ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მეგობრებმა დავიწყეთ ფიქრი თუ სად შეიძლებოდა წავსულიყავით. ერთ-ერთმა მეგობარმა ასეთ ადგილად შავი კლდეების ტბა დაასახელა, რომელზეც მანამდე არაფერი მსმენია. რა თქმა უნდა პრაქტიკიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გუგლის საძიებო სისტემას მივაშურე, სადაც არც თუ ისე ინფორმაციული მასალები აღმოჩნდა აღნიშნული ადგილის შესახებ. ფორუმებზე განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი ურთულესი მარშუტი. ჩემს მრავალრიცხოვან ,,ფბ” მეგობრებში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ვინც ტბა მოინახულა და მისგან ისეთი რჩევები მივიღეთ რომლის ჭეშმარიტებაშიც მთელი გზა ვრწმუნდებოდი. განსაკუთრებით ერთი ფრაზა დამამახსოვრდა ,, დამიჯერე შენ თუ მანდ ასვლას შეძლებ, დაუძლევლად ცხოვრებაში აღარაფერი მოგეჩვენებაო“.
მინიმალისტურად განვსაზღვრეთ თან წასაღები ნივთების და საკვების სია, მივაშურეთ ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციას , აგვიხსნეს გასავლელ მანძილზე გზა როგორ გაგვეკვლია, სარეკომენდაციო დროის ინტერვალები, ისიც რომ ზემოთ წყალი სერიოზული პრობლემაა და იგი ეკონომიურად გამოგვეყენებინა .
ოთხი მეგობარი გავუდექით გზას 25-30 კგ-იანი ზურგჩანთებით. დაახლოვებით 3 კილომეტრი ტყეში ვიარეთ, რომელშიც ფართო ბილიკზე წითელი და თეთრი მონიშვნები გვიკვალავდა გზას, შემდეგ მდინარე გადავკვეთეთ და დაიწყო, ის რაც დაიწყო დაახლოვებით 5 კილომეტრიანი 55-60 გრადუსიანი დახრილობის აღმართი, სადაც ბილიკი საფეხურებად მიუყვებოდა.
ძალიან რთული აღმოჩნდა მისი გავლა, რა თქმა უნდა არც კი გამიფიქრებია ის რომ ასვლას ვერ შევძლებდი. იმის იმედით რომ მალე უკეთესი გზა გამოჩნდებოდა მთლიანი ძალების მობილიზებით ვცდილობდი არ დავნებებულიყავი.
მეგონა ეს იყო სირთულე და იმედით რომ ყველაზე ძნელი უკან მოვიტოვეთ, მალე სუბ-ალპურ ზონაში გადავინაცვლეთ სადაც ხეები და ბუჩქები ერთმანეთს ენაცვლებიან.
სუბ ალპურ ზონაში ბილიკები ნაკლებად დახრილია და სასიარულოდ რთული არაა , თუმცა იქ შემაწუხებელი ფაქტორი მწველი მზეა. დაახლოვებით 4-4,5 კმ-ის გავლის შემდეგ საღამოს 7 საათსა და 30 წუთზე გამოჩნდა პირველი თავშესაფარი სახელწოდებით ,,მეტეო“
ხის სახლი სადაც საწოლები, მატრასები და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო გაყვანილობაა, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული, დაზიანებული იყო კარის სახელურები, კედლებზე ჩამოხეული საინფორმაციო პლაკატები, ირგვლივ ხეებზე მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები გარშემო მდგარ ხეებს ნატვრისხეებს მაგონებდა. პირველად იქ მყოფი ადამიანები გადავათვალიერეთ და აღმოჩნდა რომ 15 კაციანი გერმანელების ჯგუფი, 2 პოლონელი და 1 იაპონელი იყო. ქართველები მხოლოდ ჩვენ ოთხნი , ძალიან დამწყდა გული ამაზე რადგან უცხოელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მეტად აფასებენ ჩვენს ბუნებრივ პოტენციალს და სანახაობებს. საღამოს ვახშმობის შემდეგ ცოტა ალკოჰოლი მივაშველეთ და გამთენიამდე გაუნძრევლად გვეძინა. ამ ადგილას წყალი თითქმის არაა თუმცა ჩემი შეფასებით ეს ნაკძალის ადმინისტრაციის უყურადღებობით უფროა გამოწვეული ვიდრე რესურსის არ არსებობით, თითქმის წვეთ-წვეთად ჟონავს სახელდახელოდ მოწყობილი ონკანიდან საიდანაც გამთენიისას ,,ქართველური მოხერხებულობით” მოვიპოვეთ მთელი ღამის განმავლობაში შეგროვილი წყალი და მარაგით გულმოცემულები გაუდექით გზას.
დაიწყო მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეც…..
გზის უმეტესი ნაწილი 12,5 კმ ალპურ ზონაში ვიარეთ , გზა არც ისე რთული აღმოჩნდა
გზად უამრავი ცარიელი საინფორმაციო და მიმანიშნებელი დაფა გვხვდებოდა რსც ნაკრძალის ადმინისტრაციის მინუსად მიმაჩნია.
დაახლოვებით 8 კმ – ს გავლის შემდეგ გამოჩნდა ჩვენი მიზანთან მიახლოვების პირველინიშანი – ქართველი მესაზღვრეების ბაზა.
მესაზღვრეებს ძალიან გაუხარდათ როდესაც ქართველები აღმოვვჩნდით და გულისტკივილი გამოთქვეს, რომ აქ ასეთი რამ იშვიათობა იყო, პირადობის მოწმობის მოთხოვნის შემდეგ მონაცემები ნაკრძალის ადმინისტრაციას გადასცეს, რომელთან რაციით დასაკავშირებლადაც დაახლოვებით 200-300 მეტრი გაიარეს, თავის მხრივ ნაკრძალის ადმინისტრაციამ-ტურიზმის სააგენტოს, ხოლო მათ შსს-ს მიგრაციის სამსახურს გადასამოწმებლად და ამ გაუაზრებელი, ბიუროკრატიული პროცედურების გავლამ 1,5 საათი წაგვართვა, როდესაც შესაძლებელი იყო დასაწყისშივე ეს ყველაფერი ნაკრძალის ადმინისტრაციას გაეკეთებინა და რაიმე პრობლემის შემთხვევაში აღარ მოგვიწევდა ურთულესი გზის გავლა ტყუილუბრალოდ. აი მივიღეთ სანატრელი საშვიც მესაზღვრეებისაგან, თუმცა ,,საშვი” ვისთვის წარსადგენად გაუგებარი იყო, რადგან გზად მეტი საკონტროლო პუნქტის კი არა საერთოდ ადამიანის შეხვედრაც სანატრელი იყო. მესაზღვრეები მოყვნენ ბევრ საინტერესო ისტორიას, გაგვაფრთხილეს რომ ტბის ნახევარი ლეკებს ეკუთვნის რომლის საზღვარსაც რუსეთის რეგულარული არმია აკონტროლებს და არავითარ შემთხვევაში არ გადავსულიყავით მათ მხარეს ,ერთი მეტრით მათ მხარეს გადასვლის დროსაც კი ისინი დაგვაკავებდნენ, გადაგვახდევინებდნენ მცირედ ჯარიმას სამაგიეროდ კი ხელმძღვანელობისაგან 1 თვიან შვებულებას მიიღებდნენ. დავემშვიდობეთ მათ წარმატება და მშვიდობა ვუსურვეთ და გავუდექით ტბისკენ გზას.
და გამოჩნდა სანატრელი აბრაც რომელზეც ეწერა რომ ტბა 500 მეტრში შემოგვხვდებოდა ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა, საქართველოს მხარე ყვითელი ბალახით შემოსილ მთებში , ხოლო საზღვრის იქით შავი კლდეებით გარშემორტყმული ულამაზესი ტბა, მისი სილამაზე ძნელია აღწერო ამას ფოტოებს დავუთმობ.
ცოტა წავიხემსეთ, სილამაზით ტკობობის და დასვენების შემდეგ გაუდექით გზას შემდეგი თავშესაფრისაკენ, რომელიც ტბიდან სამიოდე კილომეტრში მდებარეობს, როდესაც მივუახლოვდით
მასთან ორი ცხენი და ორი ადამიანი შევნიშნეთ რომელიც ხის სახლის გარშემო ფუსფუსებდა, ისინი ნაძვის ნერგებს რგავდნენ და დაიწყო ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ამბავიც, ისინი უკითხავად ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლებად ჩავთვალეთ, ვთხოვეთ რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა მათ საქმიანობაში, რაზეც სიხარულით დაგვთანხმდნენ, გასაოცარია დარგო ხე ისეთ ადგილზე რომლის დაახლოვებით 10-15 კილომეტრის რადიუსზე ხე არ არსებობს, ალპურ ზონაში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე.
ერთს დათო ერქვა მეორეს გიო, საღამოს ერთად ვივახშმეთ და დათომ მთავარი საიდუმლოც გაგვიმხილა, აღმოჩნდა რომ ეს იყო 37 წლის ძალიან მაგარი , პატრიოტი ადამიანი და არანაირი ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც თავისი მცირედი შემოსავლით და მხოლოდ ამ ადგილების უსაზღვრო სიყვარულის გამო ცდილობდა წვლილი შეეტანა ნაკრძალის განვითარებაში, გვითხრა რომ ცხენებით ამოიტანა 35 ლიტრიანი ქვევრი რომელიც თავშესაფრის ახლოს საიდუმლოდ ჩაფლა მიწაში, შემოდგომაზე ღვინოს ჩაასხამდა შიგ და როდესაც ვიზიტორი ამ ქვევრს აღმოაჩენდა სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა. ეს ქვევრი იქნებოდა ზღვის დონიდან მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე . მოგვიყვა უამრავი საინტერესო ისტორია თუ როგორ სტუმრობდა პოლონელების ოჯახი აღნიშნულ ადგილს 1 თვის ბავშვთან ერთად, ხოლო ფრანგების 6 თვის ბავშვთან ერთად რომელსაც 6 თვე ამ თავშესაფარში შეუსრულდა. მოკლედ მინდა რომ ამ ადამიანის არსებობის შესახებ ყველამ გაიგოს და ისიც მინდა რომ ასეთი ქართველი ბევრი ყავდეს ჩვენს ქვეყანას და წარმატებების მას!
გვაინ დავიძინეთ, ნანახი საოცარი სილამაზის, სასიაიმოვნო შემთხვევითობისა და მოსმენილი ისტორიებზე ფიქრში თითქმის დაგვათენდა.
დაიწყო მესამე დღეც და ყველაზე რთული, უკან დასაბრუნებელი გზა, დაახლოვებით 5 კილომეტრი ვიარეთ უზარმაზარი მთის ფერდობზე ვიწრო ბილიკზე რომლის ერთ მხარეს თვალუწვდენელი ხეობა იყო, ხოლო მეორე მხარეს ციცაბო აღმართი. ერთი არასწორი მოძრაობა და ფატალური შედეგი გარდაუვალი იყო, გზად ვიღაცას ქვაზე ჩემი სახელიც წაეწერა.
შემდეგ შევედით ტყით დაფარულ დაახლოვებით 65-70 გრადუსით დახრილ ხეობაში, რომელზეც სიარული ყველაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის, სახელდახელოდ გათლილი ჯოხების დახმარებით, ფეხის თითებზე ტყავის გადაძრობისა და 10 კილომერის სიგრძს ასეთი გაუსწორებელი გზის გავლის შემდეგ როგორც იყო მივადექით მდინარის ნაპირს, ეს მოღრუბლული ამინდის შემდეგ მზის გამონათებას გავდა, კიდევ 2 კილომეტრის გავლის შემდეგ გამოჩნდა ნაკრძალის ადმინისტრაციაც, ფაქტიურად ძლივსღა მივლასლასდი შენობასთან და 3 დღის დალაგებული პრეტენზიების გადმოცემის უნარი აღარ მქონდა თუმცაღა რამოდენიმე თემა მაინც განვიხილეთ და მოვისმინეთ მათი პოზიციები გარკვულ საკითხებზე, ყველაზე მეტად გული იმაზე მეტკინა რომ ზემოთ არსებული დაზიანებებისა და უწესრიგობის ავტორებად მხოლოდ ჩვენს თანამემამულეებს ასახელებდნენ.
მოკლედ ვინც გადაწყვეტთ აქ წასვლას
1) გზა იმაზე რთულია ვიდრე აღწერილია ნებისმიერ წყაროში .
2) რაციონალურად განსაზღვრეთ წასაღები ნივთების და საკვების სია.
3) ფიზიკურად და სულიერად მოემზადეთ წასვლამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
და ბოლოს გზის სირთულეს მოსალოდნელი სანახაობა ბევრად აჭარბებს და თქვენ თუ ამ მარშუტს დაძლევთ სხვა ყველა სირთულე აღარაფრად მოგეჩვენებათ!
მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ნახოს ეს საოცრება, ჩვენი სანახევრო სიამაყე.
დავით მოსიაშვილი