წარმოგიდგენთ ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ სასტუმროს – “Hotel Alismereti”-ს

სასტუმრო არის საოჯახო ტიპის, ეკო მეგობრული, გარშემორტყმულია მთებით და ულამაზესი ხედებით, სასტუმროს აქვს თავის მცირე მარანი, სადაც ქვევრებში გვაქვს კრახუნისა და ალადასტურის, საკუთარ მამულში მოყვანილი ღვინოები – ქეთევან კვირიკაშვილი

სტატიაში გაეცნობით ქეთევან კვირიკაშვილს. მან იმერეთში, კერძოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისმერეთში, შეიძინა ყოფილი პიონერთა ბანაკის მიტოვებული ტერიტორია. ის თავისი ხარჯებით ნელ-ნელა ატარებდა მშენებლობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. დღესდღეობით, სოფელ ალისმერეთში მდებარეობს ულამაზესი მთებითა და ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო – “Hotel Alismereti”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს.

     1. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის ქეთევან კვირიკაშვილი?

მე, ქეთევან კვირიკაშვილი დავიბადე ქალაქ ქუთაისში, დავამთავრე ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მსუბუქი მრეწველობის განხრით – წარჩინებით და 15 წელი ვიმუშავე ამავე უნივერსიტეტში, როგორც პედაგოგად, ასევე ორგანიზაციულ თანამდებობებზე. შემდეგ 10 წელი ვიცხოვრე ქალაქ მოსკოვში, სწორედ იქ მოხდა ჩემი დაინტერესება სასტუმრო საქმით. ამ მიზნით შევიძინე სოფელ ალისმერეთში ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია 2005 წელს.

     2. თქვენ იმერეთში, კერძოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ ალისმერეთში გაქვთ სასტუმრო, რომელიც როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთადერთი სასტუმროა ამ სოფელში, როდის დაინტერესდით სასტუმროს ბიზნესით და რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

როცა აქ მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია– იყო სრულიად გაძარცვული, არავითარი პირობები არ არსებობდა, (ფაქტიურად  არავინ ცხოვრობდა, შუქიც კი მე გავიყვანე სოფელში საკუთარი ხარჯებით) და ნელ–ნელა ვატარებდი მშენებლობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს, არ იყო არც გზა, ბაღდათის რაინული ცენტრიდან 1საათი და 40 წუთი ვანდომებდით ასვლას (ახლა 15 წუთი სჭირდება).

3 წლის წინ დაიწყო ქუთაისი– ბაღდათი– აბასთუმანი–ბენარას გზის მშენებლობა, რომელიც გადის ჩემი სასტუმროს წინ და დღეს გვაქვს  შესანიშნავი გზა. სწორედ ამ გზით მოხდება  მომავლში დიდი ტურისტული მარშრუტების განხორციელება, რადგან ის უერთდება ახალციხეს და არის უმოკლესი იმერეთთან დასაკავშირებლად, თან მთებში ულამაზესი ხედებით, ამიტომ  მე და ჩემმა მეუღლემ აქტიურად დავიწყეთ მშენებლობა.   

     3. თქვენს სასტუმროს ჰქვია “Hotel Alismereti”, მოგვიყევით, ვისთან ერთად და რატომ გადაწყვიტეთ ამ სახელის შერჩევა?

სასტუმრო “ალისმერეთი” – ეს სახელი შევურჩიეთ, იმიტომ რომ ყოფილ პიონერთა ბანაკს ერქვა ასე და მშენებლობის დროს ხშირად მოდიოდნენ და გვწერდნენ ბანაკის ყოფილი დამსვენებლები, გვსტუმრობდნენ  შვილიშვილებთან ერთად და ჩავთვალე, რომ ეს კიდევ ერთი მოტივაცია იქნებოდა ჩვენთან სტუმრებისათვის და აამაღლებდა ცნობადობას.      

      4. თუ შეიძლება გვითხარით, რით გამოირჩევა თქვენი სასტუმრო და რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

სასტუმრო არის საოჯახო ტიპის, ეკო მეგობრული. (წყლის გათბობისათვის ვიყენებთ მზის ენერგიას) გარშემორტყმულია მთებით და ულამაზესი ხედებით. გვაქვს 8 კეთილმოწყობილი 2–3–4 ადგილიანი ნომრები, ყველა ნომერს აქვს თავის სველი წერტილი და ტერასა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ და დატკბნენ მთების ულამაზესი ხედებით. გვაქვს სასადილო ზონა– სამჯერადი კვებით, მენიუში გვაქვს ქართული და მხოლოდ იმერეთისათვის დამახასიათებელი კერძები. სასადილო ზონა განთავსებულია მცირე აუზის თავზე, სადაც სტუმარს შეუძლია თვითონ დაიჭიროს თევზი და მერე მიირთვას სადილზე. სასტუმროს აქვს თავის მცირე მარანი, სადაც ქვევრებში  გვაქვს კრახუნისა და ალადასტურის, საკუთარ მამულში მოყვანილი ღვინოები. (გადმოცემის თანახმად თამარ მეფის ქორწილში ფერსათის ღვინოს სვამდნენ, ჩვენი ვენახებიც სწორედ ფერსათშია, ასევე ამბობენ, ძველად, როცა არაბები შემოიჭრენ ბაღდათში, ისე მოეწონათ ალადასტურის  ღვინო – სვამდნენ (რელიგია კი უკრძალავდათ ღვინის სმას), ამას ამართლებდნენ იმით, რომ ეს ერთადერთი ღვინოა რომლის სმასაც ალაჰი არ გვიკრძალავს და დასტურს გვაძლევსო – აქედან მოდის მისი სახელი ალაჰდასტურ.)

ასევე, სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან  იმერეთისათვის დამახასიათებელი   ქვევრის მჟავე და მხოლოდ ამ მხარისათვის დამახასიათებელი ქვევრის ყველი და საქვეყნოდ ცნობილი ხანის სულგუნი. სურვილის  შემთხვევაში სტუმარი თვითონ შეძლებს ამოიღოს ქვევრიდან ღვინო, ყველი და მჟავე, თავის ხელით გააკეთოს ე.წ. კეცის მჭადი, კეცის ხაჭაპური, ფელამუში, ჩურჩხელაც და მერე მიირთვან ყველაფერი  მარანში, ბუხრის წინ გაშლილ ეკსკლუზიურ მაგიდაზე (ესაა მაგიდა, რომელშიც ჩამონტაჟებულია პატარა ქვევრი და ღვინოს სუფრაზე პირდაპირ ქვევრიდან იღებენ.).

სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ სასტუმროს ულამაზეს ეზოში მდინარის პირას, იბანაონ და ითევზაონ. დაესწრონ კინოსეანსებს ღის ცის ქვეშ საღამოობით. სასტუმროს ეზოში არის ბალნეოლოგიური გოგირდის წყალი, რომელიც სასარგებლოა სახსრებისათვის და კანისათვის. ჩვენთან შესაძლებელია ღია სივრცეში დღესასწაულების აღნიშვნა, კორპორატიული ღონისძიებების მოწყობა. მივიღებთ საზაფხულო ბანაკებს და სპორტსმენებს შეკრებებისათვის.

ჩვენთან ძალიან ახლოსაა ყოფილი საკავშირო მნიშვნელობის კურორტი ზეკარი, რომელიც სრულიად განადგურებულია, მაგრამ ის წყალი რომელსაც საოცარი შედეგები აქვს სახსრების მკურნალობაში ისევ არის და იქ აბაზანის მიღების საშუალება მაინც არის, მსურველების მიერ სახელდახელოდ შექმნილი. ჩვენ ვანხორციელებთ ტრანსპორტირებას კურორტზე სურვილის შემთხვევაში, მოუმართავთ კიდეც ამ სერვისის მიღების შესაძლებლობაზე.

     5. რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში, რაც სასტუროსთან არის დაკავშირებული და ზოგადად რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

სასტუმროში მუშაობა არის 24 საათი და 365 დღე წელიწადში, ძალიან შრომატევადია, მაგრამ არის ძალიან საინტერესო. ახლავს ასევე სირთულეებიც – ჩვენს შემთხვევაში  პრობლემაა ის, რომ  სოფელში არ არის გაზი და სასტუმროს გათბობა გვიწევს მყარი საწვავით, პრობლემურია კვალიფიციური  დამხმარეებიც  და ბოლოს კორონა პანდემია ჩვენთვის დიდ გამოწვევად იქცა.

      6. როგორი იყო მოთხოვნა თქვენს სასტუმროზე პანდემიამდელ პერიოდში და თუ შეიძლება გვითხარით გყავთ თუ არა ამ ეტაპზე მომხმარებლები, რომლებიც მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა არ იშურებენ უნიკალურ და განსხვავებულ ადგილებში დასვენებას?

ჩვენს სატუმროს ჯერ ოფიციალური სტუმრები არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით ჩვენს სამეგობრო დიდ წრეს საქართველოში, მოსკოვში, გერმანიაში. გვსტუმრობდნენ ტუროპერატორები – პროფესორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით და ყველამ კარგი შეფასება მოგვცა. ახლა პანდემიის გამო  შეჩერებულია მუშაობა, მაგრამ მოთხოვნები გვქონია კორპორატიულ ღონისძიებებზე.

     7. თუ შეიძლება გვითარით, რა ასაკის ადამიანები გსტუმრობთ და დაახლოებით რამდენი ხნით რჩებიან სასტუმროში?

სასტუმროში მომხმარებელი ძირითადად 18 წლის  ასაკის ზევით გვყავს, რომლებსაც სურთ 1–2 ღამით სტუმრობა, მაგრამ  ოჯახებისგან გვქონია 7–10 დღით სტუმრობის სურვილი, ასევე იყო შემოთავაზება აგროტურზე და კულინარულ ტურზე.

     8. გყავთ თუ არა სასტუმროში დასაქმებულები, რომლებიც მომხმარებლებს უწევენ კონკრეტულ მომსახურებას, თუ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები პირადად ხართ ჩართული სტუმრების მომსახურებაში?

სასტუმროში ჯერ–ჯერობით 4 თანამშრომელია – მზარეული, დამლაგებელი, დარაჯი და მე. ზაფხულისათვის როცა ავამუშავებთ ეზოში ღია კაფეს, გვეყოლება მეტი სტუმარი. დაგვჭირდება დამხმარეების აყვანა.

     9. და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები სასტუმროსთან დაკავშირებით, აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

ვგეგმავთ ეზოში პატარა კოტეჯების აშენებას, ქორწილების და დღესაწაულების ღია სივრცეში მოწყობას, სარეკლამო კომპანიის უფრო დიდი მაშტაბით გაშლას, ვაწარმოებ მოლაპარაკებას მოსკოვში ერთ–ერთ ტურისტულ კომპანიასთან, გვაქვს კავშირები გერმანიასთან, პოლონეთთან და ჩინეთთან – თუ პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი. გვინდა ზაფხულში ვუმასპინძლოთ ყველის ფესტივალს და შემოდგომაზე „ბაღდათობას“. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სასტუმროს რეკლამირებას.

Facebook : Hotel Alismereti

Instagram : hotel_alismereti

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: