ირანში რა მინდოდა? რა ვიცი, მინდოდა და წავედი…

  • Home
  • ბლოგები
  • ირანში რა მინდოდა? რა ვიცი, მინდოდა და წავედი…

„აბა ირანში რა გინდა ასე მაწანწალასავით, გამაგებინე?!“

რა ვიცი, მინდოდა და წავედი.

მე და ჩემი ორი მეგობარი ავტოსტოპით დავადექით გზას. 8 იანვარი იყო სადახლოდან რომ გავედით სომხეთში და პირველად დავდგი ფეხი უცხო მიწაზე.

პირველად ვსტოპავ, თანაც საზღვრებს გარეთ გავდივარ და ბედნიერებისგან გაოგნებული ვათვალიერებ ყველაფერს, საინტერესოსაც და უინტერესოსაც.

სომხეთში სევანი ვნახეთ, ერთი ღამეც გზისპირა ჰოსტელში გავათენეთ და მეორე საღამოს ირანში შევგრიალდით დიდი ტრაილერით, რომელსაც ჩვენი ძმა სამეთი მართავდა – კი, ძმაა; გზაში დავძმობილდით!

ირანი შეგვეგება წითელ-მწვანე ფერებში აჭრელებულ-აციმციმებული: ისლამური რევოლუციის წლისთავს დავამთხვიეთ იქ ჩასვლა. ხო და ქუჩებში ვხედავდით შავი ჩადრებთ შემოსილ მსვლელობებს, დიდ პლაკატებზე ამაყი აიათოლების გამომეტყველებებს, შავ დროშებს ხიდებზე… რიარია და ზიმზიმი იყო ყველგან. ჰაერში ცოტა დაძაბულობაც…

ტაბრიზი იყო პირველი ქალაქი: ავიარ-ჩავიარეთ ცნობილ ბაზარში, ათას წელზე მეტი ხნის რომაა; მერე ლურჯი მეჩეთიც ვნახეთ, რომელსაც სილურჯის არაფერი სცხია მაგრამ იუნესკო მაინც იცავს; იშვიათი მოზაიკებით დამშვენებული ჯამეს მეჩეთიც ვნახეთ; მის აღმატებულება ირანულ ქაბაბსაც  პირველად ტაბრიზში გეახელით (ისე, ჩვენი სჯობს).

 

 

 

ძმას დავემშვიდობეთ და თეირანისკენ დავადექით გზატკეცილს. შუაღაემეს ჩავედით, couchsurfing-ზე ნაპოვნ მასპინძელთან გავათენეთ ღამე და დილით გოლესტანის სასახლეს მივაშურეთ. მოვიარეთ გაბრწყინებული და ციმციმა სარკეებიანი დარბაზები, აკრძალვების მიუხედავად ფოტოების გადაღება მაინც მოვახერხეთ (you’re welcome :p ), დავატკბეთ თვალი სპარსეთის იმპერიის ბრჭყვალა ნაშთებით.

თეირანში ყოფნა ჩვენნაირი „მაწანწალებსთვის“ ცოტა ძვირი გვეჩვენა, ისედაც, სპარსეთის ყურისკენ მიგვეჩქარებოდა, ამიტომ შუადღეს მოვიგდეთ ჩანთები და სამხრეთისკენ დავადექით გზას.

ისპაჰანი… ჩვენმა პირველმა მძღოლმა თავისთან მიგვიპატჟა და ჩვენც ხვეწნა არ დაგვჭირვებია. მეორე დილით აბა საით წავიდოდით თუ არა ალავერდი ხანის ხიდზე. გავიარეთ, გამოვიარეთ, მერე კიდე გადავიარეთ ეს ხიდი. ჩვენს მძღოლს და მასპინძელს ვეუბნებით ეს ქართველის აშენებულიათქო. ისიც იკრიჭება და თავს აქნევს, ინგლისურის გაგნებაში არაა, ჩაშტერებია googl translate-ს და ცდილობს რაღაცნარად ვერბალური კომუნიკაცია დაამყაროს.

თავისებური შეგრძნებაა ამ ხიდზე დგომა. დროში იმზირები… ქალაქის 12 ხდიდან ერთერთია, ყველაზე გრძელი, საფავიდური ხანის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ეგზემპლარია… ქართველმა ააშენა. თითქოს რაღაც მესიჯის გაგზავნას ცდილობ ამ ყველაფერზე ფიქრით… მაგრამ წასვლის დროა და ფიქრსაც ვწყვეტ.

ამ ხიდზე ირაკლი გუჯაბძეს შევხვდით, ჩვენებურ მოგზაურს და ყველანი ერთად იმამის მოედანზე გავედით. Naqsh-e Jahan -სამყაროს თარგი, უზარმაზარი კომპლექსია, რამდენიმე მეჩეთს და მოედანს აერთიანებს. თბილა, სამხრეთული პრიალა მზე პიკზეა, ხალხი გაზონებზეა წამომსხდარი – პიკნიკებზე უსაზღვროდ შეყვარებული ირანელები კარგ ამინდში ასე ატარებენ დღეს.

საღამოს ირაკლის და აწ უკვე ჩვენი მეგობრები გავიცანით, სარა და მაქსი,  ჩაი დავლიეთ ერთ ღია კაფეში, რომელსაც ირაკლიმ ისპაჰანის კანუდოსი უწოდა. მერე couchsrufing-ის ჰოსთმაც მოგვაკითხა და წავედით შინ, ალისთან. ჩილიმი დავანთეთ და ჩავიძირეთ ინტერ-კონტინენტულ საუბრებში მეორე დილამდე.

სულ ვერ ვგრძნობ, რომ სხვაგან ვარ, ირანში ვარ 😀 აზრზე ხარ?! „მაინც რა გინდა ირანში?“

მეორე ღამით ხაჯუს ხიდზე გავედით. საღამოობით აქ ადგილობრივები მოდიან, მცირე მცირე ჯგუფებად მოეწყობიან და მღერიან… ამინდზე, მდინარეებზე, ბუნებაზე, სიყვარულზე და მარტოობაზე, თავისუფლებაზე… ამ საზოგადოებრივ შეკრებებს პოლიცია ერჩის. იციან ალბათ, უბრალო გართობაზე მეტი მუხტი რომ ტრიალებს ხაჯუს ხიდზე. ჩვენც ჩამოვდექით და სიმღერის რა მოგახსენოთ, მაგრამ კარგა ბლომად ვისმინეთ. მერე ერთერთმა მომღერალმა ინგლისური სიმღერა შეასრულა ჩვენთვის სპეციალურად.

ჩავიძირეთ ღამის წარმოდგენებში, საუცხოობაში, სიახლეში, ბედნიერებაში და კიდევ რაღაც ნეიტრალურ გრძნობებში, რომელსაც ალბათ მარტო მოგზაურობის დროს რომ გრძნობ ადამიანი.

 

ისფაჰანში ბევრი ძველი ქარველი ცხოვრობს, ფერეიდნიდან ჩამოსულები. ალის მეგობარი ჰყავს,იქაური დავითაშვილი. ხოდა ქართველები ჩამოსულანო, მიგვიწვიეს ოჯახში. გურჯების სანახავად შეიკრიბა მთელი ოჯახი: დები და ძმები, ცოლებით და ქმრებით, ბიძაშვილებით და იმათი შვილებით.

-„ვგავართ გურჯებს?“

-„ბავშვები გვანან გურჯებს?“

-„ჩვენ თუ ვახსოვვართ საქართველოში?“

ისევ ჩავიძირეთ. ახლა უკვე სევდიან სიხარუშლი, სენტიმენტებში, უცნაურ გრძნობებში, არც ვიცი რა დავარქვა. სადღაც იგრძნობა რომ ეს ხალხი გენატრებოდა, არა და რა სისულელეა, პირველად ვხედავთ. გეყოფა ეს სენტიმენტალურობა!  გაიხედე, რაღაცას გეკითხება უფროსი დავითაშვილი!

მესამე დღეს წამოვედით ისპაჰანიდან და შირაზისკენ გავეშურეთ. სამხრეთული ლანდშაფტები, გაუდაბნოებული, ყვითელ-ყავისფერი მიწა, შორს, ძალიან შორს თოვლიანი მწვერვალები, გრილი გრილი ქარი – ეგზოტიკაა, აბა რა არის! 🙂 ესეც ჩვენი თან ახლო და თან აღმოსავლეთი…

შირაზში გვიან ჩავედით და couch-ზე შეპირებული ჰოსთის მისამართი მივაწოდეთ ტაქსის მძღოლს. რას რას და ირანულ ანდერგრაუნდში მოხვდრას არც ვგეგმავდით დ არც ველოდით. აგვაჩაქაჩაქა ტაქსიმ სადღაც მიკარგულ ალაგში, ბნელ და დამტვრეულ ქუჩებში სინათლე ალაგ-ალაგ მოჩანს, გზა კიდე მიდის მაღლა და მაღლა, მისამართებიც აღარაა, თაღები და სიბნელე. მეტი არაფერი. მძღოლმა ჩამოგვსვა და ველით პატრონს. სიბნელიდან ლანდი გამოცუნცულდა და შეგვიძღვა ისევ სიბნელეში. არც ისე იმედიანად გავყევით, მაგრამ გავყევით მაინც. შეაღო კარი ლანდმა და ვიხილეთ ირანული არალეგალური ანდერგრაუნდის პატარა ნაწილი. სოფელი ღალათი, არაა ცნობილი, ამიტომ გაგვიკვირდა ევროპელი ტურისტების მთელი გუნდის დანახვა. კანაბისის და ჩილიმის კვამლით შევსებული იყო მთელი სივრცე. გავერიეთ ხალხში, გავიცანით და გავეცანით. ჩვენი ავტოსტოპერობა, მთელი გზა რომ ხალხს ვაოცებდით ამ თავზეხელაღებულობით და გამბედაობით, აქ არავის მოჩვენებია უცნაურად – ყველა ჩვენსავით მაწანწალა იყო და თავიც შინაურულად ვიგრძენით.

სამი დღით შევირგეთ ხასხასა ფორთოხლებით დახუნძლული შირაზი და ჩვენი თრიფის ბოლო წერტილს – სპარსეთის ყურეს მივაშურეთ.

დრო იწურებოდა და ფულიც, ამიტომ ყველაზე ახლო ქალაქი ავარჩიეთ შირაზიდან ყურემდე – ბანდარ ბუშერი. ბედად, couchsurfing-ზე ერთი თინეიჯერი მასპინძელიც გამოვჩხრიკეთ და წავცუნცულდით.

 

პირველი დილა ყურეში იყო ჩუმი. ამღვრეული წყალი და ცივი ქარი, ამას გარდა გააზრება რომ ამის მერე გზა არ გრძელდება და უკან ვბრუნდებით, განწყობაზე მოქმედებდა. სანაპიროზე ჩალაგებულ ბუნგალოებში ჩამოვსხედით, ცხელი ყავით ხელებს ვითბობთ, გარუჯული მეზღვაურების პორტრეტებს ვაკვირდებით და ყველა ჩვენთვის ვფიქრობთ, რაღაც მომენტში საერთო ფიქრებიც კვეთენ გონებას:

„მოდი გავაგრძელოთ გზა…“

„აბა რას ამბობ… არ გამოვა.“

„წავედით, ვჭამოთ!“

ერთმანეთს მივულოცეთ მიზნის მიღწევა – ჩამოვედით! თოლიები დავაპურეთ, ქვიშაზე დავწერეთ „აქ ჩემი ტომი დგას!“, ბუნგალოზეც მარკერებით მივაწერეთ სახელები… ოხ, ეს მესიჯები, მესიჯები…მაინც ვის ვუგზავნით, რისი გადაცემა გვინდა?!..

უკანა გზას თავისი ჯადოსნობები შემორჩა, რაც მოტივაციას გვინარჩუნებს: პერსეპოლისი! მაშ! გეგონათ გამოვტოვებდით?! არა, უკანა გზისთვის მოვიტოვეთ და მივაკითხეთ კიდეც, ეგ კიდევ ერთი ცალკე თავგადასავალი იყო მთელ ამ მოგზაურობაში, მაგრამ აწი რა იქნება და სხვა დროს მოგიყვებით… 🙂

ირანში რა მინდოდა?.. რავიცი, მინდოდა და წავედი…