ალბათ ხშირად გვსმენია, რომ დაუგეგმავად წამოწყებული საქმეები უფრო საინტერესო და წარმატებულია. ჩემი ბოლო მოგზაურობის გადაწყვეტილებაც სრულად ექსპრონტად მივიღე. ზაფხულის ბოლო იყო, შვებულება ჯერ არ მქონდა გამოყენებული და დიდად არც მქონდა სურვილი ზაფხული სადმე განსაკუთრებულ ადგილას გამეტარებინა, ამიტომ მოუთმენლად ველოდი ზამთარს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც არაფერი მქონდა გადაწყვეტული. გუგლში უმიზნოდ ბოდიალისას შემთხვევით წავაწდი ბილეთს საკმაოდ იაფად – ქუთაისი-მემინგენი-ქუთაისი. ვიცოდი, რომ თუ მაშინვე არ ვიყდდი შემდეგ აუცილებლად გადავიფიქრებდი, ამიტომ მომენტალურად დავიწყე მონაცემების შევსება და 10 წუთში ბილეთი ჩემი იყო. იმ დროს არაფერზე არ მიფიქრია, რას ვნახავდი სად წავიდოდი, სად დავრჩებოდი, მექნებოდა თუ არა საკმარისი თანხა და ყველაზე მთავარი – ვისთან ერთად ვიმოგზაურებდი, მაგრამ ამ ყველაფრისთვის 3 თვეზე მეტი მქონდა. ბოლო კითხვაზე ბევრი ფიქრის და უარყოფილი შეთავაზებების შემდეგ გადავწყვიტე პირველად მემოგზაურა მარტო. შეიძლება ეს ბოლომდე ჩემი სურვილით მიღებული გადაწყვეტილებაც არ იყო, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა და მეც შევეგუე ამ ფაქტს.
მიუხედვად იმისა, რომ სულ რაღაც 4 დღე მქონდა მოგზაურობისთვის, გადავწყვიტე მხოლოდ მიუნხენს არ დავჯერებოდი და კიდევ გადამეკვეთა საზღვრები. ამიტომ დავიწყე ძიება, სად შეიძლებოდა წავსულიყავი მიუნხენიდან. ალბათ უკვე სტანდარტია, მიუნხენთან ერთად ზალცბურგის, ულამაზესი ავსტრიული ქალაქის, მონახულება, მაგრამ ეს მაინც არ იყო ჩემთვის საკმარისი და ბევრი ფიქრისა და რუკის დაზეპირების შემდეგ გადავწყვიტე შვეიცარიაც გადამეკვეთა და ციურიხს ვწვეოდი. გზას მიუნხენიდან ციურიხამდე დაახლოებით 4 საათი ჭირდებოდა, ავტობუსი კი დილის 7 საათზე გადიოდა მიუნხენის სადგურიდან, მაშინ როდესაც წინა დღეს ღამის 12 საათზე მიწევდა ზალცბურგიდან მიუნხენში დაბრუნება.
ზალცბურგიდან ემოციებით სავსე და „გლუვეინის“ არომატით გჟენთილი დავბრუნდი. უკვე ღამის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც სასტუმროში მივედი და მაშინ მივხვდი, რომ მეძინებოდა და თუ როგორი დაღლილი ვიყავი – ზოგადად ხომ ასე ხდება. დავიწყე ფიქრი ღირდა თუ არა ციურიხში წასვლა?! ავმდგარიყავი დილის 6 საათზე, გავსულიყავი გარეთ, სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთაა, წავსულიყავი სადგურში, როდესაც ჯერ კიდევ ბნელა, მემგზავრა 4 საათი, რამდენიმე საათი გამეტარებინა ციურიხში და იმავე საღამოს დავბრუნებულიყავი უკან. მაგრამ მქონდა მეორე არჩევანიც – მძინებოდა შუადღემდე და კარგად დამესვენა. მაგრამ მაინც ვაიძულე ჩემი თავი, რომ წავსულიყავი, რადგან ავტობუსის ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა და დავიძინე იმ განწყობით, რომ დილით წასვლა არ უნდა დამზარებოდა.
უკვე სადგურში ვიყავი, როდესაც გამოვფხიზლდი და ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩდი ავტობუსში. ახლაც არ მახსოვს როგორ გავიღვიძე და მივედი სადგურამდე, მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხით გავიარე ეს გზა. სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა ჯერ კიდევ ვუსვამდი ჩემს თავს შეკითხვას ღირდა თუ არა ციურიხში რამდენიმე საათის გატარებად 8 საათზე მეტი გზაში ყოფნა. ავტობუსი დაიძრა და უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი, მოვკალათდი და მოვემზადე დამღლელი მგზავრობისთვის.
უკვე გაცდენილი ვიყავი ქალაქს, როდესაც ძილის სურვილი აღარ მაწუხებდა და ეს კიდევ უფრო მიქმნიდა დაღლილობის შეგრძნებას და მეტად მომაბეზრებელი ხდებოდა. მაგრამ, რაც უფრო მეტ გზას გავდიოდი, მით მეტად ვეჯაჭვებოდი ფანჯარას. ყოველ კილომეტრში უფრო და უფრო საინტერესო ხედი იშლებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მაინც რაღაც მაკლდა და ეს დისკომფორტს მიქმნიდა. ბევრი წრიალის შემდეგ მივხვდი, რაც მჭირდებოდა და მოვიმარჯვე ტელეფონი, გავიკეთე ყურსასმენი და ჩავრთე საგანგებოდ შერჩეული „ფლეილისთი“ და სოფთ ჯაზის ჰანგებში გართული შვეიცარიის საზღვარსაც მივადექით.
რბილი სავარძელი, სითბო, როდეასც ხედავ როგორ თოვს გარეთ და საყვარელი მუსიკა, რომელსაც ემატება დათოვლილი, აზვირთული ალპები – რა უნდა იყოს უკეთესი? არასდროს ვყოფილვარ ბუნების დიდი თაყვანისმცემელი, მაგრამ ალბათ არადროს დამავიწყდება მთების ძირში ალაგ-ალაგ დათოვლილი მინდვრები, რომლებსაც მწვანე ბალახი ესაზღვრბოდა – ეს იყო საუკეთესო კონტრასტი, რაც კი ოდესმე მინახავს. თოვლის ფიფქები, რომლებიც ფანჯარასთან შეხებისას დნება და წვეთების სახით ჩდება მინაზე, კიდევ უფრო დრამატულს და ამავდროულად რომანტიულს ხდიდა ამ სანახაობას. ზედმეტად აქტიური და დამღლელი დღეების შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო საუკეთესო ნაწილი ჩემი მოგზაურობის. წუთები, როდესაც მივხვდი, რომ ვისვენებდი და ეს დასვენება ფიზიკურზე მეტად სულიერი იყო. მინდოდა, რომ ეს გზა არასდროს დამთავრებულიყო და მეღიმებოდა, როდესაც მახსენდებოდა თუ როგორ მეზარებოდა ამ გზის გავლა. ეს იყო სრულყოფილი წუთები, რომლებიც ჩემს პერფექციონისტულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.
და აი ციურიხის ბანერიც გამოჩდა, გულს კი ის მიხარებდა, რომ რამდენიმე საათში ამ გზას ისევ გავივლიდი. ქალაქის განსხვავებულმა სტილმა, არქიტექტურამ, გარემომ და ულამაზესმა ხედებმა კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე მომანიჭა. თუმცა ეს მაინც არ იყო განსაკუთრებული სანახაობები ან რაიმე კულტურული ღირსშესანიშნაობები, ეს იყო აურა, რომელსაც ხედავდი, ეხებოდი და გრძნობდი. რამდენიმე საათში უკვე იწურებოდა ჩემი დრო ციურიხში და თითქოს ასეთ დროს გულდაწვეტილი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პირიქით – მახსენდებოდა გზა, რომელიც უკან უნდა გამევლო.
კიდევ უფრო საინტერესო იყო დასაბრუნებელი გზა. აღმოჩდა რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული მარშრუტი გვქონდა და რამდენიმე ქალაქშიც შევიარეთ. ყველაზე საინტერესო კი ტბა კონსტანცის ბორანით გადაკვეთა იყო, სადაც ჩვენთან ერთად რამდენიმე ათეული მანქანა იყო. ეს იყო იმდენად მოულოდნელი, რომ ემოციებისგან არ ვიცოდი რა მექნა, დავრბოდი წინ და უკან, ვიღებდი ფოტოებს და ვიდეოებს. ეს იყო დღის კულმინაცია, რომლმაც კიდევ უფრო დიდი სიამოვნება მომანიჭა. გადავკვეთეთ ტბა და მოყინული გემბანიდან დავუბრუნდი ჩემს თბილ სავარძელს.
გზა უკვე მთავრდებოდა და ვაჯამებდი დღეს და ვხვდებოდი, რომ ციურიხი და გავლილი გზა – ეს მხოლოდ პატარა ნაწილია, რითაც შვეიცარიას გაიცნობ და ეს არის ქვეყანა, სადაც აუცილებლად დავბრუნდები, ვივლი კიდევ უფრო მეტს, ფეხით ვიხეტიალებ მის ქალაქებში და შევიგრძნობ მის გასაოცარ აურას, ისევ ფართოდ გახელილი თავალებით მივეჯაჭვები ავტობუსის ფანჯარას საიდანაც კიდევ უფრი მეტის დანახვის მოლოდინი მექნება.