ერთი ნახვით შეყვარების რეცეპტები

ხუთიოდე წლის წინ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას იდეა შევთავაზე, საქართველოს ნახვა მწერალთან ერთად, პროექტს ასეც ერქვა: „ნახე საქართველო მწერალთან ერთად!“ იმ რამდენიმე გასვლამ, რაც გვქონდა, არნახულად წარმატებულად ჩაიარა, მაგრამ ამ ტურნეების მთავარი ნაკლი ის იყო, რომ ძირითადი კონტიგენტი უკვე ზრდასრული ადამიანები ვიყავით, ვთვლი, რომ პროექტი გაცილებით უკეთ იმუშავებდა, აქცენტი მოსწავლეებზე რომ გაგვეკეთებინა, მაგრამ რატომღაც სკოლების ადმინისტრაციას განსაკუთრებული ინტერესი მსგავსი წამოწყების მიმართ არ გამოუჩენიათ, მახსოვს, ბევრმა ფასიც მოიწონა, იდეაც, მაგრამ „ისევ შეჩვეული ჭირი“ ამჯობინა და ბავშვების უკვე ბევრჯერ გამოცდილი მეთოდით წაყვანა გადაწყვიტა. ეს გამოცდილი მეთოდი კი აბა რა არის? – იკრიბება კლასის 80-90%, მშობლების ყოველი მესამე ან მეოთხე, მერე მიდიან სტანდარტულად ერთსადაიმავე ადგილებში, მიაქვთ სახლში დამზადებული შემწვარ-მოხრაკული, ცოტა სასმელიც (მაგრამ მშობლებს კი ჰყოფნით), მერე ჩქარობენ სახლ-მუზეუმების ნახვას (გასვენებებშია ხოლმე ასე – მიცვალებულის სწრაფად დამარხვას და სუფრასთან მისხდომას რომ ვჩქარობთ), თითქოს სახლ-მუზეუმში საპატიო წრის შემოვლა დიდი ბედენა იყოს და მერე მიდის ჩქარი წესით ბუნების წიაღში სუფრის გაშლა, თავიდან უფრო ჩუმი, მერე კი ყიყინში გადაზრდილი ქეიფი და თუ წვიმამ არ მოგვისწრო (ძირითადად „საექსკურსიო სეზონები“ ხომ შემოდგომა გაზაფხულს ემთხვევა), ერთ-ორ შექეიფიანებული მშობლის სეირის ნახვაც შეიძლება, თუ არადა ავტობუსში იმართება ხოლმე ტაშ-ფანდურა. წვიმამ თუ დასცხო კიდევ პოლიეთილენის პარკების ავანგარდული ინსტალაციები შვილთაშვილებს მემკვიდრეობად რჩებათ.

რა თქმა უნდა ეს კარიკატურული ამბავი, რაც ზემოთ დავხატე, არც წესია და არც აუცილებელი რეალობა, მაგრამ არც მთლად უამისობა რომაა ხოლმე, ესეც ცხადია.

საიდან გამახსენდა ეს ამბავი? მაშინ სწორედ ერთ-ერთ ასეთ ტურში ვიყავით, ჩვენთან ერთად მეათეკლასელი გოგონაც იყო. ტანძიაში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში ერთ-ერთმა ქართველმა მწერალმა საინტერესო ამბები რომ მოგვიყვა სიტყვის კონის ავტორზე, ორბელიანის უზომოდ ტრაგიკული და საინტერესო ცხოვრება რომ სხვა პრიზმაში, მწერლურად ღრმად და ფესვებამდე დასვლით რომ დაგვანახა და უკანა გზაზე გასალუკმად რომ შევჩერდით, ამ გოგონასა და დედამისს შორის გამართულ ცხარე დისკუსიას მოვკარი ყური. მოსწავლე ამტკიცებდა პირველად ვნახეო, დედა აჯერებდა, შარშანწინ ერთად ვიყავით ლამზირა (თუ მზევინარ) მასწავლებელთან ერთადო, მეათეკლასელი შჯულსა და სანათესაოს ყველაზე საყვარელ წევრებს იფიცებდა, ნამდვილად პირველად ვნახეო და ლამის მთლად უჭმელებიც კი დარჩნენ.

მოკლედ, ამბის მთავარი შინაარსი ისაა, რომ მოზარდს ადგილი, რომელიც ორი წლის წინ ნახა, არც კი ახსოვდა. არ ახსოვდა განა იმიტომ, რომ ინტერესი არ ჰქონია, მეხსიერების პრობლემები ჰქონდა ან თვალებახვეული ატარეს, იმიტომ, რომ უინტერესო, უღიმღამო ექსკურსია ყოველთვის ასეა – გონებიდან სწრაფად იშლება, ტვინი ავტომატურ Back up-ს უკეთებს არასაჭირო ინფორმაციას.

პირადად მე ასე ხელახლა მაქვს ნანახი ვარძია, მარტყოფი, უფლისციხე და მრავალი სხვა საინტერესო ადგილი ამ პატარა, მაგრამ მართლა საინტერესო ქვეყანაში. მახსოვს, მაგალითად უფლისციხეში სწრაფი, გამოზომილი ნაბიჯით დავარტყით წრე ნაქალაქარს, თითქოს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ძეგლს კი არა ქვების გროვას შემოვუარეთ. თავის მხრივ არც მასწავლებლებმა იცოდნენ სად ვიყავით რა გვინდოდა, ვის ვეძებდით (თუ ვეძებდით საერთოდ ვინმეს) ან რას ვეძებდით (კი გამოითქვა ვარაუდები რომ სადმე აქ განძი იქნებოდა ჩამარხული და პოვნა კი კაი მომგებიანი საქმე), მათ კი არ ვამტყუნებ, პრინციპში, თავის დროზე ისინიც ასე დაყავდათ „ექსკურსიაზე“, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წესია, ასე იყო მიღებული ოდითგანვე, ასე ავალებს სკოლებს განათლების სამინისტრო, წელიწადში ორჯერ თეატრში წასვლას, წელიწადში ორჯერ ექსკურსიაზე, მინიმუმ ერთხელ კინოჩვენებას და ასე შემდეგ. ასე ხელოვნურად დაგეგმილი ღონისძიებები კი თუ ძალიან შემოქმედებითი ნატურის ორგანიზატორის ხელში არ მოხვდა, მშრალი და უაზრო ხდება.

ცხოვრება ისე გადის თვალსა და ხელს შუა, კახელი კაცი სვანეთის უნახავად კვდება და მეგრელი სამცხე-ჯავახეთს ვერ ნახულობს, რაჭველს მოვლილი აქვს მსოფლიო, მაგრამ არ უნახავს ბატეთის ულამაზესი ტბა, ხოლო ცხინვალელ კაცს სულ ძალისძალით აჩვენეს დედაქალაქი. ქვეყნის სიყვარული კი რა არის, ისტორიული, გაზღაპრებამდე მისული მითებით იღლიაში გარღვეულ ჯაჭვის პერანგსა და გრძელ გალექსილ სადღეგრძელოებში სამშობლოზე რომ არაა, ცხადია, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. სად  იწყება და სად მთავრდება ჩვენი მშობლიური ქვეყანა? ნუთუ სადღაც ტიკმატაჟის უღელტეხილთან, იმის იქით გადასვლის რომ გვეშინია (არადა ამ ქყვეყნის განმანათლებელი წმინდა ქალწული ნინო სწორედ ამ გზით შემოვიდა, საოცარი ფარავნის ტბის მხრიდან), ან იქნებ ფოთი-ლესელიძის გზის მონაკვეთთან, საიდანაც სულ რაღაც 70-80 კილომეტრში არნახული გომის მთა და ბახმაროა, იქნებ ქობულეთის იაფფასიან სასტუმროს ნომერთან, რომლის ზემოთ წარმოუდგენელი მაღალმთიანი აჭარაა თოვლით და მზით, ზეცას გამოკერებული სახლებითა და ზღვის დაუსრულებელი ხედებით, იქნებ ბევრს უნახავს მოციქულ სვიმონ კანანელის საფლავი და რიწის ტბა აფხაზეთის „პლაჟების“ დაკარგვამდე, ან ბევრი იცნობს როგორი სიმღერით მღერიან სტუმრით გახარებული თუშები? სვანეთის მუზეუმის (და სვანეთი მთლიანად მუზეუმია) სულის შემხუთველი დიდებულება ან ხევსურეთის ჩუმად ამაყი სილამაზე ყველას გვაქვს ნანახი?

მესმის, ინფრასტრუქტურის სიმწირე, ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა დამატებითი ფაქტორები დიდი წინაღობაა, მაგრამ აქვე შემიძლია დაგისახელოთ ათი შესანიშნავი ადგილი დიდ ქალაქებთან ახლოს:

 

1: თბილისთან – ქოროღლის ციხე, უძო, ბირთვისი

2: ხაშურთან – ძამას ხეობა

3: ქუთაისთან – მარტვილის კანიონი

4: სენაკთან – გომის მთა

5: ჩოხატაურთან – ზემო აჭარა

6: ზუგდიდთან – მესტია/უშგული

7: მესტიასთან – ტობავარჩხილის ტბა

8: ბათუმთან – ჭიათურა/საჩხერის მაღალმთიანეთი

9: ზესტაფონთან – საქართველოს ოთხივ კუთხე

10: თელავთან – რიწის ტბა აფხაზეთში.

 

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, ინიციატივას შევიტანდი სადაც შეაქვთ იქ, რომ ქვეყნის მონახულება სასწავლო პროგრამაში საგნად შეიტანონ და მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარებაც კი უწევდეთ ამ კონკრეტულ დისციპლინაში. გარდა იმისა, რომ მოგზაურობის დროს ჯგუფის გამთლიანება უფრო კარგად ხდება და ადამიანური ურთიერთობებიც გაცილებით კარგად ლაგდება, საკუთარი ქვეყნის სიყვარულსაც უკეთ ვწავლობთ.

დამიჯერეთ მასწავლებლებო და მშობლებო, ანახეთ თქვენ მოსწავლეებს და შვილებს ნამდვილი საქართველო და ეს ერთი ნახვით სიყვარული ბედნიერ ოჯახში გადაიზრდება.