საქართველო „მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად“ დასახელდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველო „მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად“ დასახელდა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „FDI intelligence“ 2017/18 წლისთვის ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციები დაასახელა, რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო დაიმსახურა რამდენიმე მიმართულებით: სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, ასევე უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის მიმართულებით საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა.

ინვესტიცია სასტუმრო ინდუსტრიის დარგში საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც გარდამტეხი ზრდა აჩვენა საერთაშორისო ტურისტების ნაკადით.  სწორედ ამიტომ, ტურიზმის სფეროში საქართველო მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად დასახელდა. მიმდინარე წელს, აღნიშნულ სექტორში მთავარ მიღწევად 70 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელებული ინვესტიცია ითვლება, რომელიც 7 ვარსკვლავიანი  სასტუმროს – “Biltmore Hotel Tbilisi” მშენებლობისთვის გამოყო უცხოელმა ინვესტორმა, ხოლო 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს  “Castello Mare Hotel & Wellness Resort” მშენებლობისთვის, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორში, 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მიმართულებაა სპა და გამაჯანსაღებელი ინდუსტრია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და წყალტუბოში სპა და გამაჯანსაღებელი ქალაქის განვითარებისათვის. ხსენებული სექტორი ხელს უწყობს საქართველოს წარმოაჩინოს საკუთარი კონკურენტული უპირატესობები და მოიზიდოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. სწორედ რომ მოცემული მიმართულების მეშვეობით საქართველომ განსაკუთრებული ჯილდო მიიღო სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, როგორც საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციამ.

ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას, რომ თითოეულ უცხოელ ინვესტორს, რომელიც საქართველოს ბაზრით არის დაინტერესებული, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, რომელიც მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა და ე.წ „ფრენჩაიზინგის” ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის არსებობის გათვალისწინებით, საქართველომ ჯილდო მოიპოვა ფინანსური მხარდაჭერის ნაწილშიც, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოელ ინვესტორებს განახორციელონ მასშტაბური პროექტები ტურიზმის მიმართულებით.

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ეთნიკური მრავალფეროვნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, საქართველომ სტუმრების მრავალფეროვნების დარგშიც მიიღო განსაკუთრებული ჯილდო.

2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  აამოქმედა ელექტრონული ვიზის (e-Visa) პორტალი, რომელიც გამარტივებული წესით სთავაზობს ვიზის მიღების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც მოკლევადიანი მიზნით სტუმრობენ საქართველოს. უცხო ქვეყნის მოქალაქე  საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში გამოცხადების გარეშე, სამი მარტივი საფეხურის გავლით მიიღებს მოკლევადიან  ვიზას. ეს საფეხურებია: განაცხადის რეგისტრაცია, ონლაინ გადახდა და ელექტრონული ვიზის ამობეჭდვა. პორტალის მეშვეობით ვიზის მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს. არ საჭიროებს მიღებაზე ჩაწერას, ან დოკუმენტაციის წარდგენას საელჩოში თუ საკონსულოში.  ელექტრონული ვიზის მიღება მარტივად, ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება და ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ისეთივე უფლებას იძლევა, როგორსაც ჩვეულებრივ პასპორტში ჩაკრული ვიზა. სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველომ ქვეყანაში გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის ჯილდო (Ease of Entry award) დაიმსახურა” – აცხადებს ცნობილი ბრიტანული გამოცემის „FDI intelligence“ რედაქტორი.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Tags: