ამბობენ, ტოკიო არის ქალაქი, რომლის სტუმრობის შემდეგაც, თქვენი ცხოვრება უწინდებური აღარასდროს იქნება. ეს არის ქალაქი სადაც ქუჩები და ტროტუარები ცენტრალური გათბობით თბება. სადაც მსოფლიოში ყველაზე განვითარებული მეტროს სისტემაა
და ყველაზე დიდი საფეხმავლო გზაჯვარედინები შეგხვდებათ.
მსოფლიოში ყველაზე ცოცხალი და ხალხმრავალი გზაჯვარედინი შუბუიას სახელით არის ცნობილი, რომელიც შოპინგის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხე, მოდის მოყვარულებისთვის კი, არაოფიციალური დეფილეა.
დეფილე გამწვანებულ შუქნიშანზე იწყებს სტარტს, როდესაც გზაჯვარედინს ოთხივე მიმარულებით ხალხი კვეთს. ეს სწორედ ის ტოკიოა, რომელიც ფილმებში გინახავთ. ირგვლივ ცათამბჯენები, ქუჩაში რობოტები, ნეონის განათებებში გახვეული მაღაზიები ყველა კუთხეში და რა თქმა უნდა, ერთგული ძაღლი, რომლის ისტორიამაც მთელი მსოფლიო დააფიქრა.
ამბავი, ამ მოედანზე დაიწყო, როდესაც აკიტას ჯიშის ძაღლი საკუთარ პატრონს 12 წელი ელოდებოდა. ამ ერთგულ მეგობარს კი, სახელად ჰაჩიკო ერქვა.
დღეს უკვე ჰაჩიკოს ძეგლთან მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით შეყვარებული წყილი საკუთარ მეორე ნახევარს ელოდება. წესი კი ასეთია, თუკი შეხვედრის ადგილი ერგული ძაღლის ქანდაკებასთან ინიშნება, აქ დაგვიანება კატეგორიულად აკრძალულია.
გიგანტურ ულტრათანამედროვე მეგაპოლისში, სადაც ყველაფერი ციფრული და რობოტიზირებულია, ადგილობრივებს ისეთი მარტივი რაღაცები უფრო ახარებთ, როგორიც მაგალითად ჰაჩიკოს ძეგლთან, თუნდაც ერთი საათის უნახავი საყვარელი ადამიანის დანახვაა, ან ალუბლის ყვავილის – საკურას ყვავილობა, ვიდრე ელექტრონული მოწყობილობები. ტოკიოს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა კი, ქალაქის ყველაზე მაღალი და შემჩნევადი ნაგებობა „სქაი თრია.“ ანძა, რომლის უკიდურესი წერტილიდან, ანუ 450-ი მეტრის სიმაღლიდან, მეგაპოლისი რეალობას კარგავს, სადაც დრო ჩერდება და გეიშებისა და სამურაების სამშობლო ერთ პატარა მაკეტად გადაიქცევა.
ტოკიოში, მენტალურად საქმიანი და მოწესრიგებული ადამიანების დღის წესრიგი, საღამოს საათებში თავდაყირა დგება. მკაცრი, შავ-თეთრი დრესკოდი, რომელიც ყველა დაწესებულებაში მომუშავე პერსონალს აცვია, ღამე ფერად, ანიმეს გმირების ტანისამოსად იქცევა და გასართობად შინჯუკუს ქუჩაზე ინაცვლებენ. ასე რომ, მითი, თუკი ის არსებობს, იაპონელების ინდიფერენტულობაზე, აქ ჩამოსულს ნამდვილად დაგემსხვრევათ. ხოლო უძველესისა და ულტრათანამედროვე კულტურულ-ტექნოლოგიური ელემენტების სინთეზით ქალაქი, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აპოვნინებს საკუთარ ადგილს იაპონიაში.