ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა

  • Home
  • კულტურა
  • ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი “ეთნოფესტი 2020” ონლაინ ფორმატში გაიხსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით. სამიტის გახსნაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მიიღო.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით “ეთნოფესტი 2020” წელს ონლაინ სივრცეში ტარდება. 100-ზე მეტი დიზაინერისა და ოსტატის ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და, სურვილის შემთხვევაში, მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე: https://www.facebook.com/TbilisiEthnoFest

“ეთნოფესტი” არის ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის განვითარების და სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი  პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში. მისი მიზანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართველი დიზაინერების, ოსტატებისა და  მწარმოებლების წარმოჩენა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია; დარგის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება მასში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებით; ვებგვერდის ვიზიტორისთვის, მრავალფეროვანი, ორიგინალური და ხარისხიანი პროდუქციის წარდგენა; ტრადიციული რეწვისა და ხელოსნობის საწარმოების ბიზნესის უნარების გაძლიერება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების საშუალებით და თბილისის რეგიონის რეწვისა და ხელოსნობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამიტის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ: პროექტის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი, სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი, ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვოჩი, ევროპა ნოსტრას ვიცე-პრეზიდენტი პიტ ჯასპაერტი და პროექტის მხარდამჭერები და მონაწილეები. ღონისძიებას უძღვებოდა დათუნა ალადაშვილი.

“ეთნოფესტი – 2020 ელექტრონულ სივრცეში” ორგანიზატორია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, ქ.თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

 

წყარო : საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

Tags: