ლესელიძის მულენში მილანელ სამუელეს ჩემი იტალიური შვებულების გეგმები რომ გავანდე, ჯერ ამრეზით შემომხედა და მერე აღშფოთებით მკითხა, დედამიწის ზურგზე, ამდენ თვალწარმტაც ადგილს შორის რაღა მაინცდამაინც იტალია აარჩიეო?! მე დარცხვენით შევაპარე, რომ ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა, რომ უკვე ორი თვეა, კალენდარზე დღეების გადახაზვით ვბედნიერდებოდი და რომ ამ მოგზაურობიდან თავის დასახსნელად თითსაც არ გავანძრევდი. იტალიელმა ექსცენტრიულმა ფოტოგრაფმა ხელი ჩაიქნია და რომელ ქალაქებში მიდიხარო, მკითხა. ვენეცია რომ ვახსენე, სამუელეს სასწაულებრივი გარდასახვის მოწმე გავხდი: თვალები აენთო, წელში გაიმართა, ლუდით პირი გაისველა, სახეზე გადმოყრილი თმები ისევ უკან გადაიტკიცა და ვენეციაზე ისე დამიწყო ლაპარაკი, მეგონა თავის ყველაზე რომანტიკულ, ვნებით სავსე და ამავდროულად საიდუმლო სიყვარულზე მიამბობდა, რომელიც ერთნაირად უბრუნებდა თავისუფლების, ბედნიერებისა და სევდის შეგრძნებას. ვიწრო ქუჩებზე, წყლის სუნზე, ფერებზე, მზის ჩასვლაზე ისე ლაპარაკობდა, რომ სპორტული ინტერესი გამიჩნდა, რა უნდა ყოფილიყო ეს პატარა ვენეცია ასეთი, მის ვიწრო ქუჩებს როგორ უნდა აევსე ისეთი სასიცოცხლო და დაუვიწყარი ემოციებით, რომლებსაც დროც კი ვერ გაგინელებდა და მასზე ფიქრი ისევე აგიჩქარებდა გულს, როგორც სიყვარული, რომელსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ გახსოვს და გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც გენატრება.
მე და თეო მატარებლიდან მოლოდინით დაჭიმული სხეულით და უამრავი გეგმით ჩამოვდივართ. ჩამავალი მზის სხივები თვალს გვჭრის და გარემოს აღქმის საშუალებას არ გვაძლევს. სანამ უშუალოდ ვენეციის ნაწილი გახდები, პატარა ხიდზე გადადიხარ. აქ ვერსად წაიკითხავ, რომ შენი მოსვლა უხარიათ, მაგრამ ისეთ სიმყუდროვეს გრძნობ, თავი სახლში გგონია. გეჩვენება, რომ ამ ხიდის ზღურბლთან უხილავი ფარდაა ჩამოფარებული, რომელიც სრულიად უცნობ და ზღაპრულ სამყაროში გეპატიჟება. პირველივე წუთებში ჩემი გონების კოსმოსში რაღაც საოცრება ხდება: ერთიანად მახსენდება ბრიუგეს მინიატურული არხები, პრაღის ჯადოსნური, სანთლისფერი ყვითელი შენობები, კოპენჰაგენის ხიდი და წამით მეჩვენება, რომ ფეერვერკი იფრქვევა ჩემში, რომელიც გულს ისე მიჩქარებს, რომ ხმის ამოღების ძალას მთლიანად მართმევს და საკუთარ თავზე კონტროლს მაკარგვინებს. სამუელე მართალი იყო, ქალაქები პირველივე ნახვით გვიყვარდებიან და ადამიანებისგან განსხვავებით, ვერასოდეს გვიცრუებენ იმედს.
თანდათან ქალაქის სიღრმეში ვიკარგებით და იქაურობა კიდევ უფრო მეტად სცდება წარმოსახვის სფეროს. ვგრძნობ, როგორ ჩაყლაპა ათასობით ტურისტი ქალაქმა და როგორ დავრჩი მთელ სამყაროში მარტო, მაგრამ სიმარტოვის ეს ვენეციური შეგრძნება უცნაური სიმშვიდით მავსებს და გამოუთქმელად ბედნიერს მხდის. ვგრძნობ, როგორ მინდა, შემეძლოს, სათითაოდ ჩავეხუტო ამ ვიწრო ქუჩებს, მწვანე დარაბებითა და ათასფრად აჭრელებული ყვავილებით მორთულ სახლებს და წყალს, რომელიც ქალაქს ნელ-ნელა თავისი ფსკერისკენ მიათრევს და მონელებას უპირებს.
წყლიდან წყალზე, ხიდიდან ხიდზე ისე გადადიხარ, ვერც ხვდები. გონდოლები უდარდელად დაცურავენ შენ ქვემოთ და შენც თავისთან, წყლის წიაღის გასაცნობად გეპატიჟებიან. ქუჩები ვიწროა, ისეთი ვიწრო, რომ შეიძლება, გვერდულად მოგიწიოს გავლა. წამით გეჩვენება, რომ ქალაქი გიღიტინებს და ეს შეგრძნება ერთიანად კარგ ხასიათზე გაყენებს, სულ სიცილი გინდა და ყოველ წამს დაუზარებლად აღმოგხდება ხოლმე აღფრთოვანების შეძახილები. ქუჩებში გამოფენილია ვენეციური ნიღბები, ზოგი ბედნიერია, ზოგს სახე ჩამოსტირის, ზოგი ეჭვით ჭუტავს თვალს და ზოგს ისეთი ცბიერი გამომეტყველება აქვს, შენც გინდა, ისესხო და ნამდვილ ცხოვრებაში შეძლო მისი გამოყენება. ვგრძნობ, რომ ქალაქმა თავდაკარგულ სამუელედ მაქცია და მივხვდი, რომ ქალაქებს ისე შეუძლიათ, მოგხიბლონ და შეგაყვარონ თავი, რომ მათი დავიწყება ვეღარასოდეს შეძლო.
ვენეციის რიტმი ისეთია, რომ არასოდეს სძინავს და შენც არასდროს მოგწყინდება მის ქუჩებში დაკარგვა ნაყინის ჭამითა და აღფრთოვანებისგან გაფართოებული თვალებით. სიარული ისე მიტაცებს, რომ მზად ვარ, ყველა სანახაობაზე უარი ვთქვა და მხოლოდ იმ ემოციას დავჯერდე, რასაც თავად ქალაქი და ქალაქში უდიერად მიმავალი წყალი მიქმნის. აქაურობამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ვერ იარსებებს სევდა, რომელსაც წყალი ვერ შველის.
წარმოუდგენელია, ჩახვიდე ვენეციაში და წყლის ტრანსპორტით არ გადასერო ქალაქის გული, არ გადაუარო კუნძულებს და არ შეიგრძნო ჯადოსნური სამყაროს მთელი არსი. შეცდომის თუ ბედისწერის ძალით, თავი რაღაც გაურკვეველ ტურზე ამოვყავით, ჩვენი დანახვისას შუახნის წყვილებსა და ბებო-ბაბუებს სახეზე გაოცებას ვამჩნევთ, თითქოს დანაშაული ჩაგვედინოს ჩვენი პატარა ასაკის გამო. ასე აღმოვჩნდით პენსიონერთა კრუიზში და ნაცვლად იმისა, რომ გაგვეპო ტალღები, ჩვენი სხეულები მზისთვის მიგვეშვირა და სიარულით გადაღლილი ფეხებისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა, კუნძულიდან კუნძულზე სირბილი გვხვდა წილად. თუმცა, ვაპორეტოს დაძვრისთანავე გადამავიწყდა სამყაროს არსებობა, ვიდექი სულ წინ, წყლის შხეფებით ვისველებდი სახეს და ტალღების ხმაურით გაჟღენთილი არაფერზე ვფიქრობდი.
ტორჩელოზე გადასულებს ისეთი კოკისპირული წვიმა და ქუხილი დაგვეწია, მეგონა, აქ მოვარდნილი ქარი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაგვაბრუნებდა უკან, მთავარ კუნძულზე. თავიდან ბოლომდე გაწუწულები რაღაც სადგურის მსგავს შენობას შევეფარეთ და ვუყურებდით, როგორ ეხეთქებოდა ტალღები ნაპირს, როგორ დაუნანებლად წვიმდა და ქუხდა, საოცრად ჩაბნელებული ცაც თითქოს მთელ სიბრაზეს ჩვენზე ანთხევდა. თუმცა წვიმამ დიდხანს მაინც არ დაგვიფრთხო მოგზაურობის ჟინი, ღრუბლები გაიფანტა, მზემ ისევ გამოანათა და ჩვენც ახალი კუნძულის დასაპყრობად გავემართეთ. ნავსადგურიდან იმაზე მეტი ხალხი წამოვედით, ვიდრე თავიდან ვიყავით ტურში. რომ ამბობენ, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა დამეგობრება იცისო, მართალია, უკვე ყველა ვიცნობდით ერთმანეთს და საერთო აჟიოტაჟში ჩემი და თეოს გულიანი ხარხარის ხმაც გამოერეოდა ხოლმე აქა-იქ.
მურანომ ფერადი სახლების მწკრივი დაგვახვედრა. აქაურობა მინიატურული ადამიანების დასახლება მგონია, ქუჩები კიდევ უფრო ვიწროა და გექმნება შთაბეჭდილება, რომ ერთ საათში მთელი კუნძულის ტაატით შემოვლას შეძლებ. თეო ამბობს, რომ აქ, ალბათ, ადრე სულ ნაცრისფერი შენობები იდგა, რომლებიც შემდეგ შეღებეს. რა საოცარია ადამიანის მისწრაფება, რომ არაფერი დატოვოს ისე, როგორც იყო. მერე მახსენდება თბილისის რუხი და მოჟამული შენობები და გული მწყდება, რომ ჩვენ ყველაფრის მიტოვება უკვე ტრადიციად გადაგვექცა.
ვენეციაში დაბრუნებულები ახლობლებივით ვემშვიდობებით ერთმანეთს, შტორმგამოვლილებს გვქონდა რაღაც საერთო, რაც ჩვენ შორის დამყარებულ კავშირს კიდევ უფრო მეტად აღრმავებდა. რა უცნაური არის ხოლმე იმის განცდა, რომ მოგზაურობის დროს შეძენილ მეგობრებს ვეღარასოდეს ნახავ, რომ იარსებებენ ადამიანები, რომელთა გზასაც ვეღარასოდეს გადაკვეთ..
სულ რამდენიმე საათი გვაშორებს რომის მატარებელში ასვლას. მე და თეო დარწმუნებით ვიმეორებთ, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებით. ვგრძნობ, რომ ვენეციის სულმა მომაჯადოვა და მიმაჯაჭვა სამყაროს ამ ნაწილს, ადგილს, რომელიც სამუდამოდ გიკარგავს მოსვენებას და მაგნიტივით გეზიდება მის დასაკარგავად გამზადებული ქუჩებისკენ, რომელიც იმდენს გატარებს, სანამ საკუთარ თავს და გზას არ ნახავ.
ახლაც ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავუბრუნდები ვენეციას, არაამქვეყნიური განცდებით სავსე სამყაროს, რომელმაც საკუთარი თავის თავისუფალ ვერსიად მაქცია, ვენეციას, რომლის გამოც საკუთარ სახლზეც კი ვიტყოდი უარს. სადღაც, შუაგულში დავიდებდი ბინას, მყუდრო, ხალხისგან თავისუფალი ქუჩების კვეთის კუთხეში, მუქი მწვანე დარაბებით, ძველებური, ოდნავ არეული ოთახებით, რომლის ფანჯრები წყალს გადაჰყურებს და ყვავილებიან აივანზე გადის. ყვავილებს ყოველ დილას წყლით დავაპურებდი, საღამოობით კი წყლის ნაპირს მივუჯდებოდი და ტალღების ფერებით შევიქცევდი თავს ისე, როგორც ბათუმში მჩვევია ხოლმე შავი ზღვის დამშვიდება, მუდამ მეცმეოდა ფერადი და ჭრელი კაბები, ვიქნებოდი არავინ ხალხით გადაჭედილ ქუჩებში, დავივიწყებდი ძველ, თბილისურ დღეებს და ვირწმუნებდი, რომ ზოგჯერ დედამიწიდან კოსმოსური ხომალდით გაფრენა სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ სხვა პლანეტაზე მოხვდე.
აი, ასეთია ქალაქი, რომელიც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გავსებს და გიქმნის ალტერნატიულ რეალობას, რომლის წარმოდგენაც ყოველთვის გშველის, სადაც გარბიხარ მაშინ, როცა გიჭირს იქ, სადაც ხარ და სადაც არ გინდა, რომ იყო.
ამიტომაც იქნება ვენეცია ჩემი თავშესაფარი, ქალაქი, რომელიც გაქცეულ მადოს შეიფარებს და საკუთარ დამახსოვრებულ თავს აჩვენებს წყლის ანარეკლში: თავისუფალს, ბედნიერსა და უდარდელს, ვენეციაზე ერთი ნახვით შეყვარებულს.