2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

  • Home
  • მთავარი
  • 2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის სამინისტროებთან, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით მთავარი მიზანი მიღწეულია – საქართველო 2025 წლის მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძელი იქნება. შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ბაკურიანის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 ივლისს გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. 2020 წლის თებერვალში, საქართველოში EOC -ის შემფასებელი კომისიის წევრების ვიზიტის და ოფიციალური შეხვედრების  შემდეგ კი, კომიტეტის ხელმძღვანელობამ, წინასწარ დადგენილ ვადებში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი წარუდგინა.

28 ნოემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ფესტივალთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა დიდი პატივი და აღიარებაა საქართველოსთვის, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციასა და აქ ზამთრის ტურიზმის განვითარებას.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, აუცილებელია ბაკურიანში ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, მასშტაბური თანამედროვე სასრიალო ტრასების გამართვა და ასევე, ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალი სპორტული მიზნებისთვის მომზადება ზამთრის სახეობებში.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველომ წარმატებულად უმასპინძლა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც სპორტის 9 სახეობაში 50 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, აშენდა ახალი სპორტული დარბაზები და გარემონტდა არაერთი არსებული ობიექტი, საქართველომ კი განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: