ტრანსპორტიდან ყველაზე მისტიკური ჩემთვის მაინც მატარებელია, თუმცა თვითმფრინავებსა და გემებსაც აშკარად აქვთ ,,რაღაც“. თვითმფრინავებზე ფიქრისას განსაკუთრებით მხიბლავს ფაქტი, რომ დროს ვიპარავ. ქვეყნებს შორის საათობრივი სხვაობა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს (რა თქმა უნდა, გააჩნია, რომელ სარტყელში გადაინაცვლებ) და ჩემი ფორმულაც მზადაა: იმისთვის, რომ არ დაბერდე-ბევრი უნდა იფრინო.
ამ შესავალს ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდები, იქამდე კი ცოტათი გავხსნი ამბავს:
მილანიდან, წესით, ლისაბონში გადამფრენებს უამინდობის გამო ლისაბონის მაგივრად ფაროში, პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მოგვიწია დაჯდომა. შანსი გამოვიყენეთ, ულამაზესი ადგილი დავათვალიერეთ, რამდენადაც მოვასწარით და ლისაბონისკენ ავტობუსით გამოგვიშვეს.
პორტუგალიაში ორი გასაჩერებელი წერტილი გვქონდა: ლისაბონი და პორტო. ღამის ლისაბონი გულში სალონიკს შევადარე და ეგრევე შევწყვიტე ფიქრი, არ მიწყინოს ლისაბონმა-მეთქი. დილით ყველაფერი შეიცვალა: ცისფერზე ცისფერი ცა, წყალი, ღია-ღია ფერის შენობები, ჩამოქნილფეხება ქალები, ძალიან მოხდენილი კაცები და რაც მთავარია-მთელ ქალაქში დაგებული მომეტლახო გზები, ფეხქვეშ რომ არაჩვეულებრივ შეგრძნებას იწვევს.
სულ სრიალ-სრიალით შემოვლილი ლისაბონის შემდეგ, იქაური ნამცხვრის, პასტელ დე ნატას სურნელით გაჟღენთილები პორტოსკენ გავეშურეთ მატარებლით. გზაში სასაჩუქრე მაღაზიის გამყიდველის მიერ ნაჩუქარი თეთრი ღვინო დავლიეთ და როგორც კი პორტოს მუქ ქუჩაზე დავდგი ფეხი, მაშინვე ვიგრძენი, როგორი მისტიკით იყო გაჟღენთილი იქაურობა და ვინანე, პორტოსთვის მეტი დრო არ გვქონდა გამონახული.
ლისაბონი, თითქოს, ისეთი ქალაქია, ლამაზი ქალივით: იცის, რომ ლამაზია და სტუმრების შესახვედრად განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება ხოლმე-საკმარისია, აივანზე გადმოდგეს და ხალხი უკვე აღფრთოვანებულია. პორტო ნაკლებად ლამაზი, მაგრად გაცილებით ეშხიანი ქალივითაა-ყველა ხერხს რომ მიმართავს შენს მოსახიბლად. მოკლედ, ლისაბონში თუ დავსრიალებდი, პორტოს ქუჩებში დავფირავდი-ალქაჯივით. ყველაფერი მავსებდა, მთელი ეს სიმუქე, სიბნელე, ფართო და დამრეცი ქუჩები,თავის დაკარგვას რომ ჰგავდა, სანაპიროსპირა კაფეები, ვიწრო, ვიწრო ქუჩები. მოგვიანებით, როცა პორტუგალიიდან ესპანეთში გადავინაცვლეთ, მივხვდი, რომ პორტოს მონათესავე ქალაქი ჟირონაა, თუმცა ის სულ სხვა ამბავია.
პორტოში, სანაპიროს ერთ-ერთ კაფეში ფეხბურთის მატჩის თანხლებით მივირთვით უგემრიელესი ზღვის პროდუქტები. პორტუგალიის 2 ქალაქი თამაშობდა იმ მატჩს, ჩვენ, რა თქმა უნდა, პორტოს მხარეს ვიყავით და რა თქმა უნდა, პორტომ მოიგო.
რაც უფრო მეტს დავდიოდი, უფრო ღრმად ვრწმუნებოდი იმაში, რომ აუცილებლად დავბრუნდები პორტოში.
წინ ესპანეთის გზა გველოდა, ამიტომ აეროპორტისკენ გავეშურეთ. გზაში, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე კატას მივაგენით. დემონსტრაციულად იჯდა ერთიანად გამართული, მოჭიმული და უძრავი. მხოლოდ თვალებს ნაბავდა დროდადრო, ძილისპირულში იყო, მგონი, თუ, რა თქმა უნდა, პორტუგალიელი კატები ღამ-ღამობით მოსაწევს არ ეტანებიან. მაშინვე დავიჭირე ამ კატის განსაკუთრებულობა და ჩამოვუჯექი. ხალხი ადი-ჩადიოდა, ყველას ეღიმებოდა მის მიბნედილ
მზერაზე. უცებ კატამ აუღელვებლად შემომხედა და მოკლე ხანში ისევე, როგორც ყველა კატა, გაიქცა ჩემგან და ჩემს მეგობრებს მიუცუცქდა. ეთამაშებოდა, ფეხებში ებლანდებოდა. საკმაო ხანი გავჩერდით მასთან, გვიგვიანდებოდა უკვე . მე კიდევ ვგრძნობდი, რომ ისე არ უნდა წავსულიყავი იქიდან, კატა რომ არ შემხებოდა. შუა ქუჩაში, ყველას თვალწინ მახვეწნინა, შემეხე-მეთქი. იდგა და მიყურებდა. დიდხანს, დიდხანს მიყურა. მერე, ,,ჰო, კაი, ჯანდაბას შენი თავი“ სახით გამოემართა, ტანი გამიხახუნა ფეხზე და გაიქცა. მე, რა თქმა უნდა, უბედნიერესი გავეშურე აეროპორტისკენ.
რადგან პორტო პატარა ქალაქია, არ მქონდა განსაკუთრებული აეროპორტის მოლოდინი, თუმცა ძალიან შევმცდარვარ. შესვლისთანავე იგრძნობოდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა: სამარისებული სიჩუმე, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ავედით ჩვენს სართულზე. იქაც არავინ. ფრენამდე 4-5 საათი იყო დარჩენილი. როგორც იქნა, დავინახეთ კაფეს სკამებზე მიწოლილ-მიძინებული ხალხი და ცოტა დავმშვიდდით. დაბალი განათება და სასიამოვნოდ მოსასმენი კლასიკა იდეალურ გარემოს ქმნიდა დასასვენებლად. ერთ სკამზე მოვთავსდით ჩვენც, დასასვენებლად ვემზადებოდით, რომ ერთ-ერთმა თქვა, წავალ, საათს გავასწორებო. წავიდა და აღარ მოდის.
როგორც იქნა, დაბრუნდა აბსოლუტურად ფერწასული და გვეუბნება, ვერც წარმოიდგენთ, რა მოხდა, ყველა საათი ქაოტურად ტრიალებსო. გავგიჟდიო. მერე შორს დამლაგაბელს მოვკარი თვალი, მივირბინე იმასთან, რომ რამე გამერკვია და იმან ეგრევე მითხრა, საათი ნახე ხოო. უბრალოდ, პერიოდულად, მსოფლიოს ქვეყნები თანხმდებიან ერთ კონკრეტულ დროზე და მსოფლიო საათი წინ ან უკან იწევს ხოლმე და დღეს სწორედ ეგ ღამეაო. 2 წამი გაკვირვებულები ვუყურებდით-ასეთი რა გადაიღალაო, მაგრამ მერე გვითხრა, თუ არ გჯერათ, წამოდით დროზეო. ეგრევე გავყევი. მივირბინეთ და მხვდება კადრი: მაღალ კედელზე ჰკიდია რამდენიმე დიდი საათი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროებს აჩვენებს. ყველა საათის ისარი მართლაც ქაოტურად ტრიალებდა. არ ვიცი, მოყოლილი როგორ ჟღერს, მაგრამ იქ დგომა იყო საოცარი-საათი,
ნივთი, რომელიც განგვისაზღვრავს ცხოვრებაში უმთავრესს-დროს, აბსოლუტურად არეული იყო და ვერ ხვდებოდი, სად მიდიდოდა ის 1 საათით უკან გადაწეული დრო. მორბენალი ისრების ყურებისას ყველაფრით ვგრძნობდი, რომ ქვეყნებს შორის კი არა, ახლა უკვე დროში ვმოგზაურობდი და პორტომ თავისთან ყოფნის 1 ზედმეტი საათი მაჩუქა კიდევ.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არ დავბრუნდე პორტოში. სულ მცირე, მადლობის ნიშნად მაინც.