როგორ გაჩნდა თოვლივით თეთრი უდაბნო ნიუ-მექსიკოში

  • Home
  • მთავარი
  • როგორ გაჩნდა თოვლივით თეთრი უდაბნო ნიუ-მექსიკოში

თეთრი ქვიშების მოძრავი დიუნები ნიუ-მექსიკოს სამხრეთით მდებარეობს და 185 კვადრატული კილომეტრის ფართობს მოიცავს. ეს არის თაბაშირის დიუნის უდიდესი მინდორი მსოფლიოში. თეთრი სივრცე, 80 წელზე მეტია იზიდავს მნახველებს. პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა თეთრი ქვიშები ეროვნული პარკის სისტემაში შეიტანა 1933 წლის 18 იანვარს. ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა მესკალეროს ტომის რამდენიმე თაობა, მაგრამ ისინი არ იყვნენ მისი პირველი მკვიდრნი. პირველი ადამიანები აქ დაახლოებით 10 000 წლის წინ მოვიდნენ, ისინი ნადირობდნენ მამონტებზე და ბიზონებზე ძველი ტბის ოტეროს სანაპიროებზე.

გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, გეოლოგიურმა პროცესებმა და მშრალმა კლიმატურმა პირობებმა თანდათან დააშრო ოტეროსის ტბა, რის შედეგადაც გამოვლინდა თაბაშირის კრისტალები, რომლებიც წარმოიქმნა მისი ფსკერის ქვეშ. ათასობით წლის განმავლობაში ქარი და ამინდი ანადგურებდა კრისტალებს, რომელიც შემდგომ გადაიქცა ქვიშად და შექმნა თეთრი უდაბნო, რომელსაც დღეს სტუმრები ხედავენ.

თეთრი ქვიშების ეროვნული პარკი შეიძლება უსიცოცხლოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყურადღებიანმა სტუმარმა შეიძლება შეამჩნიოს მისი მრავალი მკვიდრი. ტერიტორიაზე ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ცხოველი. ბევრი მათგანი განვითარდა, შეიცვალა ფერი და დღეს ისინი დედამიწაზე გარდა ამ ადგილისა არსად გვხვდება. ასობით მწერების სახეობა უზრუნველყოფს ხვლიკების, ფრინველებისა და პატარა ძუძუმწოვრების საკვებს. აქ ცხოვრობენ თაგვები და ვირთხებიც, მაგრამ ისინი ხშირად ხდებიან გველების და მელიების მსხვერპლნი.

ამფიბიები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ქვიშის ქვეშ ატარებენ, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, მუსონების დროს გამოდიან გასამრავლებლად. უდაბნოში არსებული თევზის ერთადერთი სახეობა პატარა წყაროებსა და აუზებში ცხოვრობს. ამ თევზის მხოლოდ ოთხი, იზოლირებული პოპულაცია არსებობს პლანეტაზე და ყველა მათგანი მდებარეობს თეთრი ქვიშების ეროვნულ პარკში.

რეინჯერების პროგრამები და ღონისძიებები ტარდება მთელი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა უშუალოდ გაიცნოთ ცხოველები და გეოლოგია, რომლებიც თეთრ ქვიშებს აქცევს განსაკუთრებულ ადგილად.

 

წყარო: top7travel

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: