტბეთს და გზაშუაგაყვანილ ოპიზას თვალს ვერ უსწორებ და ფერმკრთალდება ნანახი ამწვანებული სოფლები, ულამაზესი ჩანჩქერები და განრისხებული ჩილდირის ტბა ჰაერში გამოკიდებული თოლიებით, ბნელში გავლილი ჯოჯოხეთის კანიონი, დიდებული ანისი სივრცეს მოდებული ტაძრებით და ნაქალაქარით, ნაბრძოლი, დაღარული კედლებით, აბრეშუმის გზა, ძალაუნებურად რომ გაჩვენებს ყველა ქარავანს, რასაც ზედ გაუვლია. ურარტუული წარწერაც კი უკან იხევს, როცა ასომთავრულს ეძებ ოთხთას კუთხეში, ტოტებმიფარებულს, მიმალულს; როცა ჭინჭრებში ჩუმად დანთებულ სანთელს ხედავ და პაწია ქვაზე გაღვივებული ნაკვერჩხლიდან საკმევლის სუნს გრძნობ. არ აქვს მნიშვნელობა, რისი გწამს, ეს გრძნობები ისეთი ცხადია, ისეთი ხელშესახები, ადამიანებად აღიქვამ, იმათსავით, კუთხეში რომ მიიმალნენ სალოცავად და ხმადაბლა რომ გალობენ, ან იმათსავით, ხმამაღლა რომ შლიან სამ ხმას მიტოვებულ ნატაძრალში.
და თითქმის წარმოუდგენელია, რომ სადღაც, პარალელურ სამყაროში, ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ერთმანეთზე დალაგებული ქვებია, ან – მზით გადახრუკული მიწის ნაგლეჯი.
ჩამოვედი და ჩამოვიტანე ნაჩუქურთმალი თითები, იქაური ქართველების მოწოდებული ბლის გემო და ხანძთის წყლის სიგრილე, ფანჯრიდან დანახული მოზაიკა და ჭუჭრუტანიდან მოპარული კადრები.
მეკითხებიან, მომეწონა თუ არა იქაურობა.
როგორ გითხრათ.
ჰო.