დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

  • Home
  • კულტურა
  • დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში. კომპლექსი დაათვალიერა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

“აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა სამუშაოების ჩატარებას. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ისტორიულ ადგილზე, ქალაქის ცენტრში გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან მიიღებს სტუმრებს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ჭებით და ლითონის ცხაურებით. გამწვანდა ეზოსა და ციხის ტერასების გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარით, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა. რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს, დამონტაჟდა ლამპიონები.

აღდგა ერეკლეს აბანო. წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან გაიწმინდა ნაგებობა, დაზიანებულ შენობას კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდა (საძირკვლისა და იატაკის ფილის გაძლიერებით); აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, შესასვლელი ხის კარის დამზადება-მონტაჟით და აგურის იატაკის დაგებით.

განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები:

  • შესრულდა გალავნის რესტავრაცია აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე;
  • გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან;
  • კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე;
  • საძირკვლები გაძლიერდა ყორე-ბეტონით, გადალაგდა გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო მილები;
  • გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა, მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები;

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის გასაკეთებლად მოწყობილ ღრმა ჭრილში, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

სარესტავრაციო სამუშაოები სამშენებლო კომპანიის – “იკორთა 2007” მიერ შესრულდა . პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 1 147 000 ლარი.

რეაბილიტირებული კომპლექსი ასევე დაათვალიერეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ და ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

 

წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

Tags: