როცა ვესტმინსტერის ხიდთან ნისლი ჩამოწვა და იქაურობა ბურუსში გაახვია, უეცრად მე-19 საუკუნის ლონდონში გადავარდი. თავი თითქმის ყველასგან უარყოფილი პერსონაჟი, სომს ფორსაიტი მეგონა. ამ ხიდზე ხომ უამრავ ფორსაიტს გაუვლია, დამწუხრებულს, წუწკს, მატერიალისტს, შეყვარებულს, ღარიბს. არა ! ფორსაიტები ღარიბები არასდროს ყოფილან, მხოლოდ და მხოლოდ სულიერად.
მარტოობის სიცარიელე კულტურული შოკით ავივსე და მდინარეზე ტემზაზე უგზოუკვლოდ, მაგრამ არა დაკარგული თოლიების თვალებს გავყევი. ლაბირინთის მსგავსი ქუჩები, რომლის დასასრული არასდროს იყო ისეთივე საინტერესო, როგორც მეორე ქუჩის დასაწყიში უსასრულოდ გრძელდებოდა და ყოველთვის სხვა ლონდონის, სხვა კუთხეში გადავყავდი.
ვესტმინსტერი ნისლში იყო გახვეული, მაგრამ მაინც კარგად მოჩანდა სერ უინსტონ ჩერჩილის მოხუცი სხეული, რომელიც უკვე ათწლეულებია მის ირგვლივ განსხვავებული ცნობიერების ადამიანს დასცქერის და ფიქრობს „მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი – ისევ ისეთივე ამაზრზენი.“
ჩერჩილი მართლაც ხვალ დილით ისევ ფხიზელი იყო, მე კი ჩემი გაოცებული თვალებით მართლაც ამაზრზენს ვგავდი. ისეთივე ამაზრზენს, როგორიც ცხოველების ფერმაში ორფეხზე მდგარი ღორები, მაგრამ ეს არც 1984 წელი იყო და არც ინგსოცის ნაწილი ვიყავი.
ისევ ლონდონი. ისევ ტემზა. ისევ ვესტმინსტერის ხიდი. და ჩემს წინ გაშლილი ფერები, რომლებიც „მეიდენ ლეინის“ ქუჩიდან მთელს ლონდონს გადაკვროდა თავზე. ეს ტერნერი იყო. მან უეცრად ჩემს თვალწინ ამაყად მდგომი პარლამენტი გადაწვა და ტემზაზე დროის დაძველებული ტემერეირა შემოაყენა.
რაინდების, მისტერ შერლოკ ჰოლმსისა და ექიმი უოტსონის, ჰოგვარტის მომავალი სტუდენტების, ბეჭდების უძლეველი მბრძანებლების – მისტერ ფროდოსა და არაგონის, ელფების, დვარფების, საოცარი რომანებისა და რომეოსა და ჯულიეტას, საფეხბურთო ლეგენდებისა და მუსიკალური საოცრებების, სამყაროს პოლიტიკისა და ნისლის დედაქალაქი წამიერად გაშეშდა.
ასე დატრიალდა ყველაფერი. ცხენების ხმას უკვე შორიდან მოისმოდა. ისევ ახალი მგზავრი ? თუ უბრალოდ ქალაქის ცნობისმოყვარეობაში ჩაძირული უცხო გამვლელი ? ეს არც ახალი და არც უინტერესო ამბავი ჩანდა.
წვიმდა !
ბარებიდან ლუდის გაუმაძღარი სუნი გამოდიოდა. გვერდით რამდენიმე მთვრალმა ჩამიარა და დაეჭვებით გამომხედა. მათთვის უბრალოდ გამვლელი ვიყავი, რომელიც მაინც ვერასდროს შეიგრძნობდა იმას, რასაც ლონდონის წვიმიან ქუჩაში მიმავალი ეს სამი მამაკაცი გრძნობდა.
ისევ წვიმდა !
და მეც ასე ვესტმინსტერის ხიდზე, ერთ-ერთი ფორსაიტთაგანი ვიყავი, ვისთვის სომსი, ვისთვის ჯოლიონი, ვისთვის ტიმოთი, ან თუნდაც ნიკოლასი.