ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები მუზეუმ-ნაკრძალებში

  • Home
  • მთავარი
  • ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები მუზეუმ-ნაკრძალებში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს. ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვირტუალური სტენდის ადაპტირებულ მოწყობასაც, რაც მისი შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უწყებრივი გაერთიანების ქვეშ შემავალი მუზეუმ ნაკრძალებიდან ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი პირველად უფლისციხის კომპლექსზე ადაპტირდა, სადაც მისი პირველი მომხმარებლები გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები გახდნენ. 

უფლისციხის კომპლექსზე მოწყობილი Vrex box -ის ვირტუალური სტენდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის სფერული ვიდეოგადაღების მეთოდით ინსტალირებულ 3D ფორმატის გამოსახულებასთან ერთად, მასში ინტეგრირებულ აუდიო გიდის მრავალენოვან სერვისსაც მოიცავს. ვირტუალური რეალობის პრეზენტაციის გამშვები სპეციალური აპლიკაცია, მზერის დაყოვნების საშუალებით, ინტერაქტიულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სფერულ ვიდეო მასალაში მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას და გრაფიკული ეფექტებით გაფორმებული ინფორმაციის ჩვენებას. 

მაღალი წარმადობის ვირტუალური რეალობის სტენდებით უახლოეს მომავალში ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსიც აღიჭურვება. ასევე მოკლე დროში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის, ანაგოგიური ტექნიკური დანადგარი ადაპტირდება რ. თაბუკაშვილის ქუჩაძე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისიც. სამომავლოდ კი ვირტუალური რეალობის სტენდებით სააგენტოს ყველა მუზეუმ-ნაკრძალი აღიჭურვება, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

Tags: