ზაფხული. დრო, როცა გინდა სადღაც წახვიდე, გარემო შეიცვალო, გაირუჯო, და…
კოკო შანელ, შენ ყველაზე მაგარი ქალი ხარ ამ პლანეტაზე, ჩვენ – ქალებს – ეს რომ გვასწავლე… ვის თეთრი მოსწონს, ვის შავი, ვის ყავის ფერი, და ვის კიდევ, ისეთივე, როგორც მე – სპილენძის ფერი კანი… ჰო, აი ამ, ბოლო ფერში ვჯდები და ძალიან მომწონს….
ვერ ვიტყვი რომ მთელი წელი ველოდი ნანატრ შვებულებას, ჯერ ერთი წელი არ გასულა რაც აქ ვმუშაობ, მაგრამ ზაფხულია და მცხუნვარე მზე და ზღვა ქვეცნობიერიდან მეძახის და მიხმობს… მეც ვნებდები ამ მოწოდებას და მსურს, თუნდაც რამოდენიმე დღით, მოვწყდე ყოველდღიურობას და სადმე წავიდე..
ხმელთაშუა ზღვა ავირჩიე… შავი ზღვაც არ არის ცუდი… თუმცა შავ ზღვაზე… მე ხომ ფერადი ადამიანების ხილვა მსურდა – ლაღი, მხიარული ადამიანების, რომლებიც დასასვენებლად იმიტომ მიდიან რომ დაისვენონ და არა იმიტომ რომ დასვენების იმიტაცია შექმნიან და რეალურად, არდაგეგები თუ შვებულება რუტინად იქციონ და უქციონ სხვებს…
და, ვნახე….
კონტრასტი – საქართველოს პლაჟებზე, ან აუზებზე ვერასდროს ნახავ 50 წელს მიღწეულ თავდავიწყებით შეყვარებულ ცოლ-ქმარს… იმიტომ რომ ტეხავს, უხერხულია, ტრადიცია კრძალავს აცუდრუკებას… ჰო, სიყვარულის გამოვლენისა და გამოხატვის ტაბუებიც გვაქვს… იქ ნახავ, აი ისეთს… ჩვენთან რომ უკომპლექსოებს, ზოგჯერ უსირცხვილოებსაც უწოდებენ. ამ დროს ეს ჩვენთვის არის კომპლექსი, მათთვის ბედნიერება… ჩვენთან ბედნიერების, სიყვარულის გასაჯაროებაც უხერხულია სამწუხაროდ… მათ დაუფარავი სიყვარული, ანთებული თვალები, ურთიერთმოკრძალება და მოწიწება ათბობთ, აცოცხლებთ და უხანგრძლოვებთ არა მხოლოდ ბედნიერებას, არამედ სიცოცხლესაც კი…
მამები და შვილები… დაუღლელი მამები და ქანცისგაწყვეტამდე აქოშინებული ბავშვები… დაუსრულებელი თამაში, კისკისი, ყვირილი, სიხარული და ირგლივ მყოფთა მომღიმარი სახეები… “არა, არა მამა”- ლამის უყვირიან სიცილისა და ჭყუმპალაობისგან გადაღლილი პატარა გოგო და ბიჭი მამას, ის კი არ ეშვება და ართობს თავის ანგელოზებს….
ეს ქალბატონი კი შემოსილი შედის წყალში… სხვაგვარად მისთვის არ შეიძლება – რელიგია! და ირგვლივ მყოფნი ამ წესს და ქალის ქმედებას არ განიკითხავენ, პირიქით, წლიდან ამოსულს კეთილი ღიმილით უღიმიან. მეც ვუღიმი და ვხვდები, რომ პატივს ვცემ მათ უდიდეს მოთმინებას… საოცრად მაგარი ქალები არიან… უცებ დავფიქრდი, სხვა ცხოვრებაში იქნებ მეც ეგრე ვყოფილიყავი… გავაპროტესტებდი? არ ვიცი, იქნებ არა, რადგან, როგორც იტყვიან – სადაც ხარ იქაური ქუდი გხურავს… ან იქნებ -კი! საბოლოოდ ვერ გავერკვიეეს პრობლემაა, ტრადიცია, წესი თუ ტრაგედია? პრინციპში, ახლა ამაზე არც უნდა ვიფიქრო, ახლა მე ვისვენებ და დადებით ემოციებს ვაგროვებ…
ისე, თითქოს ახდენილი ოცნებაა ცხოვრება… თითქოს გაჩენის ჟამიდან ჩემი სამყარო დაუსრულებელი, წარმოუდგენელი ოცნებების ახდენაში მეხმარება.
ქვეცნობიერში უნებურად ჩაკირული ოცნებები რომ აგიხდება, სხვა რა უნდა თქვა თუ არა – მადლობა… ჰო, არსთაგამრიგეს ჩასჩურჩულო: – მადლობა… იქნებ უპრიანია ამ მადლობასთან ერთად ისიც სთხოვო, რომ შენი ოცნებები შეურყვნელი დარჩეს, შენ სულთან ერთად და უფრო მეტიც სთხოვო არ გახდე უმადური – “ყველაფერი მერგო, რადგან მეკუთვნოდა“… დავფიქრდი და… ჰო, ხშირად მეშინია ხოლმე, არ გავხდე ეგეთი… რა ვიცი, ყველაფერი ხდება… ზოგჯერ უფრო მეტი მინდა და ვწუწუნებ… მერე მახსენდება, რომ მომაკვდინებელი არაფერი მაწუხებს და ალმურიც მომედება, როცა დავრდომილს, სნეულს, უპოვარს წარმოვიდგენ. საწუწუნო არაფერი მაქვს… მაგრამ მერე ვხდვდები, რომ სხვა ჟინი მამოძრავებს, სხვა მისწრაფება – არა ის, რომ მეტი მინდა, არამედ ახლის ძიების, ახალი მწვერვალების დალაშქვრის ჟინი და ეს დაუსრულებელი პროცესია… ადამიანს სულ უფრო მეტი უნდა, ახლის ძიება და ახლის გამოცდა ეს “დამოკიდებულებაა”. ამ ჟინის, მისწრაფების გარეშე ადამიანები გამოქვაბულს ვერ გასცდებოდნენ…
მოიცა, მოიცა, რა დროს ეს არის – აქ ვარ, ვისვენებ…
ხმელთაშუა ზღვაში ფეხები დავისველე მხოლოდ… სამწუხაროდ, ცურვა არ ვიცი და სანამ ფეხები ფსკერზე მყარად მიდგას და მოლივლივე ზურმუხტისფერ ზღვას გადაჰყურებს მშვიდად ვარ…. ერთი წარმატება მაინც მაქვს, წყალზე ზურგით წოლა ვისწავლე. ცოტა რამ სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის… და ეს, ჯერაც სრულყოფილად აღუწერელი ემოცია – ბედნიერება დამატებით მუხტს გაძლევს, მუღამში გაგდებს, რომ სულ შენთან იმყოფო, არ მოდუნდე და თუ ნახავ ხელიდან გეცლება გაედევნო… რადგან სულ ბედნიერი იყო, არასდროს მოეშვა…
ახლა ფიქრობ იქ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გატარებულ ლამაზ დღეებზე… ბევრი მოგონება… შესაძლოა დაგავიწყდეს – სად? როდის? რატომ? რას ეძებდი იქ, იმ უცნაურად ლამაზ ადგილას – ქვეყანაში, რომლის ერთ ნაწილში აფეთქებები იყო, შენ კიდევ მეორე მხარეს ზურმუხტისფერი ზღვის ნაპირზე მოგოგმანე თოლიებს მიეპარეე და ააფრინეე? მოგონებების გარდა რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს და დაგრჩა… ფოტოები, კადრებში გაჩერებული დრო… ჰო, ჩემთვისაც გაჩერდა დრო და ერთი წამის მეათასედში გავხდი – ზღვის სანაპიროზე თოლიებს გაკიდებული გოგო…
გავა დრო… ბევრი და ბევრი მოგზაურობით, მოგონებებით აღსავსე, უსაზღვრო ემოციებით მდიდარი, შევწყვეტ ძიებნას… მადლიერი ვიქნები ამ ერთი ცხოვრების. მოვკალათდები სარწეველა სკამში, გვერდით შვილიშვილებს მოვისვამ, მოვუყვები თავგადასავლებს, რომელიც ბევრი, ძალიან ბევრი მექნება… ვასწავლი, არა ვთხოვ მუდამ ეძებონ ბედნიერება – ყველგან და ყველა ფერში…
მერე?
უამრავი ბედნიერებით აღვსილ სულს დაუბერავს ბედნიერების სიო, ნიავი, ქარი, რომელიც ბოლოს ქარიშხლად გადაიქცევა, უხილავ ოქროსფერ თმებს აგიფრიალებს – სხვა მხარეს შეგაბრუნებს, სხვა განზომილებაში გადაგიყვანს, სხვა სახელს დაგარქმევს და კიდევ მოგცემს შანსს მოიპოვო უამრავი ბედნიერება. რატომ შენ? იმიტომ რომ მუდამ ჩაგესმოდა ერთი ფრაზა – „ არ ჩამორჩე შენს ოცნებებს“ და იმიტომ რომ შენ შეგიძლია იყო ბედნიერი…
მაგრამ ყველგან და ყოველთვის მიხვალ იქ, იმ ადგილას – კადრის გასაჩერებლად, რათა კვლავ და კვლავ იხილო – ზღვის სანაპიროზე, თოლიებს გაკიდებული გოგო… რომელიც მუდამ ეძებს იმას, რაც “დედამიწას ატრიალებს” ….
ჰო, ცხოვრებამ სწორედ ის გოგო აირჩია წარმოუდგენელი თავგადასავლების გმირად.