როცა ამსტერდამში წასვლას დააპირებ შინ დატოვე სტერეოტიპებით სასვე ხურჯინი და საკუთარ თავს მიანდე ამ ქალაქზე წარმოდგენის შექმნა. წასაღებად კი კარგი განწყობა და პოზიტივი გაამზადე.
ამსტერდამში წასვლა ჯერ კიდევ გერმანიაში ჩასვლამდე მქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ გერმანიაში ჩასვლის დღიდანვე დავგეგმე ამსტერდამის ტური და რამდენიმე დღეში ორსართულიანი ავტობუსით, რომლითაც მგზავრობის ბავშვობის დროინდელი მუღამი მქონდა, ამსტერდამის გზაზე ვიყავი. ჩემთვის განწყობა იმ ფაქტსაც არ გაუფუჭებია, როცა აღმოვაჩინე,რომ პასპორტის წამოღება დამვიწყებოდა, ამიტომ საზღვარზე კონტროლიორების ყოფნის შემთხვევაში ჩემთვის ერთ-ერთი სასურველი ქალაქის ნახვის და სტერეოტიპების დამსხვრევის შანსი 50%-50%-ზე იყო. აი მაშინ კი შვებით ამოვისუნთქე, როცა გიდმა გამოაცხადა, რომ უკვე ჰოლანდიაში ვიყავით. იმ მომენტში კიდევ ერთხელ შემშურდა ევროპელების, რომლებისთვისაც ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა ისეთივე მარტივია როგორც ჩვენთან კარის მეზობელთან თავ ხახვზე გასვლა. რადგანაც ერთ დიდ პრობლემას გადავურჩი კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცა მაქსიმალურად გამომეყენებინა ამსტერდამში მოხვედრის შანსი. მართალია ეს სულ რაღაც 6 საათში უნდა მომესწრო ავტობუსის გასვლამდე, მაგრამ არც ამას დაუკარგავს ჩემთვის განწყობა. რა თქმა უნდა, გიდთან და ,,ვზროსლ სასტავთან“ დროის გატარება არ შედიოდა ჩემს გეგმებში ამიტომ ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე მე ჩემს გზას გავუყევი, გზას, რომელიც წარმოდგენა არ მქონდა სად მიდიოდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ვიგრძენი, რომ უკვე მიყვარდა ეს ქალაქი. ვინც ნამყოფი ხართ ისინი ალბათ დამიჯერებთ, ხოლო ვისაც ჯერ წინ გაქვთ ამის ბედნიერება ოდესმე მიხვდებით, რომ არ ვაჭარბებ. საკმარისი იყო ერთ ადგილას დავმდგარიყავი და უბრალოდ 360 გრადუსით დავტრიალებულიყავი, რომ მიმხვდარიყავი რაში იმალებოდა ამსტერდამის მიზიდულობის ჯადოქრობა, რამაც მეც ასე მარტივად მიმიტყუა. გამორჩეუული არქიტექტურა, რომელიც საუკუნეებს ითვლის, ყვავილებით გალამაზებული საცხოვრებელი ბინების აივნები, რომლებიც თავის მხრივ წარმოდგენას გიქმნის ჰოლანდიელი ხალხის ესთეტიკისადმი მიდგომაზე, ველოსიპედები, რომლებიც ქაოსურად გადაადგილდებიან, ათასობით ტურისტში მაინც გამოსარჩევი ჰოლანდიელები თავიანთი სიმაღლითა და ქერა თმით, რომელშიც ზოგჯერ ჩალისფერიც გამოირევა, ჰაერში მწვანე ბალახის მსუბუქი სუნი, რომელიც უფრო ფანტაზიის დამსახურებაა და საერთო ბედნიერების განცდა , რომელიც ყველას გვაერთიანებს- ეს ისაა რითაც სულ მოკლე დროში ქალაქი თავს შეგაყვარებს.
ქალაქში ბევრი ვიბოდიალე, არც Red light street დამვიწყებია, სადაც როგორც ჩანს დღისით გავლას აზრი არ აქვს ვიტრინებში ქალების სიმცირის გამო. I Amsterdam -ის მონუმენტზეც ვიძრომიალე სურათის გადასაღებად და ,,E” ასოზე ასაძრომად გამოვიყენე ჩემი სპორტული შესაძლებლობები.“ ბულდოგების“ მონახულების გარეშე კი ალბათ არც ჩამეთვლებოდა ამსტერდამში ყოფნა და არც იმის გარეშე ველოსიპედებისთვის განკუთვნილ ბილიკზე დგომისთვის ვიღაც მოხუც ჰოლანდიელს რომ არ გაველანძღე.
6 საათში ბევრი მოვასწარი, ბევრიც სანახავი დამრჩა, არც განსაკუთრებული სიგიჟე ჩამიდენია და არც იქვე დამზადებული ჰოლანდიური ყველი გამისინჯავს, მაგრამ არ ვწუხვარ, ამსტერდამი ხომ ის ქალაქია რამდენჯერაც არ უნდა ნახო მაინც არ მოგბეზრდება და მაინც დაგრჩება სანახავი ან გასაკეთებელი. ქალაქი რომელიც ერთდროულად გაგრძნობინებს თანამედროვეობის და წარსულის სილამაზეს. ქალაქი რომელიც აუცილებლად გათქმევინებს : ,,მე აქ დავბრუნდები“