ვინც კარგად მიცნობს იცის რას ნიშნავს ჩემთვის კინო. შეიძლება ითქვას, რომ ფილმებით ვცხოვრობ. ყველა მოქმედებას, ყველა სივრცეს რაც ჩემს სამყაროშია ვაკავშირებ ფილმში ნანახთან. ფილმებს ვუყურებ თითქმის ყოველ დღე. ნებისმიერ ვითარებაში: საცობში, ქუჩაში სიარულის დროს, რიგში დგომისას, სამზარეულოში ფუსფუსისას, აბაზანაში ჩაწოლილიც და ა.შ
ფილმების სიყვარულმა ამ მოგზაურობაშიც ჰპოვა გამოხატულება. იტალიაში ყოფნისას რომის ქუჩებში მოსეირნემ რამდენ ფილმში ვიმოგზაურე ალბათ ხვდებით. მარტო ჩემნაირ სინემანიაკს თუ დაებადებოდა ისეთი ახალი ოცნება იტალიაში ყოფნისას, როგორიცაა იტალიელი რეჟისორების საფლავების ნახვა და საფლავებთან ფოტოების გადაღება. მართალია იტალიაში დიდი ხნით ვიყავი, მაგრამ ინტერნეტში მოკვლევის შემდეგ საფლავები იმდენად გაფანტული აღმოჩნდა სხვადასხვა, მოშორებულ ქალაქებში, რომ ამ თრიფზე ეგ ოცნება ვერ ავისრულე. არაუშავს, მიხარია, რაღაცას მაინც რომ ვიტოვებ მომავალში ასასრულებლად.
რომში ჩინეჩიტას უბანში ვცხოვრობდი, ყოველ დილას სახლიდან გამოსულს ავტოფარეხზე სოფია ლორენის მომღიმარი გრაფიტი მეგებებოდა. ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი როცა ამ ხმაურიანი ხალხის ოჯახური „წივილ-კივილი“ და ბაზრობისეული ქოთქოთი რეალურად მესმოდა და არა ფილმებიდან. რეალურად ვხედავდი ველოსიპედზე შემომჯდარ ფერხორციან ქალებს და მათი გავებისკენ მომზირალ სიგარეტმოკიდებულ შავფეხსაცმელებიან ჭაბუკებს, რომლებიც შიგადაშიგ კომპლიმენტებს ესროდნენ სიმპატიურ მდედრებს და ქალებიც ერთი ხელის აქნევით, სავარაუდოდ „ნეტა ერთი შენ“ პასუხით იგერიებდნენ.
თუმცა, იყო ამ მოგზაურობის დროს საფილმე ოცნება, რომელიც ასრულდა. პარიზში არასოდეს ვიმოგზაურებდი, რომ არა ერთი მისია. მახსოვს, ერთხელ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, პარიზის ბილეთს თუ მაჩუქებს ვინმე, თორემ ისე მაგ ქალაქში არასოდეს წავალთქო. სამოგზაურო თვალსაზრისით ჩემთვის ქვეყანა, რომელიც ტურისტებით გაცვეთილია ნულოვანი ინტერესის ზონას წარმოადგენს. მე უფრო დიდი ნეტარებით შემიძლია ვიმოგზაურო მაგალითად მონღოლეთში, ვიდრე პარიზში. მაგრამ, ისევე როგორც იტალია, საფრანგეთიც არის ქვეყანა, რომელსაც ფილმები მაგრა გამოსდის.
აეროპორტიდან გამოვედი და მეტროს ხაზის ძებნა დავიწყე. ხელზე მეტროს ბილეთის ღირებულების თანხა არ მქონდა და დახურდავების წყურვილით სადგურის მაღაზიებს მივაწყდი. ქანცი რომ გაძვრა და ყველამ რომ უარით გამომიბრუნა, მაშინ შემეფეთა ლუისი, ალბათ ალჟირელი იქნებოდა ან მაროკოელი, ფულიც დამიხურდავა, უცებ დამატრენინგა ფრანგულ წესებში და სასურველ ვაგონშიც შემსვა. სანამ ვაგონი არ დაიძრა არ წავიდა. წასვლისას მომაძახა: Welcome to Paris, not everyone here is kind like me.
სანამ ჩამოვიდოდი ჯერ კიდევ მანამდე ჩავიბეჭდე თავში, რომ ფრანგებს არაფერი არ უნდა ვთხოვო, არც უნდა ვხითო. რომ მიჭირდეს, რომც ვკვდებოდე, არცერთი ქუჩა არ უნდა ვიკითხო, რადგან ისინი ისედაც გაღიზიანებული არიან ამდენი ტურისტით. რა ვქნა, დამაშინეს, ყველამ ასე მითხრა, დიდი უცხვირპირო ხალხია და ძალიან უხეშად გიპასუხებენ ან საერთოდ არაო. მე კიდე ცუდი პასუხის მიღებით ხასიათის წახდომას და ქვეყანაზე შთაბეჭდილების გაფუჭებას, მერჩივნა საერთოდ არ მეკითხა არაფერი. მართლაც, 4-მა დღემ ისე ჩაიარა, არცერთხელ არაფერი მიკითხავს არავისთვის, არც ქუჩა, არც ადგილი, არც ტრანსპორტი და სხვა რამ. გუგლის ძიების კარგი უნარები და დატენილი სმარტფონი გაჭირვების ტალკვესია.
რა ვქთვა პარიზზე, ის რაც ჯერ სხვას არ უთქვამს. მომეწონა. ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა, ტრაკში პეროგაყრილი თავზე ბერეტიანი ტიპებით.
ერთადერთი რამაც არასასიამოვნოდ გამაოცა ფასებია. პარიზის ჰოსტელში მისულს ფასი რომ 45 ევრო მითხრეს, საერთო, ქალ/მამრიან, უტუალეტო ოთახში და თანაც ეს რომ პარიზში ყველაზე იაფიანი ჰოსტელი იყო მანდ მინდოდა ტელეფონი ამეღო და იმ ერთი ქართველი კაცივით დამერეკა სახანძროში და მეთქვა „პაჟარია“, ფასებს ცეცხლი უკიდიათქო.
ფრანგი კაცები ქუჩის საუბრებით იტალიელებს არ ჩამოუვარდებიან. „გოგონა, რომელი საათია“- ფრაზით დაწყებული საუბრები მრავლად იყო. არც ენა მიაჩნიათ ბარიერად, არც ასაკი, არც მათი ოჯახური მდგომარეობა და საერთოდ არაფერი. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ველაპარაკე 40 წლამდე ფრანგ პროფესორს და როგორ ვიარე მასთან ერთად 45 წუთი ქუჩებში ისე, რომ მან ერთი სიტყვა არ იცოდა ინგლისურად და მე ფრანგულად. არადა, დამიჯერეთ, სრულად შემიძლია მოვყვე იმ კაცის ბიოგრაფია.
ყველაზე გემრიელი ფრანგული ლუკმა ბოლო დღისთვის შემოვინახე. ჰოსტელში თანამეოთახეს თმის საშრობი ვეთხოვე, აქამდე აძეძილი თმა დავისწორე, მაკიაჟი გავიკეთე და მონმარტის გრძელ აღმართს ფეხით შევუდექი.
ამელის კაფეში მივდივარ. რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო იმატებს გულის ცემა. საათნახევრიანი ზოზინა მსვლელობის შემდეგ კაფეს მივაღწიე და დავდექი მის წინ ქუჩიდან ისე, როგორც ერთ მომენტში ამელი დგას ფილმში. გულამოვარდნილი შევედი და თვალებიდან ღაპაღუპით მცვივა ცრემლები. მომსახურე პერსონალმა არ დააყოვნა, თავაზიანად გამიღიმა და ერთმანეთს ჩურჩული და ოდრი ტოტუს ფოტოსკენ ხელის შვერა დაუწყო.
ამასობაში ერთ-ერთი მაგიდიდან მამაკაცი წამოხტა, ამელის ფოტოსთან დადექითო მანიშნებს და ფოტოს გადაგიღებთქო. ვპოზიორობ. ადამიანები აგრძელებენ ყავის წრუპვას, ნაყინის ჭამას და ვერ ხვდებიან რა ატირებს ერთ კარეთმიან გოგონას ერთი ჩვეულებრივი ფრანგული კაფის შუაგულში. ეს მათთვის უბრალო კვების ობიექტია, ჩემთვის კი კინო. სალაროსთან მივდივარ, იქ სადაც ფილმში ჟორჟეტა ზის და გამუდმებით იჟღვინტება ცხვირსახოცში. მერე მაგიდასთან მივედი, სადაც ბატონი ჯოზეფი ნერვულად ხეთქავს პოლიეთილენის პარკის ბუშტებს და ბოლოს ტუალეტი! ის ტუალეტი, სადაც ამ ორს აქვთ სექსი! რეალურ ტუალეტში თიხის ჯუჯები აწყვია, რომელიც ფილმის რეკვიზიტია. ბაცი წითელი სინათლე ენათება ამელის პოსტერს, როგორც იქნა შემიძლია მშვიდად ვიტირო ბედნიერებისგან. ვფიქრობ, ახლა ტუალეტიდან გავალ და რომელიმე პერსონალს ვთხოვ ფოტო გადამიღოს. თეთრპერანგიან ლანგრიან ბიჭუნას ვუახლოვდები და ვეუბნები: „ იცით, მე პარიზში იმიტომ ჩამოვედი რომ აქ მოვსულიყავი. ჰო, არც ეიფელის კოშკი მაინტერესებს, არც ლუვრი და მონალიზა, არც ტრიუმფალური თაღი (თუმცაკი ამ თაღზეც შეიძლებოდა კინომოყვარულს ერთი-ორი კურცხალი გადმოეგდო), აქ იმისთვის ვარ რომ ამ კაფეში შემოვსულიყავი, ლანგარი უნდა მომცეთ და ფოტო გადამიღოთ“.რაზეა ლაპარაკიო მიმტანმა. აგერ, შემოძვერით ბართანო, აქ დგას ზუსტად ამელი ფილმიდან ის ცნობილი კადრი რომ არისო. დამაყენეს და ჩხაკ-ჩხუკ.
მერე თითქოს ნარკოტიკის დოზა მივიღე და აღარაფერი მახსოვს, დაშტერებული რომ ჩამოვბოდიალდი იმ დაღმართზე და აქამდე საათნახევრის გზა რომ 15 წუთში გადმოვიფრინე ეგეც ვერ მივხვდი როგორ მოხდა. მერე გაღიმებული მოვუყვებოდი სენას ნაპირებს და ვფიქრობდი, „პარიზო, მე შენ მიყვარხარ!“.