სტატიაში გაიცნობთ ალექსი ღუდუშაურს და მის მიერ დაფუძნებულ აგარაკის ტიპის განთავსების ობიექტს “Allegria House Kazbegi”-ს, სადაც სტუმრებს საოცრად მშვიდ, მყუდრო, თბილ და კომფორტულ გარემოს სთავაზობენ დასვენებისა და განტვირთვისთვის.
1. გვიამბეთ ვინ არის “Allegria House Kazbegi”-ს დამფუძნებელი და რამ განაპირობა თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება?
მე ვარ ალექსი ღუდუშაური, პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორი, შესაბამისად ჩემი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. მაქვს პროექტ მენეჯერობის გამოცდილება, როგორც კომერციულ კომპანიებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. ვფლობ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ სტარტაპს, რომელთან დაკავშირებითაც არაერთ კონკურსში გავიმარჯვე და 2019 წელს მქონდა ვიდეო პრეზენტაცია იაპონიაში “კეკ”-ის მაღალი ენერგიის ნაწილაკების ამაჩქარებლის კვლევით ცენტრის 40 მსოფლიო დონის ფიზიკოს მეცნიერთან. ასევე, ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში სტარტაპ მენეჯმენტის მიმართულებით, ვვაჭრობ საფონდო და სავალუტო ბირჟებზე და ვფლობ აგარაკ “Allegria House Kazbegi”-ს.
ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი არა უბრალოდ რიგითი მუშაკი, არამედ დამსაქმებელი. სამსახური შეიძლება დამეწყო გამოცდილების მისაღებად, მაგრამ მთავარი მიზანი ყოველთვის საკუთარი ბიზნესის დაწყება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა (თუ არ ჩავთვლით პანდემიას), გადავწყვიტე სწორედ ამ სფეროში გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და გაქირავების მიზნით ავაშენე აგარაკი ყაზბეგში.
2. როგორ გაჩნდა “Allegria House Kazbegi”-ის დაარსების იდეა?
აგარაკი “Allegria House Kazbegi”-ის დაარსების იდეა გაჩნდა უცხოეთში სწავლის პერიოდში. ქალაქ ვარშავაში სრულიად შემთხვევით გავიცანი ერთ-ერთი მუზეუმის დირექტორი, რომელმაც მკითხა თუ საიდან ვიყავი, მეც სიამაყით ვუპასუხე, რომ ვარ ქართველი და ამის ხსენებაზე სახე შეეცვალა. პირველი რაც მითხრა იყო ის, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში მოგზაურობდა და ყაზბეგის მყინვარიც ჰქონდა დალაშქრული. რამდენიმე საათიანი სასიამოვნო საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მას განთავსების კუთხით შეექმნა, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ფასით და დაბალი სერვისით. სწორედ ამ მომენტში გადავწყვიტე ჩემი განთავსების ადგილის შექმნა ყაზბეგში, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.
ამ პერიოდში (2015 წ.) ყაზბეგში მრავალად გვხვდებოდა ბიუჯეტური საოჯახო სასტუმროები დაბალი სერვისით და რამდენიმე პრემიუმ კლასის სასტუმრო, შესაბამისად ბაზარზე არ იყო საშუალო დონის განთავსების ადგილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი შეხედულებით წარმატებული ბიზნესის იდეა მდგომარეობს არა მხოლოდ დღევანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ ხვალინდელი მოთხოვნის განსაზღვრასა და მასზე ორიენტირებაში, გადავწყვიტე ისეთი განთავსების ობიექტის შექმნა, რომელიც სამომავლო კონკურენციას გაუძლებდა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან გაიხსნებოდა ისეთი ბრენდირებული განთავსების ობიექტები, რომლებიც გარკვეულწილად ჩაძირავდა პატარა სასტუმროებს. ყაზბეგის მაშტაბით პატარა კვლევის ჩატარების შემდეგ, გავარკვიე, რომ რეგიონში არ არსებობდა აგარაკის ტიპის განთავსების ობიექტი, სადაც ვიზიტორი არა მხოლოდ ოთახს, არამედ მთლიან აგარაკს იქირავებდა, რომელიც სამეგობროზე, ოჯახით დამსვენებლებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე იქნებოდა მორგებული.
სწორედ ამ პერიოდში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული იყო მცირე საგრანტო კონკურსი, რომელში გამარჯვებაც დამეხმარა ახლად აშენებული აგარაკის ინტერიერის მოწყობაში. ყველაზე რთული საგრანტო პროგრამაში იყო მისი ვადები, რაც ითვალისწინებდა მოცემული თანხების ათვისებას 3 თვის პერიოდში. ეს ნიშნავდა იმას, რომ აგარაკის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 3 თვისა, რაც საკმაოდ რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, მთელი ოჯახის ძალისხმევით, პროექტი წარმატებით დავასრულეთ.
3. სად მდებარეობს აგარაკი და რამდენი ხანია, რაც ის ფუნქციონირებს?
აგარაკი მდებარეობს ყაზბეგის რაიონ სოფელ აჩხოტში და ფუნქციონირებს 2017 წლიდან.
4. რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?
ჩვენი მომსახურება ძირითადად განთავსების სერვისია, გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუმრებს სურთ ტურების დაგეგმვა, ტრანსპორტის მოძიება, სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა და სხვა, რაშიც ყველანაირად ვეხმარებით და ვცდილობთ კომფორტული გარემო შევუქმნათ.
5. რითი გამოირჩევით? რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სამომავლო კონკურენციის დაძლევა, ძირითადი აქცენტი გავაკეთე ხარისხზე, კომფორტზე და სიმყუდროვეზე. ყაზბეგის მასშტაბით ეს 3 მახასიათებელი ერთ სივრცეში ძალიან იშვიათად გვხვდება. მაგალითისთვის ავიღოთ ხარისხი – აგარაკზე არსებული ყველა, როგორც შიდა, ასევე გარე ავეჯი არის შეკვეთით დამზადებული და ხშირ შემთხვევაში ხელნაკეთი, ხოლო ტექნიკა ორიგინალი და ბრენდირებული.
კომფორტს რაც შეეხება, გვაქვს მაღალი სისწრაფის ინტერნეტი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, გამწვანებული ეზო მოსასვენებელი და კოცონის დასანთები სივრცით, წვიმიან ამინდში კი სტუმარს შეუძლია აივანზე რბილ საქანელა–სავარძელში ჩაჯდეს და დატკბეს ულამაზესი ხედებით. როგორც ვიცით ყაზბეგი გამოირჩევა შედარებით მკაცრი კლიმატით, განსაკუთრებით ზამთარში. სწორედ ამიტომ, აგარაკზე ისეთი დეტალებიც კი გვაქვს გათვალისწინებული, როგორიცა სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით, რაც გრძელვადიან ან ოჯახით დამსვენებელს დიდ კომფორტს უქმნის, რაც ხშირ შემთხვევაში გამხდარა სტუმრის მხრიდან ჩვენით დაინტერესების მიზეზი.
რაც შეეხება სიმყუდროვეს, აგარაკის ინტერიერის დიზაინი შემუშავებულია იმ კუთხით, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს, როგორც არა უბრალოდ სასტუმროში, სადაც დილით გაღვიძებისას დაინახავს ტიპიურ 4 კედელს, არამედ ისეთ მყუდრო გარემოში, სადაც თავს იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და დაიმუხტება ახალი ენერგიით. აგარაკზე არსებული ფერები შერჩეულია იმგვარად, რომ მთაში დაღლილ სტუმარს საღამოს სახლში დახვდეს სიცოცხლით სავსე აურა, მრავალფეროვანი ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და თბილი გარემო.
6. იქონია თუ არა გავლენა პანდემიის გავრცელებამ თქვენს ბიზნესზე და რა კუთხით?
როგორც ვიცით პანდემიამ ყველაზე ძლიერ ტურიზმის სექტორი დააზარალა, გამონაკლისი არც აგარაკი “Allegria House Kazbegi” ყოფილა. ყველა ჯავშანი გაუქმდა და კიდევ უფრო დიდი პოტენციური შემოსავალი დაიკარგა.
მიუხედავად ამისა, კონკურენტებთან მიმართებაში ჩვენი გარკვეული უპირატესობა გამოიკვეთა. მაგალითად, ისეთ სასტუმროებზე, სადაც დამსვენებელს სხვა ვიზიტორებთან უწევდა ურთიერთობა მოთხოვნა შემცირდა, ხოლო აგარაკის ტიპის ობიექტებზე გაიზარდა, რადგან აგარაკზე იზოლირებული სივრცეებია.
ასევე გააქტიურდა ბიზნეს ვიზიტორთა რაოდენობა, რაც ითვალისწინებს დისტანციურ მუშაობას. ჩვენი გარემო კი მაქსიმალურად მორგებულია მსგავს მოთხოვნაზე. ამას ადასტურებს პანდემიის პერიოდში რამდენიმე კვირიანი ჯავშნები საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების მხრიდან, როგორიცაა მაგალითად გაერო, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ პანდემიამდე არსებულ პერიოდზე უკეთეს სიტუაციაში ვართ. მოთხოვნის სიმცირიდან გამომდინარე მოგვიწია 80%-მდე ფასდაკლების გაკეთება. აქ საუბარი არ არის მოგებაზე, აქ უკვე საუბარი არის გადარჩენაზე. მსგავსი აგარაკის აშენება და გასაქირავებლად კაპიტალურად მოწყობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენს შემთხვევაში მოზიდული იყო ძირითადად ბანკების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვმასპინძლობთ ძირითადად ადგილობრივ ვიზიტორებს.
ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სეზონიდან სიტუაცია დასტაბილურდება და საზღვრები გაიხსნება.
7. გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
შეიძლება ითქვას, რომ სამომავლო გეგმები არ დაილევა. ბევრი იდეა მაქვს, ბევრი პროექტიც. მაგალითად მოცემული აგარაკის განვითარების კუთხით ვაპირებ ეზოში საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობას ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებას და ოჯახით დამსვენებელთა მოზიდვას შეუწყობს ხელს.
გასული წლების გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელი დამსვენებლების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ველო გაქირავების სერვისზე. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ რეგიონში არ არსებობს მუნიციპალური სამარშუტო ტრანსპორტი და გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით, რაც ყაზბეგში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიმაჩნია ველო გაქირავების დამატება. გარდა ამისა ვაპირებ ახალი აგარაკის აშენებას, რომელიც სხვა სპეციფიკით იქნება გამორჩეული.
8. და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში?
ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, ყველაფერი ინდივიდუალურია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია “არ დანებდე”, მაგრამ დღეს ეს ფრაზა ცოტა გაცვეთილია. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ათეულობით წარუმატებელი პროექტი მაქვს განხორციელებული, ალბათ ყველას ვერც გავიხსენებ, მაგრამ არასდროს მიფიქრია დანებებაზე, უბრალოდ არ ვიცი როდის უნდა დავნებდე, ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ახალ პროექტზე ვმუშაობ და ადრე თუ გვიან, რომელიმე მაინც ამართლებს.
დამწყები ბიზნესმენებისთვის წარმატების მისაღწევად ერთ ფაქტს აღვნიშნავ. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც გვინდოდა რაიმე პროდუქტის ან სერვისის მიღება, მაგრამ ვერ მიგვიღია იქიდან გამომდინარე, რომ ის ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს. ასეთ მომენტებში ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა მოცემული პროდუქტის ან სერვისის არსებობა და ამის მერე უბრალოდ ვაგრძელებთ ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას. სწორედ აქ უნდა გავჩერდეთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს უკვე ბიზნეს იდეაა, ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ვამჩნევთ და უდიდეს შანსს ვუშვებთ ხელიდან.
არაერთი ტრენინგი მაქვს ჩატარებული სტარტაპ მენეჯმენტის მიმართულებით და ყოველ ჯერზე, ბიზნესის არ დაწყების ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო – “არ ვიცი როგორ გავაკეთო”. ასეთ მომენტებში ახალშობილის მაგალითი მომყავს, რომელმაც დაბადებისას სუნთქვაც არ იცის, მაგრამ სწავლობს. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ ყველას შეუძლია სწავლა. ინტერნეტის ეპოქაში ძალიან მარტივია ინფორმაციის მოძიება და კონკრეტული საქმიანობის შესწავლა, განსაკუთრებით კი ბიზნეს სფეროში. ბევრი ონლაინ კურსი არსებობს ბიზნეს გეგმის შედგენის მიმართულებით, თუნდაც ქართულენოვანი. შესაბამისად მთავარი მონდომებაა.
ავტორი: სოფო უშხვანი