აბრეშუმის გზის მარგალიტი

ზემო აჭარამდე საკმაოდ გრძელი გზაა.გზის ხვეულებმა  ზღვის დონიდან 2220   მეტრამდე უნდა აგვაფრინოს.ღრუბლებთან უფრო ახლოს უნდა მიგვიყვანოს,ბუნების წარუშლელი სურათები უნდა გვაჩვენოს და ძარღვებდაბერილი გრძნობით ცეკვა-სიმღერის სიდიადე უნდა გაგვაცნოს. მიზანი ნათელია ერთი დღით  ნამდვილი აჭარლების  ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ!

ამინდი ხშირად ცუდი იცის,მუდმივი ზამთარია  და თითქოს წელიწადის ყველა დრო მას გასდევს..

ზამთარგაზაფხულაშემოდგომებულია ზემო აჭარა! გასაკვირი არცაა,რომ ცხოვრების პირობები საკმაოდ რთულია.

თითქოს ჯერ კიდევ XX  საუკუნეა ხის სახლებით,პატარა ბუხრებით,ბევრი  საქონლით,გაყინული ცივი წყლით,გუთანში შებმული ხარებით,ყაისნაღით ნაქსოვი სქელი წინდებით,ნაქარგი ფარდაგებით,საჩეჩით,მატყლითადა საბავშვო ხის  ხელნაკეთი სათამაშოებით გვეგებება აჭარა.

დიდი ოჯახის პატარა ოთახში მომიჩინეს ადგილი, ოჯახში რომელმაც    ყველაზე კარგად იცის ამ მხარეში მოსული სტუმრის სიყვარული.

ცხრა შვილი,ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი –  სწორედ ეს არის აჭარის მთების სიმდიდრე!

დილა შვიდ საათზე დაიწყო.სახლის პირველი სართულიდან ოჯახის დიასახლისმა საქონელი გარეკა. მე ყავა მომიმზადა და აივანზე მოსასვენებელი ადგილი გამომიყო. ცხრა საათი ისე გახდა არც შემიმჩნევია.საოცარმა სილამაზემ გამიტაცა,ახლა აღარ მიკვირს რატომ უძღვნიდნენ დიდებული აჭარის სილამაზეს ლექსებს.

ტაძრის ზარების ხმამ გამომაფხიზლა.უცებ წამივხტი,დავიბენი,ავფორიაქდი, კითხვაც კი ვერ გავბედე.  ოჯახის უფროსმა ალბათ შეამჩნია ჩემი დაბნეულობის მიზეზი, შემომხედა და მითხრა: ,, ჩვენთან,ხულოში ყოველი დღე ასე იწყება. ტაძრის ზარების რეკვით! ‘’

თბილი,გულწრფელი,ზღისფერი თვალები მომაპყრო და გამიღიმა…

გავშრი,შემრცხვა,დავმუნჯდი,ჩემ თავზე გავბრაზდი რომ ზარების რეკვის ხმამ გამაკვირვა. არ ველოდი და ალბათ იმიტომ!  რამდენიმე საათში მოლის ხმაც გაისმა. მამაკაცები მეჩეთისკენ წავიდნენ. მე ჩემს ტაძარს გავყურებდი.ვხვდებოდი რა დიდებულად იდგა მწვანედ აბიბინებული ბუნების შუაში, სხალთისწყლის ხეობაში,მდინარის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდის მოვაკებულ ტერასაზე აგებული სხალთის ტაძარი.

რა სისხლი, რა ცრემლი და რა ტანჯვა  დასჭირდა მის მყარად დგომას!! რამდენი ადამიანუს თავგანწირვა და რამდენი გმირობა დასჭირდა რომ მე დღეს აქ ვმდგარიყავი აჭარლების ოჯახის სტუმარი და ჩემი  დიდებული ტაძარსათვის მეცქირა !!

19 აგვისტოა ფერიცვალების დღე..ჩემთვის უდიდესი დღესასწაული..თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთერთი ! გარშემომყოფებიც რაღაცას ზეიმობენ. არ მიკითხავს, ჩავთვალე რომ ისინიც ჩემსავით ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ.გამიკვირდა მაგრამ კითხვის დასმა მომერიდა. ციტა ხნის შემდეგ ოჯახის უფროსმა ამიხსნა, რომ მუსულმანების ყველაზე დიდი დღესასწაული  რამადან-ბაირამის დღესასწაული იყო და თან ფერიცვალება მომილოცა. მეც მივულოცე ,,ბაირამ უბარექულა! ” ამ წამის შემდეგ ვინც კი მხვდებოდა სოფელში მე ბაირამს ვულოცავდი ისინი ფერიცვალებას. ამაზე  დიდი სასწაული არსებობს რამე?

ეს არის პასუხი კაცობრიობის ისტორიისა.საუკუნოვანი ომის პასუხი ხალხისგან. ჰუმანურობის უმაღლესი მწვერვალი,ადამიანურიბის პატივისცემისა და ურთიერთობის ზეიმი.და მე მივხვდი რომ ამ მოგზაურობამ მასწავლა სიყვარული ! სიყვარული შენგან განსხვავებულის!

მოგზაურობის ხიბლიც ხომ ეს არის ! შეხედულებები  გადააფასო  და აღმოჩნდე ისეთ გარემოში სადაც სიკეთე სუფევს, სადაც ნაკლებად არის შური, ბოღმა, შუღლი და დაპირისპირება !

გათურქებულაო,გაჩადრებულაო გამუსულმანებულაო ასე იტყვაინ ხოლმე დიდებულ აჭარაზე.. რა ისტორია აქვსო..რისთვის გაუძლიაო? რა შეუნარჩუნებიაო? გამეცინება ხოლმე და მხოლოდ  ერთი ფრაზა მიტრიალებს თავში ,,300 წელი, 300 წელი” მათ რა იციან წინაპრების დაკოჟრილი ხელეფის ფასი.. გათათრებულს რომ უწოდებენ მათ ნაჯაფ მიწას. ამ დიდებულ ადგილზე სადაც სწამთ და პატივს სცემენ ადამიანურ ურთიერთობებს. უყვართ ერთმანეთი და ტოლერანტობის უმაღლესი მწვერვალია.

აჭარულ შაირებს აქ სულ სხვანაირად მღერიან..

“ციცავ აქეთ შემეიხედე შენკენ მორბის ცალი თვალი რაცხა გულში გიმიღვიძე სიყვარულის ნაპერწკალი” ,,ნენი მალე გამათხუე რას მიხდები სელმადა “ “ჰოინანიდა ნანაო ახლა უნდა ვისაამო ძველი ჯაყდანანო”

 

აჭარული ცეკვის მოძრაობებიც მათნაირია :  ლაღი,მხიარული, ბავშვური,ხალისიანი და გულღია. თითქოს ეს მოძრაობები აქ მცხოვრები ადამიანების სულს გამოხატავს.მათ სწრაფვას ურთიერთობებისაკენ.მათ გულწრფელ თვალებს და დაკოჟრილ  თითებს.. მზის ამოსვლიდან რომ იწყებენ ფუსფუსს ოჯახისათვის.

არ ვიცი ჩემსავით ვინმეს თუ უჩქროლდება გული დოლის აჭარულ რიტმებზე.. ჩემსავით თუ დაუვლის ტანში სიამაყისა და ბედნიერების ჟრუანტელი მუსიკიც ჰანგების მოსმენისას..

ურთიერთობები ხუნდებაო ამბობენ.. გრძნობები იცრიცებაო გამიგია უფროსებისგან.. შეხედულებები იცვლებაო…ოცდამეერთე საუკუნე ყველაფერს აფერმკრთალებსო.  დრო არავის ინდობსო.. ადამიანი ადამიანისთვის  მგელი  გახდაო და მსგავსი ათასობით ფრაზა რომლის დაჯერებაც არ მინდა… არ მინდა იმიტომ რომ ვიცი..ვგრძნობ რომ  ურთიერთობებზე ძვირფასი არაფერია.. სიყვარულსა და  ემოციებს კი ვერაფერი მიჩრდილავს. ვგრძნობ,ვხედავ,ვფიქრობ, მესმის, ვხდები და  მიხარია..  იქ აჭარის მთებს მიღმა ბევრი სითბო და სიყვარული დავტოვე! ურთიერთობა დავტოვე რომელმაც იმედი მომცა იმისა,რომ ჩვენ შევძლებთ წარსულის გაფერადებას აწმყოს გალამაზებას და მომავლის შექმნას!

 

Tags: