უვიზო ბედნიერება ქუთაისი – მილანი

ყველაფერი ზედმიწევნით ქართულად დაიწყო.

ვიყიდე კოპიტნარის აეროპორტის ავტობუსის ონლაინ ბილეთი, რომელიც პუშკინის სკვერიდან გადისო ოპერატორმა ბიჭმა მითხრა და გულს შემომეფინა, ორ ნაბიჯზეა ჩემი სახლიდან. გადავამოწმე ბარგის და გასვლის ამბავი და დავიძინე. დილით ავტობუსის გასვლამდე 15 წუთით ადრე მივედი. ჩემთვის ავტობუსში ადგილი არ არის :). აი ასე, უბრალოდ არ არის და მორჩა. გაიყიდა. ვუხმობ კომპანიის წარმოამდგენელს, ვაჩვენებ ბილეთს, ინვოისს, ის კი მეუბნება, რომ იქვე მდგომ მიკროავტობუსს უნდა გავყვე. არა. აქ იწყება ჩახველება და ჩემი როგორც, მგზავრის უფლებების დაცვა. რეკვა ოფისში, ესა ისე. ყველა მიყურებს როგორც ისტერიჩკას, ‘რა დღეში აქვს ნერვები-ს’. აი ძალიან ჩვეულებრივ მიკიდებენ და აპირებენ გასვლას, ყველა ზის თევზისა და მაჩვის სახეებით. ვრთავ ყველა დარჩენილ მძიმე არტილერიას. უარს ვამბობ შემოთავაზებულ ფულზე და რა გასაკვირია და თბილისში დარჩენსაზეც. ვიმაჯვებ ტელეფონს და ვამბობ რომ დავრეკავ ყველგან: მთავრობაში, ოპოზიციაში, მარეგულირებელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდში, ბაია პატარაიასთან და მეუფე პეტრესთან, ან რომელიმე სხვა მეუფესთან. შედეგად, ავტობუსიდან ჩამოდის ადამიანი, რომელსაც მაგრად კიდია სად დაჯდება. ახლახანს მოვედიო იღიმება. იმდენ მადლობას ვეუბნები, მივყვები მიკროავტობუსამდე და ისე შევციცინებ, რომ რავი ქუთაისამდე მირონი უნდა სდიოდეს წესით :). ავდივარ ავტობუსში, საყველთაო ზიზღის ფონზე ვიკავებ ადგილს, ვრთავ მუსიკას, რომელიც ბედად ‘ახლა შენი დროა’ ქავერია და ეგრე მავიწყდება ყველაფერი. ახლა შენი დროა, დიდ ხანს გელოდი, ახლა შენი დროა … ვიღიმი.

საზღვრის დაცვის ოფიცერის ქუთაისური კილო არის ბედნიერება <3. მიღიმის, ვუღიმი. ძალიანაც შეეხედება და ისე მისმევს შეკითხვებს თითქოს მეკითხება დედა როგორაა, თეთრი ბლის მურაბა თუ შემოგვჩა, დროულად მომიტანეს თუ არა ამ თვის ნეშენელ ჯეოგრაფიკი და მიმიხარია თუ არა იქ, სადაც მივდივარ. მაგარი მოწესრიგებული მგზავრია ნახეო მეორე შემოსწრებულ ქუთაისურ კილოს ეუბნება და კაიოჯახიშვილური ღიმილით მიშვებს. ჩვენ რომ ცოტა მეტ ჭკუას და მონდომებას ვატანდეთ საქმეს, ჩვენი ფასი ხალხი არ იქნებოდა დედამიწაზე :). სანამ ავფრინდები ერთსაც ვუსმენ, მწვანე ოთახის ‘ერთად’  (ირაკლი ჩარკვიანის)  ქავერების კრუიფი და რომარიოა.

ვიზეარის ქართველი ბორტგამცილებლები არიანც ცქრიალები და საყვარლები. ჯერ კარგად არ აქვთ ღიმილმაკიაჟი დამუღამებული, ამიტომ გულღიად გიღიმიან. მშვენიერი ლაინერები ყავთ, ერთია სკამი არ გადადის უკან, გრძელ დისტანციაზე ცოტა არ იყოს დამღლელია და საპირფარეშოსთან პერიოდულად ხალხი ქუჩდება.

იტალიელს პასპორტი მივაწოდე. უვიზოდ ვარ, ხელში მთელი შეკვრა საბუთები მიჭირავს, ერთი კი გადმომხედა და ტურისტი ხარო ? მეთქი არა. მზად ვარ ყველა მის კითხვაზე ფურცელი ავაფრიოლო. იმან კიდევ ჩაარტყა ბეჭედი და თვალით მანიშნა მიბრძანდიო. ნეტაი ამათ

არ მოვყვები როგორ გაბურღა ტვინი ქალმა რომელიც შეუჩერებლად ელაპარაკებოდა ქმარს მის დაქალს და დაქალის ქმარს, მალპენზადან ქალაქამდე. ისე მენატრებოდნენ იტალიელები, მეთქი ჯანდაბას გავუძლებ. არ გაჩერებულა. ქმარს ხმა არ ამოუღია და შუშანიკის სახით იცქირებოდა დაქალის ქმრისკენ.

დავყარე ყველაფერი. შხაპი და გარეთ.

მილანი <3

ეგრევე ამეტირა. ლამაზი, მწვანე, დიდებული, სტილი სტილი სტილი. რავი მგონი მეთორმეტედ ვარ და არ მომბეზრდება არასდროს. სადარბაზოების და ეზოების ღმერთქალაქია. სადაც ბევრ ადგილობრივს დაინახავ იქ უნდა შეეკვეტო ყოველთვის. ჰოდა ერთ გეი ფრენდლი ბარში შევეკვეხე, ტევა არ იყო. აპეროლი სპრიცი ავიღე და ისე გავუღიმე ფორთოხლოსფერ ყინულებს, ბარმენმა 32 კბილით იხარხარა. სულ ლამაზები ჰქონდა :). რაც გინდა ჭამე იქითო, გამახედა და ჰოიიი 🙂 ნახევარი დახლი საჭმელი ჩავილაგე.

 

გვერდით ორი მეგობარი მოკალათდა და ტიპმა წეღან გიყურებდი ფოტოებს იღებდი და პორტრეტები გევასებაო ? მეთქი ჰო. გამეცნო – ტანსაცმლის დიზაინერი ვარო. დავიდე ერქვა. გოგომ მეცო და კიარა ვარო. ვილაპარაკეთ, ესა ისა და მეთქი წავალ და ბოუი გასული წლის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო ჩემთვის თქო მაისურზე მივანიშნე და ისე აჩვილდა ვიდექით ჩახუტებულები ასე ორი წუთი. ეგრე არავინ მიყვარდაო 🙂 მოწევა გინდაო ? მეთქი ტვინის დაპატარავების მეშნია თქო და გავიგუდეთ :))

7:30-ზე უკვე ვსაუზმობ. ახალდაცხობილი კრუასანები ისე შემოაქვთ როგორც წყლიდან ამოყრილი ხინკალი. რაღაც ახალი პონტი აუგდიათ ფორთოხალსტაფილოლიმონის წვენი, ადრე არ შემიმჩნევია და არ იყო ურიგო. შაბათია, ქალაქი ცარიელია. ისევ ამეტირა. ეს ქვეყანა არის ბედნიერება, ყველა თავისი პატიოთი და დანგრეული კედლით. როგორ ახერხებენ ასე აივნების გამწვანებას ვერ ვხვდები. აივნები ხომ ჩვენც გვაქვს -_- .

მზეა, მინდა დუომოს სახურავზე პირველი ავვარდე და გავწვე. ავვარდი. კადრის მიხედვით მინდა ვიპოვე ადგილი სადაც ალენ დელონი და ანი ჟირარდო დააყენა ვისკონტიმ. რავი, მგონი ვიპოვე და მიხარია სულელივით. მივწექი და მგონი ჩამთვლიმა კიდეც, ასეთ თბილ ამინდსაც არ ველოდი. რომ ჩამოვედი უკვე მშოდა. აქ ამათ ყაიდაზე ვეწყობი ეგრევე და როგორ ხდება ეგ არ ვიცი. ვია სპიგაზე მივაკითხე ერთ პიცერიას სადაც სატირალ პიცას აკეთებენ. ისეთ კრემა მოცარელას ახლიან და ზედ  მეგრულ წიწაკას აყრიან იმეეე. ძაან სვეცკად მივაყოლე სპუმანტე ერთი. მეორეც.

დოლჩე და გაბანა სულ გაგიჟებულან და საერთოდ ეგენი არ არიან ნორმალურები ისეთი ვიტრინები აქვთ. მილანის ვიტრინებზე ცალკე ამბავი უნდა დაწერო ადამიანმა. წავედი ბრერაზე. იქ ჩემი საყვარელი სანაყინეა. თან მინდა აკადემიაში შევძვრე და გავარკვიო დიზაინის გამოფენის პარალელურად არქიტექტურული ტრიენალე რომ იმართება როგორაა შესვლის ამბები.

შუადღე ბრერაზე არის ჰეი ზანა ჰეი ზანა, ზანა ზანა ჰო. ისეთი სიყვარულია ყველგან გგონია რომ სულ ზეთის ხილის რტოებზე დადიხარ. შაბათია, მზეა. ახალი გამომზეურებული გოგოები და ბიჭები. სტილი სტილი სტილი.

‘ამორარეს’ შავი შოკოლადის, პისტაჩიოსა და passion fruitის ნაყინი არის უკვდავების წყალი. ჩვეულებრივი ლურჯი ფრინველი. დაჟე ფასკუნჯი :). ისევ მეტირება, მაგრამ ნუ ძალიან ლამაზ სკამზე ვარ მოკალათებული და მოპირდაპირე მხარეს ტერასაზე მჯდომი კაი კაცი მეპრანჭება უკვე 5 წუთია და სხვა დროს ვიტირებ, ჯანდაბას მაგის თავი.

6 ზე სასტუმროში უნდა ვიყო, ვერონაში მივდივარ და დრო რომ მეპარება კი ვხვდები, მაგრამ… არ მეთმობა ეს უბანი :(.

მივარდი, ავიღე ჩემოდანი და გავქანდი სადგურზე. რა თქმა უნდა მაგვიანდება. 2 ქუჩაა და ტაქსის გამოძახებას აზრი არ აქვს, ესე იგი ჩემოდანს მივაგორავებ. გამძვრა სული, წამით მივასწარი. კიბეზე ფეხი ავდგი თუ არა დაიძრა. როდის გადავეჩვევი ამ ბოლო წუთზე მგზავრობის მოსწრებას და ფორტუნას გამოცდას ? არასდროს.

მილანში სამშაბათს ვბუნდები. გვერდით სკამზე ჭუჭყიან სკანდინავიელ გოგოს ძინავს. ლამაზია, მაგრამ ძალიან ყარს. სხვაგან გადავჯექი. სახე სულ წითელი აქვს და თმაზე იმდენი ძაფი აქვს შებმული, ძირში თუ წაიჭრის, თორემ ისეა გაბურდული შანსი არაა უმტკივნეულოდ ჩაიაროს მაგის შეხსნამ. მისი ბიჭი რომ მეგონა, ისიც სხვაგან გადაჯდა. მხედველობის არეალიდან მაინც არ ვკარგავ, ლამაზია და. დესენცანოში დაურეკა ვიღაცამ და დაუწყო ნამძინარევი ჩიტის ენით ლაპარაკი. ვიკინგია, ‘სკვითია’ ვერ გავიგე :), მაგათ ენას რას გაიგებ. პესკიერა დელ გარდაში ჩაასკდა თავისი სახლივით ზურგჩანთით. შემდეგი გაჩერება ვერონა პორტა ნუოვა.

ცოტა სუსხიანი ამინდი დამხვდა. ინტერნეტი არ მქონდა, ვტრიალებ სასოწარკვეთილი.  მივადექი ახალგაზრდა წყვილს, ინგლისელები აღმოჩნდნენ. ეგრევე დაგუგლეს ჩემი სახლი, გზად უნდა გავიაროთ ტაქსით და გაგიყვანთ 5 წუთიც არ უნდაო. მეთქი, არა გავისეირნებ. ბიჭი წითური იყო და გოგო შავგვრემანი. ლამაზი შვილები ეყოლებათ, თუ მოიფიქრეს რამე

ვერონა ისევ ისეთი დამხვდა როგორიც დავტოვე 12 წლის წინ. საუცხოოდ მოხდენილი, კოპწია და ხვანცალა. ძალიან სათუთი მოგონებები მაკავშირებს ამ ქალაქთან.  როდესღაც უარი ვთქვი ერთი ბიჭის სიყვარულზე აქ და რატომ მეხი არ დამეცა არ ვიცი, განგებას ან ეძინა, ან გასული იყო, ან გამომცადა და აჰა. აქა ვარ ისევ და გაინძერი 🙂

 

მოგზაურობა ისეთია დროს ხან გაუსწრებ ხანაც ჩამორჩები. ღმერთი ხარ მა რა ხარ ?! 🙂