ყველაფერი იწყება მთის მონატრებით
თანამედროვე ყოვლისმომცველი ენციკლობედიების მრავალჯერ გადაფურცვლის შემდეგ (ინტერნეტს ვგულისხმობ) ხევსურეთის ერთ ადგილს დავადგი თვალი —- ტანიეს ტბა —
გადავხედე რუქებს, ძირითადად გუგლისა და mygeorgia.ge-ს დახმარებით დავგეგმე მარშუტი, შევათანხმე მეგობრებთან, მოვიძიეთ და შევამოწმეთ აღჭურვილობა… დავთქვით დღე… მოკლედ ბევრი ფაცაფუცის შემდგომ წინა საღამოც მოვიდა…. მიუხედავად იმისა რომ მრავალჯერ მქონდა გადამოწმებული ჩანთა, ვერ ვისვენებ … ვღელავ… მოლოდინის ეფექტმა თავისი ქნა, ღამეც ნორმალურად ვერ დავიძინე…
მზეც ამოიწვერა და ჩემი შეკრული ზურგჩანთა კიდევ ერთხელ კარგად გადავამოწმე… გონებაში ყოველი დღე და სირთულე გავიაზრე…მეუღლეს გზა დავალოცინე, ჩემ სამ მძინარე მამიკოს გოგოს მსუბუქად შუბლზე ვაკოცე და ქვევით მანქანით მომლოდინე შეძენილ ძმას – დავითს შევუერთდი. გზად ორი ახლადგაცნობილიც ავიყვანეთ (ნინი და კახაბერი) და ხევსურეთით სატკბობად გავეშურეთ…
არ ვჩქარობთ… ადგილ-ადგილ ვაჩერებთ, მე ფოტოებს ვიღებ, კომპანიონები კი ბუნებით ტკბებიან. ნინის რჩვებით ნ ა მ დ ვ ი ლ ი ხინკლის გასასინჯად მაღაროსკარში გავჩერდით… სპილენძის ქვაბში შეშის ცეცხლზე მოხარშული ახალი საქონლის ხორცითა და მწვანილებით შეზავებული საოცრება! _ ეს მართლაც რომ უგემრიელესი იყო იმ მრავალ ხინკალს შორის რაც კი მრავალ კუთხესა თუ რესტორანში და თუნდაც მრავალ ოჯახში გამისინჯავს… ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ ღირდა შეჩერებად…
რამდენიმე დღის წინ არსებულმა უამინდობამ ხევსურეთის ბევრი მეწყერსაშიში ზონა გააქტიურა და ბევრგან გზის სავალი ნაწილი სავალალოდ დააზიანა… გულს მიღრღნის და ძლიერ მაღელვებს ეს ფაქტი რადგანაც შეიძლება გეგმები შეგვიცვალოს დაბრკოლებებმა… თუმცა გვიმართლებს და მშვიდობით ვაღწევთ სოფელ გუდანამდე… გუდანი იმ მცირე სოფელთა კატეგორიას განეკუთვნება სადაც მოსახლეობა არის და სოფელს სიცოცხლე ეტყობა… სამწუხაროდ აქ უმეტესად ნასოფლარებია, ანდაც უკეთეს შემთხვევაში თითოოროლა სახლია სადაც ზაფხულობით ჩამოდიან რამდენიმე დღით დასასვენებლად… დიდი სურვილი მაქვს სამანქანო ბილიკი ბოლომდე გამოვიყენო და ადგილობრივისგან გავარკვიე თურმე ტრაქტორებს წინა დღეს გაუწმენდიათ უკანხადუმდე გზა, ჰოდა ჩვენც შეგულიანებულებმა სოფელ უკანხადუმდე მანქანით განვაგრძეთ. ეს ის გზა ნამდვილად არ არის სადაც შეიძლება რაიმეზე ჩაფიქრდე… აქ ყურადღებმა მთლიანად გზას უნდა დაუთმოს მძღოლმა.
ირგვლი ვუყურებ ბუმბერაზ მთებს და მის კალთებზე შეფენილ ნასახლარებს… ვფიქრობ რამდენად ძლიერი პიროვნებები ცხოვრობდნენ… რამდენად რეალურად უყვარდათ მათი სახლკარი, რამდენი ბრძოლა უწევდათ დედაბუნებასთან და ამასთანავე როგორ უვლიდნენ მას… და ისინი არ ივნენ მარტო კაცობით, აქ სოფელი ერთად იდგა, ოჯახი ოჯახის გვერდით იდგა, ერთმანეთს სიცოცხლეს ანდობდნენ, ერთმანეთს ოჯახს ანდობნენ… ალბათ ამიტომაცაა ესე მუდამ ჩაფიქრებული სახით აქაური ხალხი, მთების კალთებივით დაღარული და დაბრაწული სახეებით…
ფიქრებში წასული გზაზე არსებულმა დაბრკოლებამ გამომაფხიზლა, გორშაღმის წყალი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საწყისი შენაკადია ხევსურეთის არაგვის, ადიდებული დაგვხვდა და მანქანით გაგვიჭირდებოდა გადასვლა, მოვერიდეთ რისკს და რადგანაც უკვე საწყის წერტილთან (უკანხადუსთან) ახლოსვე ვიყავით მანქანა გზიდან გვერდზე გადავაყენეთ, მოვიკიდეთ ჩვენი ზურგჩანთები და ფეხი გავისველეთ…
დრო ყოფილა უკანხადუ ერთ ერთი მძლავრი სოფელი იყო სამოცი კომლითა და ძლიერი სალოცავით… ადგილის დედაზე ლოცულობდნენ… დღესდღეისობით კი მისასვლელი გზა უადამიანობის გამო ეკალსა და ჯინჭარს დაუფარავს, საზარესთვის დიდთოვლობას ცალი კედელი ჩამოუშლია… სალუდეში გადაუტანიათ სარიტუალო ნივთები, სასანთლეზე დიდიხანია აღარ დანთებულა სანთელი
ნუთუ ეხა უფრო რთულია მთაში ცხოვრება ვიდრე საუკუნეების წინ? – ეს შეკითხვა შინაგანად მღრღნიდა… და კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა ციცაბო აღმართს… თუმცა სიმაღლის მატებასთან ერთად იშლებოდა კიდევ უფრო საოცარი ხედები… თავისუფლების დიდი ფრთებით… და ამ ხედებს მცხოვრების სიყვარული და ფრთების გაშლა აკლდა…დაისმა წითელი სხივები ბორბალოს მწვერვალს დააფინა… და ქართული გულიდან ამონამღერმაც გზა ბაგეებისკენ პოვა… “ბორბალოს მწვერვალზე ამ მკერდით გატარებ…”
შესანიშნავი ხედის გამო კარვები მთის კონცხზე ერთმანეთის მიბჯრით გავშალეთ. ცოტა დავპურდით და ენერგიაზეც მოვედით, ჩვენი მუსაიფით ხეობას სიცოცხლეს ვმატებდით… სხვა მხრივ კი მშვიდი, უმთვარო ღამე იყო… ირმის ნახტომის კვალით
საძილე ტომარაში დასაძინებლად ჩაგორებულს მიუხედავად დაღლილობისა მთელი დღის კითხვა არ მაძლევდა მოსვენებას… ნუთუ ეხა უფრო რთულია ცხოვრება ვიდრე საუკუნეების წინ… მაშინ როდესაც იმ საოცარ სოფლებს აგებდნენ ყოველგვარი დღევანდელი თანამედროვე ტექნიკის გარეშე… თუ იქნებ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ… ნუთუ ეს მთები უფრო მკაცრი გახდა… ნუთუ დედაბუნებაა უფრო უმოწყალო… ბევრ კითხვას საკუთარ თავშიც არ ვცემ პასუხს … ხვალაც რთული აღმართი გვაქვს გადასალახი…
დილა…
და აი ის შეგრძნებაც რომელიც იყო პირადად ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი… “დილის გამოფხიზლება”… როცა ძალიან ადრე გეღვიძება… წინა დღის დაღლილობაა ისევ სხეულში… ცუდად ნაძინები… ხვდები დილის სიმშვიდის ღირებულებას… და შენი ჩაორთქლილი კარვიდან ჩუმად იპარები ისე რომ თანამეკარვე არ გააღვიძო… მიუხედავად სიცივისა ფეხს ბალახის ნამით ააჯერებ… გაუღვიძებელ სხეულს რომ ჟრიალით მიუყვება სიამოვნება… მერე კი წამის წინ მთის კალთაზე გადმოპარულ მზის სხივებს ეეგებები…
მალევე ვიბარგებით, წინ გრძელი, რთული და მიუჩრდილებელი გზა გვაქვს… რაც ადრე დავიძვრებით მით უკეთესი იქნება….
ალბათ რამდენ თაობას აქვს ეს ქედები ფეხით ნატკეპნი… რამდენი სიყვარულის ისტორია აქვს ჩუმად და საიდუმლოდ შემონახული… რადენი გულიდან ამოხეთქილი ღრიალის ხმა წაუღია ექოდ… რამდენი გამარჯვების თასი შეუსვამთ დაღუპულ გმირ ძმათა გვერდით… რამდენ ჩვილს სიარული უსწავლია, სითამამე უსწავლია, სიყვარული უსწავლია, სიკვდილი უსწავლია ქვეყნისთვის, ყველაფერი ქვეყნისთვის … “გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!”
ტანიეს მწვერვალის ქვემოთ “უნაგირზე” უნდა გადავიდეთ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე რომ ტანიეს წყლის ხეობას ჩავუყვეთ ტანიეს ტბამდე… ტანიეს მთას მხარში ცროლის მწვერვალი უდგას… წმინდა მთაა… მიუხედავად დიდი სურვილისა ვიცი რომ იქ არ უნდა წავიდე, დაღლილობაც ახშობს ჩემში მოუსვენრობას… “უნაგირიდან” ჩვენი დანიშნულების ადგილს გადავხედე… შორს მოსჩანს ტანიეს ტბა ბუმბერაზი მთების კალთებში მოქცეული … ეს სიშორე დღეს უნდა დავფაროთ, დრო კი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს…
ხეობა ალპურ ზონაშია რუსეთის საზღვართან ახლოს, დაცლილია გარეული ცხოველებისგან, ძირითადად მხოლოდ შინაური ცხოველები, ძროხა და ცხენები ყავთ შემოყვანილი სასაძოვრედ… თავისუფლებით და ნოყიერი ბალახით ტკბებიან… ჰო და კიდევ არწივები… ალბათ მხოლოდ ეს დიადი არსებები შეედრებიან ამ დიდებულ ბუნებას თავისი ამაყი, მედიდური ფრთაშლით…
ნელ ნელა ვეშვებით, მივუყვებით ძლივს გასარჩევ ბილიკებს რომლებიც უმეტესად მესაზღვრეებისა და მეცხვარეების მიერ არის გაჭრილი, მივუყვებით ნაშალზე, მივუყვებით მუდმივ მყინვარებზე, მივუყვებით ბალახზე…
ნელ ნელა გავიწელეთ ეს ოთხი კაცი… სიჩუმემ დაისადგურა ჩვენ შორის… სიჩუმემ კი ფიქრს გაუკვალა გზა… თითქოს ჭილყვავები მაზიან ზურგჩანთის ნაცვლად და ხერხემალს მიკორტნიან… მრავალი ათასი ფოტო მაქვს ნანახი სადაც მშვენიერი გარემოთი თავს იწონებს ესა თუ ის ქვეყანა, იწონებს იმით რომ ბუნებათან ერთად ინფრასტრუქტურაც აქვთ შეხამებული და მოვლილი… ჩვენ კი მხოლოდ ისტორიის ნარჩენები გვაქვს, ვამაყობთ და ყველას ვაოცებთ წინაპრით, მაგრამ წინაპარი იამაყებდა კი ჩვენით? წინაპარს ნეტავ რით გავაოცებდით?
ახლადჩასვენებული იყო მზე მთებ უკან კარვის გაშლა რომ დავიწყეთ ტბისპირას, ცოტა დაღლილობამაც იმოქმედა და დღეს ნაადრევად დავიწყეთ საძილე ტომრებში მოკალათება…
.
.
.
პირველი ნაწილის დასასრული ——–> იხ. ხევსურეთს გასვლა ნაწ. II