ლუგელას ხეობა, შურუბუმუ, ცაშკიბული, ტობავარჩხილი, სქურის სამკურნალო წყალი. ამ ყველაფერს ჩემს ჩხოროწყუში იხილავთ. ყოველ ზაფხულს ჩემი მოგზურობა, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ხაბუმიდან იწყება, სადაც სტუმარს დიდი მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიან. გაიშლება მეგრული სუფრა გებჟალიით, საცივით, ღომით, ელარჯით და ათასი საოცარი კერძებით. მას თან შეზარხოშებული სუფრის წევრების მეგრული სიმღერები ერთვის, რომლის ტკბილი ჰანგებიც ჟრუანტელს გგვრის. სახლის დიასახლის მეგრული “სკან გოლვაფირო” -თი თავს გევლება. იქაური სუფთა ჰაერით და საოცარი ბუნებით თითქოს ყველაფრისგან თავისუფლდები და გინდა არსოდეს დასრულდეს ეს საამო წუთები. მორაკრაკე წყაროს წყალი, მობიბინე მინდვრები, უზარმაზარი მთები, მდინარე ხობისწყალი, ასწლოვანი ხეები, აქა-იქ შემორჩენილი უძველესი სახლები, რომლებიც ისტორიას ინახავენ-გატკბობს ეს სანახაობა. გინდა იყვირო ხმამაღლა, რათა ყველას მიაწვდინო ხმა, რათა ყველას გაუზიარო ეს საოცრება, რომლითაც თავად ტკბები. ეს ჩემი სოფელია, ჩემი წინაპრების”ოდაბადე” ჩემი ხაბუმე. ჩემს ეზოში ორი სახლი დგას ერთ-ერთი ჩვენი წინაპრების სახლია. მრავალთაობა გამოვლილი სახლი სადაც “თუთაშხია” იმალებოდა, სადაც თუთაშხიას მეგობარი ცხოვრობდა… შემდეგი თაობა კი მამაო ყოფილა, მამაო, რომელიც იმდროინდელი მკაცრი რეჟიმისა და აკრძალვების მიუხედავად მაინც ჩუმად და მალულად ამავე სახლში ნათლავდა პატარებს და ა.შ და ა.შ. დგას ახლა ჩემი წინაპრების სახლი ჯიბგირობაგამოვლილი, სანთლითა და საკუმეველით გაჟღენთილი, ბევრჭირნანახი, რომელიც იქ გამვლელი უცნობ-ნაცნობის, ტურისტის თუ ჩამოსულის ყურადღებას იპყრობს… თვალს ვერ წტვეტ იქაურ კოხტა ეზოებს, რომლებსაც ათასნაირი ყვავილები ამშვენებს. შედიხარ მეგრულ “ჯარგვალში” სადაც შებოლილი ყველის, კუპატის, ღორის ხორცის და კვამლის სუნი შეგეფეთება. ჭვარტლიანი ბუხარი, ჭის ცივი წყალი და საოცარი სილამაზე. ეს არის ადგილი, სადაც მთაც არის და ბარიც. ვერ ჩერდები, გინდა ყველაფერი დაათვალიერო და მთის მწვერვალისკენ მიიწევ. მთაში მეგრელ მწყემსებს შეხვდებით რომლებიც სიყვარულით მიგიპატიჟებენ კარეში (ხის ქოხი) სადაც ელარჯით, სხვადასხვა სახეობის ყველით და მთის მაწვნით გაგიმასპინძლდებიან. ღვივის კარეში შუა ცეცხლი და გსიამოვნებს ეს სითბო, ცეცხლისგან ღაწვები, კვამლისგან კი თვალები გეწვის. მაგრამ იქ ყოფნა ყველაფერს გირჩევნია. ცეცხლის ირგვლივ მსხდარი მწყემსები მთის წესჩვეულებებს გაზიარებენ, იქაურ ტრადიციებს გაგაცნობენ, ამასობაში ისე შემოგათენდება ვერც კი იგრძნობ. ცხენით გაგაცილებენ “ცაშკიბულისკენ” კიდევ გვესტუმრეთო მოგაძახებენ, გზას დაგილოცავენ და ტკბილად დაგემშვიდობებიან. მიდიხარ დაუსრულებელ აღმართზე, მიიწევ სამეგრელოს ყველაზე მაღალ მწვერვალ ცაშკიბულისკენ და გული სიამაყით გევსება, რომ საქართველოს შვილი ხარ, რომ ასეთი სილამაზის ნაწილი ხარ. შეჰყურებ პიტალო კლდეს და კარგავ დროის შეგრძნებას. აჰაჰ გამოჩნდა ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) მისი ნახვა გატყვევებს. მშვიდი, წყნარი, ლურჯი ლივლივა ტბა. სულს გიფორიაქებს კლდეებში მომწყვდეული უნიკალურობა. თავი სამოთხეში გგონია. ჩანჩქერი, სიმწვანე, სიმშვიდე. გინდა ჩაისუნთქო ეს ყველაფერი ისე, რომ შენი გახდეს. გუჭირს ამ ყველაფერთან განშორება, ამავდროულად ხალისით და სიამაყით ტოვებიქაურობას, რათა მთელს ქვეყანას უამბო ამ სასწაულის შესახებ… არ ჩერდები და “შურუბუმუსკენ” (სულგანაბული) მიემართები, სადაც არაამქვეყნიური სილამაზე გხვდება . ეს არის ადგილი, რომელიც საკუთარი თვალებით უნდა იხილო. ხავსიანი ქვები, სიგრილე, სიმწვანე, მღვიმე და ზებუნებრივი სანახაობა… ვაგრძელებთ გზას და ლუგელას ხეობისკენ მივემართებით. აქ კი გვხვდება ლუგელას წყალი-კალცით გაჯერებული, რომელიც ბუნების საოცრებაა, ღვთისაგან სამკურნალო წყალი, ბუნებრივი მედიკამენტი, რომლითაც არაერთხელ დაინტერესებულან ფრანგები, გერმანელები, იტალიელები და ა.შ. რომლებიც სასწაულ მოვლენად აფასებენ მიწიდან ამოხეთქილ ამოხეთქილ კალცს… დასათვალიერებელი კიდევ ბევრი გვრჩება. დროის უკმარისობის გამო ჩემი მოგზაურობა აქ მთავრდება… მაშ ასე მეგობრებო გეპატიჟებით ჩემს პატარა, ლამაზ ჩხოროწყუში სადაც სასიამოვნო გარემო, საუკეთესო გამასპინძლება და ულამაზესი სანახაობა გელოდებათ. მობრძანდით სიხარულით გაგიწევთ მეგზურობას. ვიმოგზაუროთ ერთად!!!