მილანი-ბაქო

მილანი-ბაქო

  მილანი – ბაქო

ერთ-ერთი მეგობრული შეკრების დროს ჩვენმა აქტიურად მოგზაურმა მეგობარმა ნამუსზე აგვაგდო და კატეგორიულად მოგვთხოვა სადმე გვემოგზაურა,მით უფრო,რომ ფინანსური მდგომარეობა ხელს გვიწყობდა და მოგზაურობის სურვილიც დიდი გვქონდა ანუ ეს ის კლასიკური შემთხვევა იყო როცა სურვილი უდრიდა შესაძლებლობას ანუ “ vouloir c’est pouvoir“.
მოკლედ ჩვენც იხტიბარი არ გავიტეხეთ და ინტერნეტს ჩავუჯექით;გადავქექეთ ყველა ტურისტული საგენტო,განვიხილეთ ყველა შემოთავაზება და ამასობაში სად იყო სად არა,მილანის მინმართულებით ბილეთებს წავაწყდით,მთავარი იყო გარკვეული როდენობა -სულ რაღაც 7-8 კაცი,ერთმანეთს დაგავხედეთ-რაოდენობა ხელს გვიწყობდა და რაც მთავარია,ყველას თვალებში იკითხებოდა მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი.მოკლედ აქეთ ვეცით თუ იქით,მაინც არაფერი გამოგვივიდა-რაოდენობაში გვიღალატეს:რამდენიმე მეგობარმა უარი განაცხადა სამსახურის ვერ გაცდენის გამო.
მოგზაურობის სურვილი იმდენად დიდი იყო,რომ ის ღამე ალბათ არავის გვიძინია.ხან სად ვიმოგზაურეთ და ხან სად,ხან რომელ მუზეუმში ვიყავით და ხან ვის სასახლეს ვსტუმრობდით,ხან სად გდავიღეთ ფოტო და ხან რა სუვენირები შევიძინეთ…
მეორე დღეს მძიმე ორშაბათისდა მიუხედავად ერთ-ერთმა მეგობარმა გამოაცხადა თუ მილანში ვერ მივდივართ აქვე ბაქოში ჩავირბინოთო და ხომ გითხარით მოგზაურობის სურვილი იმდენად დიდი იყო,რომ ვისაც პასპორტი არ ჰქონდა დაჩქარებული წესით აიღო,ვისაც სამგზავრო ჩანთა არ ჰქონდა მსწრაფლ შეიძინა და ასე ოპერატიულად გავემგზავრეთ ბაქოში.

გზა იყო გრძელი ,როგორც ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენი,მაგრამ მეგობრები რისი მეგობრები ვიყავით ერთმთანეთი არ გაგვემხნევებინა:ვის ეძინებოდა და არ ვაძინებდით,ვის ემღერებოდა და ამირანივით გულში მღერას ვაიძულებდით,ვის შიოდა და ბუტერბროდების გაკეთებას არ ვაცდიდით,მოკლედ ვლაპარაკობდით ყველა ერთად და ყველაფერს.ეს იყო მხიარულებით სავსე მოგზაურობა,რომელიც პირველად მაშინ შეწყდა,როცა საბაჟოს მივადექით და აი,აქ დაიწყო კიდევ ერთი თავგადასავალი:ნახევრად მძინარენი და ჯდომისაგან გადაღლილები ავტობუსიდან ჩამოვედით და მორჩილად გავუყევით არც თუ ისე მოკლე გზას ტერმინალამდე.გაზაფხულის მიუხედავად ძილგატეხილებს ცოტა შეგვამცივნა,რასაც უმალ ვუშველე:მე ჩემი საყვარელი კუბოკრული პლედი მქონდა წამოღებული,რომელსაც მწველი სეზონების მიუხედავად თან ვატარებ-რა იცი რა ხდებას პრინციპით ,ჰოდა გავეხვიე ამ ჩემ პლედში და მოთმინებით გავაგრძელე გზა,ასევე მოთმინებით ვუძლებდი გზადაგზა ჩემი მეგობრების შურით სავსე ოდნავ გალურჯებულ გამოხედვებსაც.
როგორც იქნა მივედით,რეგისტრაციაც გავიარეთ,ვიზებიც ჩაგვირტყეს (ხო კინაღამ დამავიწყდა -ვიზალიბერალიზაციამდელი ამბავია ეს ) და მშვიდობიანად გადავლახეთ საქართველო -აზერბაიჯანის საზღვარიც.სასტუმროში შუა დღისკენ მივედით,კარგი სასტუმრო დაგხვდა.თქვენი არ ვიცი და მე პირველ შთაბეჭდილებას ქვეყანაზე სასტუმროს სურნელი მიქმნის,პირველი ფეხის შედგმა და ის ჰაერი მიქმნის რასაც იქ ვგრძნობ…ტვინში შემიღიტინა ანუ ეს იმას ნიშნავდა,რომ ,სადღაც ენდორფინებმა გაიღვიძეს და სასიამოვნო მოგზაურობის მოლოდინით ნომრებში დავბინავდით.
ბაქო–ეს არის სუფთა,კოპწია,კრიალა,მოწესრიგებული,ლამაზი,ქვიშისფერი და მზიანი ქალაქი.ქალაქი,სადაც ქართველები ძალიან უყვართ.ქალაქი,სადაც ძალიან კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს.
პირველივე დღეს ვესტუმრეთ შირვან-შაჰის სასახლეს და ქალწულის კოშკს,გავეცანით და მოვისმინეთ საინტერესო და სევდიანი ისტორიები.კიდევ ერთხელ და ალბათ ვერავინ მოთვლის მერამდენეთ დავიტირეთ სიყვარულში უიღბლო ქალწულები.შემდეგი მინიატურული წიგნების მუზეუმი იყო,რამაც გაგვაოცა:პაწაწუნა,ხელისგულისოდენა წიგნები-ადამიანის ხელით შესრულებული სრულყოფილი საოცრებები.უნდა გენახათ ჩვენი სიამაყე ქართული კუთხის და ქართული დროშის დანახვისას-აქ იყო ჩვენი საქართველო,ერთი ციცქნა წიგნებში მოქცეული!

ცალკე ალბათ ხალიჩების მუზეუმია მოსაყოლი.როგორი სიჭრელე და მრავალფეროვნება,როგორი სიძველე და დახვეწილობა,თითოეული რომ საკუთარ ისტორიას ჰყვება ,მხოლოდ თავისას და არ სხვისას.დგახარ,უმზერ,იძირები ამ სიჭრელეში და სადღაც შორიდან ჩაგესმის აზიური მუსიკა,ჩადრით მოსილი ქალების ჩუმი ნაბიჯების ხმა,აზიური ტკბილეულის გემოსაც გრძნობ და მთლიანად იძირები ამ ფერად მისტიკაში..ნაციონალური სამოსები,საუკუნეებს გამოვლილი ხალიჩა-ფარდაგები,ჭრელა-ჭერულა ჩანთები და თავსაბურავები.

ხალიჩების მუზეუმიდან გამოვდივართ და წამის მეასედში ვუბრუნდებით ტურისტულ რელობას-სუვენირების ქუჩა უნდა დავლაშქროთ! და აი,აქ იწყება თავდავიწყება,ვაჭრობა როგორც ასეთი.გამოთქმით ნათქვამი და საგულდაგულო ნავარჯიშები ფრაზა:“ბეშ მანათ“ ფრიად მომხიბლელობას იძენს და ღიმილს იწვევს ბაქოელ გამყიდველებში,გულს არ გვწყვეტენ და მართლაც „ბეშ მანათად“ გვძლევენ 15-20 „მანათიან“ შარფებს თუ ათას სამშვენისებს

.

კმაყოფილები ვბრუნდებით და ვგეგმავთ როგორ დავიკმაყოფილოთ გასტრონომიული ინსტინქტები.გამოგიტყდებით და აქაურმა სამზარეულომ არ მოგვხიბლა,არ აღმოვჩნდით ცხვრის ხორცის მოყვარულები.აქაც ვიპოვეთ გამოსავალი და ისევ იატალიური პიცით ჩავიგემრიელეთ პირი შუაგულ ბაქოში.აი,ტკბილეული?რახათ-ლუხუმი,ნუგა-ჩირები?!ცდუნებას ვერ ვუძლებდით და ჩაის შეკვეთისას მორთმეული მურაბების მთელი პალიტრა?ეს იყო ნეტარი სიტკბოება და კალორიების წყევლა-კრულვით დაწვის ამაო მცდელობა…გემოთმოყვარეობის ეშმაკს ვყავდით შეპყრობილი მგონი
ბაქოს პატარა ვენეცია,ფუნიკულიორი,ალიევის მუზეუმი,სკვერები და სავაჭრო ცენტრი,ეს ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტია…მეჩეთი?მთელი ცხოვრება მკლავდა სურვილი შიგნით მენახა, ფეხი შემედგა და სულ ორი წამით გავჩერებულიყავი..ჯგუფს ჩამოვრჩით სამი მეგობარი და ჩუმად წავედით მეჩეთში,შეგვიშვეს,ფეხზე გავიხადეთ და ისე შევედით.ისევ ფერადი,ჭრელი და იდუმალი,ისევ სადღაც გადავეშვი,ასე მჭირს ხოლმე…მერე მანქანის გაბმულმა სიგნალმა გამომაფხიზლა-ჩვენ გვეძებდნენ.აქაური პოლიცია თუ მილიცია მოსულიყო და ავტობუსის მძღოლს აჯარიმებდა არასწორი პარკირებისთვის.დავუბრუნდით ჯგუფს და სასტუმროში დავბრუნდით.
ბოლო დღეა და რაღაცნაირი სევდა გვაქვს,ტურ ლიდერი გვეუბნება რომ რაღაც საოცარი ნაკრძალი და ადგილები უნდა ვნახოთ-გობუსტანის ნაკრძალი…დავით გარეჯას პატრონს აღარაფერი მიკვირს,მაგრამ მაინც ინტერესით მივდივართ ყველანი…ლამაზი ადგილია ,თუმცა უფრო საოცრება განჯა აღმოჩნდა.ღამით ჩავდივართ.განჯაში ვართო ვიღაცამ ავტობუსში რომ დაიძახა ,ყველამ ერთად წამოვყავით თავები და ლამის ჩვენი პარიზული ტრიუმფალური თაღი არ დაგვხვდა.ისეთი ლამაზი იყო,განათებული და გაკაშკაშებული მართლა Arc de Triomphe du Carrousel-ი გვეგონა…

უკანაა გზა,ვბრუნდებით,ხვალ სამსახურებში მივდივართ,უამრავი შთაბეჭდილებით და ემოციით დატვირთული,არა უფრო გადავსებული,ათასი მოსაყოლი სახალისო ამბითა თუ ისტორიით,უკვე მოგონებად ქცეული ათასი წვრილმანით,რომელთაგან ალბათ სულ პირველი ადგილი მილანს უჭირავს.რომ არა მილანის ვერ შეძენილი ბილეთები,ბაქოს მოგზაურობა როდის შედგებოდა კაცმა არ იცის.