მე, ხატია, რაჯი და კიდევ რამდენიმე ინდუსი.

  • Home
  • ბლოგები
  • მე, ხატია, რაჯი და კიდევ რამდენიმე ინდუსი.

ქალაქ ჰამპიში რესტორანი მანგოს ხე ერთადერთი რესტორანია. საუზმეც აქ უნდა მიირთვა, სადილიც და ვახშამიც. შესაბამისად, პერსონალთან იმდენად შინაურდები ორ დღეში უკვე შეგიძლია მიმტანს სიდედრთან მოკითხვა დააბარო.
-„ჰამპის მოსახლეობა გადასახადებს არ იხდიდა, ყველაფერს უკანონოდ აწარმოებდა. ვაჭრობა, რესტორნები, ჰოსტელები, ჰოდა ადგილობრივმა მთავრობამ ჰამპის ტერიტორიაზე ყველაფერი აკრძალა ბოლო 26 დღეა. ახლა მხოლოდ ამ ქალაქის შემოგარენ სოფლებში თუ იპოვით საკვებ ობიექტებს ან დასარჩენ ადგილებს“, გვიხსნის ადგილობრივი მძღოლი რაჯი, რომელსაც ჩვენი ბინიდან მანგოს ხემდე მივყავართ რიქშათი.
-მადამ, ისე ძალიან იაფად მიმყავხართ, 100 რუპია ამხელა გზაზე ძალიან ცოტაა.
– არაა ცოტა, თქვენი ქვეყანა ჩემს ქვეყანაზე გაცილებით ღარიბია, ბენზინის ფასი თქვენს ქვეყანაში თითმის იგივეა რაც ჩემსაში. ჩემს ქვეყანაში კი 3 კილომეტრზე, 100 რუპიის ექვივალენტი ჩვენს ვალუტაზე მშვენიერი ფულია, ასე რომ ნუ წუწუნებ.-ვპასუხობ მძღოლს.
-ჰო, მადამ, მაგრამ მე ამ სოფლიდან არ ვარ, გამოდის რომ ორი გზა უნდა გავიარო, აქ მოგიყვანოთ და ისევ უკან მივბრუნდე ჩემს სოფელში და იქ ვეძიო კლიენტი.
-100 რუპიაზე ხომ შევთანხმით, ახლა რატომღა გვალაპარაკებ ამდენს.
-თუ გინდათ ცოტაც დაამატეთ და გვერდით სოფელში გადაგიყვანთ, იქ ადგილობრივების გამოხდილი ლუდი იყიდება.-მთავაზობს რაჯი.
-არა მადლობა არ ვსვამთ-პასუხობს ხატია. (ჩემი მეგზური).
-ისე, ინდუსი გოგონები სვამენ?- ვეკითხები მძღოლს და ვცდილობ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ყურადღება ფულის მიღმა სხვა თემაზე გადავატანინო.
-კი მადამ, აი მდიდარი ოჯახების შვილები, დადიან ბარებში და იქ სვამენ ხოლმე.
-და სიგარეტსაც ეწევიან?-ვეკითხები.
-კი, მემ, ბარებში ყველაფერს აკეთებენ.
-რა უცნაურია, მე არსად დამინახავს ქუჩაში ან სახლში ინდუსი ქალი, რომელიც ეწევა.-ვპასუხობ.
-მემ, ისე ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს, ის სიკეთე მერე აუცილებალდ დაგჭირდება გაჭირვების ჟამს და წინ დაგხვდება. აი, თქვენ რომ ცოტა ფულს დამიმატებდეთ, ოდესმე თქვენც დაგჭირდებათ ფული და ჩემზე მოცემული წინ დაგიხვდებათ.-აგრძელებს რაჯი.
-ჰო, ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს, გააკეთეთ ახლა თქვენც სიკეთე ჩვენდამი და ოდესმე თქვენც წინ დაგხვდებათ-პასუხობს ხატია.
რაჯი იცინის-მემ, რა ენამოსწრებული ხართ.-მემ, ისე ტუკ-ტუკის მართვა არ გიცდიათ?-ეკითხება რაჯი ხატიას.
ხატიას ვაჭრობით გამოწვეული ყველანაირი სიბრაზე ავიწყდება და თვალები ბავშვური ბედნიერებით ევსება:
– არა არ ვიცი ტარება.
– ჰოდა გადმოდით, მემ, რაღას უცდით. გასწავლით.
რაჯი გულმოდგინედ ხსნის-მემ, ხედავთ რა კარგი მასწავლებელი ვარ, საჩუქარს ვიმსახურებ.
-მეც ძალიან კარგი მოსწავლე ვარ-სიტყვას უჭრის ხატია.

მანგოს ხემდე მივედით. მოხერხებულ მღძოლს ხატიას გაკატავებისთვის 100 რუპიაზე თანხა დავუმატეთ და ბედნიერი გავუშვით.
რესტორანში ადგილები არაა, ამიტომ მიმტანი სხვა მაგიდაზე მსხდომ გოგო-ბიჭთან გვათავსებს. წყვილი ინგლისურად არ საუბრობს, თუმცა, თითქოს მაინც ვარღვევთ მათ მყუდროებას.
-გამარჯობა, საიდან ხართ?-გვეკითხება გოგონა.
-ჩვენ საქართველოდან, თქვენ?- სლოვაკეთი.
-აქ თქვენი პირველი დღეა?-გვეკითხება
-არა მეორე-ვპასუხობთ.
-რომელი ქალაქიდან მოდიხართ?
-არამბოლი, გოადან.
-რა დამთხვევაა, ჩვენც, დღეს ბოლო დღე გვაქვს, რამდენიმე საათში ავტობუსს ისევ გოამდე გავყვებით. ქალაქის გადაღმა სოფელში თუ იყავით? მდინარე რომ გადადის?
-არა, არის იქ რამე სანახავი?-ვეკითხები.
-ბრინჯის და ბანანების ბლანტაციებია. ჰამპისგან განსხვავებით ბევრი რესტორანი და მაღაზიაა იქ. შეგიძლიათ სუვენირები იყიდოთ და მაიმუნების ტაძარსაც ეწვიოთ.
-მადლობა ინფორმაციისთვის, აქეთ მხარეს თითქმის ყველაფერი ვნახეთ, ალბათ გადავალთ მაგ მდინარეზე.

თაკარა მზე აჭერს, სიცხისგან გაღვითქულებს მდინარის გზა სახლებს შუა დაკლაკნილ ვიწრო ქუჩებით სოფლის ავთენტურობისკენ მიგვაცილებს. ეზოს ონკანზე ქალს გასარეცხი ჭურჭელი გამოუწყვია და ჩალის ღრუბელით რეცხავს. მეზობელ ეზოს როგორც ჩანს ონკანი არ აქვს და ქალი წყალს ჭიდან ეზიდება, მერე დიდ ლოდზე გადაფარებულ მამაკაცის პერანგს სათლს ასხამს და უხეში დაგრაგნილი ნაჭერით ხეხავს. ამ დროს სინანულის გრძნობა მიღვივდება ინდოეთის ჰოსტელებში ჩემი ბანაობისთვის უმოწყალოდ გახარჯულ წყლის თითოეულ წვეთზე. სახლის პირველ სართულზე საქანელაზე გოგონა კონწიალობს. სახლებს შორის ვიწრო ქუჩაზე ბავშვები ლახტის თამაშობენ, ჩვენს გამოჩენას ჟივილ-ხივილით ეგებებიან და სკოლის კალამს გვთხოვენ. სკოლის კალამი არ მაქვს, ხელში ნახევრად მოკბეჩილი ორცხობილა მიჭირავს, იქნებ კალმის მაგივრად რაღაც მაინც გავცე. ვნანობ რომ სახლიდან მეტი ორცხობილა არ გამოვიყოლე და ერთადერთ ულუფას ყველაზე უმცროსს ვაძლევ. ბავშვი ბედნიერია, გაბადრული სახით მართმევს ორცხობილას, პირთან მიაქვს მაგრამ არ კბეჩს, თითქოს შეჭმაც ენანება. დიდი ხანი ატრიალებს ხელებში და პირისკენ ზუსტად მაშინ იქანებს, როცა უფროსი თანატოლები უახლოვდებიან.

 

 

 

მდინარემდე მისასვლელი გზა ნელ-ნელა იწურება. უკვე წამებს ვითვლი რომ მივუახლოვდე და სიცხისგან დაღლილმა შიგ ფეხები მაინც გავაჭყუმპალაო. ტუნგაბჰადრას მდინარე უძრავად შეგვეგება. თითქოს ჭუჭყისგან დამძიმებულა და წყლის მცენარეებში გაუდგია ფესვებიო. მდინარის პირას მოხუცი ქალი მეგობარ ქალს მდინარედან ამოღებულ ჯამს თავზე ასხამს. რამდენიმე მეტრში ტანმორჩილი ახალგაზრდა ბიჭი ჩასულა და ისაპნება. ცოტა მოშორებით სოფლის უხუცესები სამოვარს მდინარის წყლით ავსებენ. წყალი შავია. კიბეების საფეხურებიდან ვიხრები და ვცდილობ მდინარეში ჩავიხედო, მგონია, რომ ჰადესის სამფლობელოში მისი ერთ-ერთი მდინარის წინ ვდგავარ, სადაცაა, რომელიმე მკვდარი სული ხელს ამოყოფს და შიგნით ჩამითრევს….
ნავს ველოდებით. ნავი მანამდე არ გადმოჰკვეთს ერთი ნაპირიდან მეორეს სანამ ერთ ნაპირზე იმდენი მგზავრი არ დაგროვდება, რომ ნავის გადაბრუნების და წყალში გაჭყუმპალავების რეალური საფრთხე შეიქმნას. ნავზე ვთავსდებით. შორს ბრინჯის პლანტაციები და პლანტაციის მცველებივით აყუდებული პალმები მოსჩანს. ჩემს უკან მდგარი ინდუსი ბიჭი ყვირილით იპყრობს ჩემს ყურადღებას. ვტრიალდები, ბიჭს ხელში წვრილი ჯოხი და ჯოხზე დახვეული ჭუჭყი უჭირავს. „მადამ, ეს რაები ხდება თქვენს ყურში?“,- რაოო?- გაშტერებული ვპასუხობ. ბიჭი წელზე დამაგრებული პატარა ჩანთიდან ახალ სუფთა ჯოხს იღებს, ყურთან მოაქვს, მიფხაჭუნებს და უკან ისევ ჭუჭყით სავსეს იღებს. „მადამ, თქვენი ყურები სავსეა ამ საშინელებით.“ მე ჯერ ისევ მიჭირს დაბნეულობისგან გონს მოსვლა, ეს ყველაფერი ისე ოსტატურად ხდება, წარმოუდგენელია, ჯოხზე საიდანღაც ხომ უნდა გაჩნდეს ჭუჭყი?! თავისი პატარა ჩანთიდან ყურის ანატომიურ ფოტოს იღებს და მიხსნის „ მადამ, ამ საშინელ ბაქტერიებს ყურის აპკის შიგნით შესვლა და ყურის ლოკოკინაში ჩაბუდება შეუძლიათ, სასიკვდილოდ საშიშია და თუ სასწრაფოდ არ გაიწმინდეთ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება“. ჩანთიდან ახლა ექიმის კვალიფიკაციის დამადასტურებელ რაღაც საბუთს იღებს და 200 რუპიად ყურების გამოპრიალებას მპირდება. აქ უკვე გონს ვეგები და მკაცრი სახით ვპასუხობ „ნაპირზე რომ გადავალთ პირველი შენ ჩახტი და სწრაფად გაიქეცი“. ბიჭი ხვდება, რომ ჩემთან არაფერი გამოუვა და ახლა პირს სხვა ტურისტისკენ იბრუნებს. ნავის ბოლოში მჯდარი ქალი მდინარეში ხელს ყოფს და წყალს პეშვით გვაპკურებს, წყალი მთელს სიფათზე მესხმევა. “წმინდა წყალი, წმინდა წყალი“-გაიძახის ქალი და კიდევ ერთი პეშვი წყლისთვის ამზადებს ხელს. ეს უკვე მეტისმეტია. „გაჩერდით, არავითარი წმინდა წყალი არაა ეგ ჩემთვის, ეგ მხოლოდ ბინძური წყალია და მე ნუ მაპკურებთ“-ვყვირი. ნაპირს მივუახლოვდით. ნავი ნაპირზე ბოლომდე არ შედის, ამიტომ გადასასვლელად მუხლამდე წყალში გატოპვა გვიწევს, წყლისმაპკურებელი ქალი ნიშნის მოგებით შესცქერის ჩემს აკაპიწებულ შარვალს და დასველებულ ფეხებს.  ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და ბუნებასთან მიმიკრიასავით შერწყმულ მწვანესარიან გოგონას ვუღებ. „არავითარი ფოტო!“- მიყვირის. აპარატს დაბლა ვწევ. „მოიცა, თუ ფოტო გინდა მაშინ ფული მომეცი. „, აპარატს ისევ ვიმარჯვებ და ფოტოს ვიღებ “-და ფული? მეკითხება გოგონა. –„შენთვის არ გადამიღია, ბუნებას გადავუღე, ბუნება კი ყველასია“.-ვპასუხობ.
გზაზე პატარა გოგო გადამიხტა, წინა ერთი კბილი აკლია და მისი ღიმილი სასაცილო შესახედია. ცარცით ასფალტზე მანდალას ხატვას იწყებს და მანიშნებს რომ ვუყურო. რამდენიმე წუთში მშვენიერ ნამუშევარს ჰქმნის. „რა ნიჭიერი ხარ“, კომპლიმენტს ვეუბნები და გზის გაგრძელებას ვცდილობ, გოგონა არ მიშვებს, „ფული? ეს მანდალა რომ დაგიხატე ფული არ უნდა მომცე?!“. მეცინება, მთელი ქვეყანა ერთი დიდი კომედიური სპექტაკლია…