მოგზაურობა, როგორც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

  • Home
  • ბლოგები
  • მოგზაურობა, როგორც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

ყველა ადამიანს გააჩნია ცხოვრების მიზანი, რომლის მისაღწევადაც იბრძვის, არ იშურებს ენერგიას და უმკლავდება სირთულეებს. სწორედ ასე, ჩემი ცხოვრების მიზანი გახლავთ მოგზაურობა.  დედამიწა მზის სისტემის რიგით მესამე პლანეტაა, სადაც არსებობს სიცოცხლე და ამ სიცოცხლესთან ერთად უამრავი ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ალამაზებს. საკუთარი ქვეყანა ალბათ ყველას უყვარს, ადამიანები სწორედ საკუთარი ქვეყნის აღმატებული კონტექსტიდან გამომდინარე აფასებენ სხვა ქვეყნებს და სწორედ ასე ახდენენ მათ კლასიფიკაციას,  თუმცა, “ოკეანის მიღმა შენს ქვეყანაზე უფრო მეტს იგებ, ვიდრე იმ ქვეყანაზე, სადაც მოგზაურობ”. ზოგიერთს  შვედური მშვიდი ცხოვრება მოსწონს, ზოგს კი სიცოცხლით აღსავსე, როგორც ამერიკულია. ახლა მინდა ჩემს სამშობლოზე გესაუბროთ, რომელსაც საქართველო ჰქვია, სადაც კულტურა ყველანაირ შესაძლებლობას გაძლევს, იმისათვის, რომ იყო ბედნიერი.  სიტყვა “საქართველო” და ალბათ ყველა ტურისტის თვალში მაღალი მთები, ლამაზი ბუნება და სიმწვანე ჩნდება. რთულია ამ ცხოვრებიდან წასვლა, ისე რომ არ ნახო შატილი, კაცხი, ვარძია, გრემი, უშგული, მცხეთა,ყაზბეგი, რაჭა, ბათუმი, თუშეთი…

ჩემი აზრით, უცხო ქვეყნების დათვალიერება მაშინ უნდა დაიწყო, როცა საკუთარ ქვეყანაში ყველაფერი ნანახი გექნება. სწორედ ეს წარმოადგენს ჩემი გეგმის ერთ-ერთ ნაწილს. მე არ მაინტერესებს ალპები, თუ ნამყოფი არ ვარ კავკასიონზე. არ მაინტერეებს ხმელთაშუა ზღვა, თუ არ მინახავს შავი ზღვა. მოგზაურობა ადამიანის  ცხოვრებას აძლევს აზრს. მოგზაურობა ადამიანისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სიყვარული, მეგობრები, ოჯახი და განათლება. “მოგზაურობა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფულის ხარჯვით მდიდრდები: ცხოვრება გარდასული დღეები კი არ არის, არამედ ის დღეებია, რომლებიც დაგამახსოვრდა”. ჯერ კიდევ 15-ე საუკუნეში დაინტერესდნენ დედამიწის სხვადასხვა ადგილებით. ვინ აღმოაჩენდა ამერიკას, რომ არა ქრისტეფორე კოლუმბი, ვინ მიაღწევდა ჩინეთამდე, რომ არა მარკო პოლო? ვინ აითვისებდა ახალ მიწებს, რომ არა მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები? იცხოვრო ერთ ქვეყანაში ,იგივეა რაც გამოიკეტო ერთ ოთახში, არ გაინტერესებდეს რა ხდება გარეთ და  ვერ ხედავდე სინათლეს. ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ხიბლი, საიდუმლო, რომელიც უნდა ამოხსნა და ამით იამაყო. ადამიანი მუდამ ისწრაფვის რაღაც ახლისკენ, რაღაც კარგისკენ, რაც მის ცხოვრებას ცვლის. ჩვენ თავგადასავლების მაძიებელი არსებები ვართ და არ შეგვიძლია ერთ ადგილზე ყოფნა, ან როგორ უნდა შეგვეძლოს,როცა ეს სამყარო სავსეა ენთუზიაზმით, საინტერესო ფრაგმენტებით, იმ სილამაზით, რომელიც ადამიანს აბედნიერებს და ცხოვრების ხალისს უბრუნებს. მართლაც მოგზაურობა წიგნს ჰგავს, თუ არსად მოგზაურობ, წიგნის მხოლოდ ერთ გვერდს კითხულობ და შესაბამისად ვერ იგებ მის შინაარსს.
ჩვენი პატარა სამყარო არის დროებითი სამოთხე,  ჩვენ კი ცნობისმოყვარენი ვართ, ვიღებთ ჩემოდნებს და ზოგჯერ არც კი ვიცით სად მივდივართ, მთავარია მივდივართ და ჩვენს ცხოვრებას ახალი თავგადასავლებისთვის ვამზადებთ, დღეებისთვის, რომლებიც ჩვენი გონებიდან არასოდეს ამოიშლება და როდესაც უკვე საკმარისი ენერგია აღარ გვექნება სამოგზაუროდ, ჩვენ დავსხდებით და გავიხსენებთ თითოეულ წამს, თითოეულ სიამოვნებას, რომელიც მოგზაურობა მოგვანიჭა, მაშინ კი ვიტყვით, რომ ჩვენს წლებს ფუჭად არ ჩაუვლია. ყველა უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან  ერთად იყო ერთი რამ, ყველაზე  ღირებული და დასამახსოვრებელი, რასაც ადამიანის ცხოვრებაში მოგზაურობა ჰქვია.