ზღაპრული დღე. ნისლში ჩაძირული და დამალობანას თამაშში გართული შაორის ტბა. ხიდი და ბევრი დაბრკოლება წინ: ძლიერი წვიმა, სიცივე, ნისლი და სულ რაღაც 7 კილომეტრი. მიუხედავად წვიმისა და ამინდისათვის შეუფერებელი ტანსაცმლისა, მაინც ავიღეთ გეზი ცხრაჯვარისაკენ. აქედან იწყება ის საოცარი და ლამაზი შთაბეჭდილებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება, მე და არა მარტო მე.
წარმოიდგინეთ: ძველი სამანქანო გზა, დანგრეული, ქვა-ღორღით სავსე, ბალახებით, ყვავილებითა და სხვადასხვა მცენარეებით გარშემორტყმული. მთიდან დანაშვები წვიმის ნიაღვრები. გუბეებს შორის რონინით მიმავალი მოგზაურები. ნისლით დაფარული მთები, დროდადრო რომ გამოჩნდებოდნენ და თავიანთი სიდიადითა და სიდიდით გვაკვირვებდნენ და ცოტათი შიშსაც გვგვრიდნენ.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
მიდიხარ და თანდათან ეხვევი ნისლში. არც შენს წინ მიმავალი ჩანს და არც შენს უკან მომავალი. გესმის მხოლოდ ხმა, სადღაც შორიდან, მერე სადღაც ახლოდან, მერე ისევ შორიდან. არაფერი ჩანს ირგვლივ და დიდი ხნის სიარულის შემდეგ, ნისლში არჩევ დიდ გვირაბს, თავზე მინიატურული ეკლესიით. მიისწრაფი შიგნით შესასვლელად და არ იცი, ან შიგნით, ან მის ბოლოს, რა დაგხვდება. გაურკვევლობის შიში გიპყრობს და მაინც მიიჩქარი. მოჩანს სინათლეში გაბნეული ნისლი. გვირაბი პატარაა და მის ბოლოს სრულიად ახალ სამყაროში ხვდები. მაღალი ხეები, ხავსითა და გვიმრებით დაფარული, ხასხასა მწვანე ფერები, წვიმის წვეთებით მოელვარე და მბზინავი, სუფთა და წმინდა . ბურუსში გახვეული ტყე, ქარი, სიცივე.
მიიწევ წინ და უცებ გაოცებისგან ერთ ადგილას იყინები. შენს წინ, ერთი ფეხის ნაბიჯზე აღარაფერია, მხოლოდ უფსკრული, თეთრი ნისლით დაფარული, უსაზღვრო, უფორმო და მისტიური.
სველ ლოდებსა და ხის უზარმაზარ ფესვებს შორის აგრძელებ გზას, ტალახში ფეხი გიცურავს, ხის ფესვებს ეჭიდები და ისე მიბობღავ ზევით და ზევით. სიცივე მთელ სხეულში ატანს და მაინც ჯიუტად მიიწევ წინ. ისევ ხედი. ვიწრო, შეჭრილი კლდე, უზარმაზარი ლოდები, ოდნავ გაფანტული ნისლი, და მეორე მხარეს ნაძვნარით დაფარული ტყე, რომელსაც ნისლი დასტრიალებს თავს და სადაცაა გადაყლაპავს.
გინდა მოასწრო ამ ყოველივეს აღქმა და დამახსოვრება. ფრთხილად მიიწევ სველ ლოდებზე და ჰაერში გამოკიდებულ კლდეზე ხელებს შლი, თვალებს ხუჭავ. ქარი გიბერავს, ერთი მცდარი, არასწორი მოძრაობა და შენც ნისლში გაუჩინარდები. შიში გიპყრობს და მაინც ცდუნება იმდენად დიდია, უკან არ იხევ და ენერგიით დამუხტული უბრუნდები ბილიკს, რომელსაც კიდევ უფრო ზევით მიჰყავხარ, სადღაც ცისკენ. ამასაც გრძნობ, თორემ დანახვით ისევ ვერაფერს ხედავ, მხოლოდ ორიოდე ლოდს და ბუჩქნარს შენს წინ.
ასვლა თანდათან რთულდება. მეტი სიფრთხილე და გამბედაობა გმართებს. მითუმეტეს, რომ უკვე გხვდებიან ადამიანები, იქიდან, ზემოდან მომავლები, რომლებიც იმედს გიწურავენ, გაფრთხილებენ, რომ ძალიან რთული ასასვლელია, რომ სახიფათოა, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ რომ ღირს ასვლა. და, აქ, ირთვება ძალა, ძალა, რომელიც ჯიუტად გაგრძელებინებს გზას. გეშინია, მაგრამ არ უჯერებ სხვას და მიიწევ ისევ წინ, იმ იმედით, რომ თუ სხვამ შეძლო, შეძლებ შენც. სხვების ნათქვამი მართლდება. სახიფათოცაა და სახიფათოც. მარტო გიჭირს აცოცება ლოდებსა და ქვა-ღორღს შორის, დახმარების ხელიც არ აყოვნებს და ყველა ერთად, ერთმანეთის გამხნევება-გამხნევებაში მიიკვალავთ გზას ელფებისა და გნომების ზღაპრულ სამყაროში. დიახ, ელფები ვახსენე. ასეთი რამ, თითქოს, მხოლოდ ფილმებში შეიძლებოდა ენახა ადამიანს. შეეძლო მხოლოდ ეოცნება, ერთხელ მაინც, მოხვედრილიყო ზღაპარში. მაგრამ არა, აქ, სწორედ ამ ადგილას ხვდები და რწმუნდები, რომ „რეალობა ოცნებაზე უკეთესია“! რომ ზღაპრები, მითები და ისტორიები, რეალობაზეა დაფუძნებული, და რომ, ამ რეალობას უბრალოდ აღქმა და დანახვა ესაჭიროება. მიდიხარ და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ბუჩქებიდან პატარა საყვარელი არსებები გითვალთვალებენ, ერთმანეთში ჩურჩულებენ, უკვირთ, რომ გვხედავენ და ფიქრობენ, თუ რა გიგანტები და გოლიათები ვართ. სადღაც, ხეზე, ალბათ, უზარმაზარი ფრინველებიც ისვენებენ და საკბილოს ელიან. მიუხედავად წვიმისა და სიცივისა, პრინცესები და ფერიებიც გამოდიან ტყეში სასეირნოდ და ათას თავგადასავალში ეხვევიან. ალბათ, შორიახლოს მგლებსა და მაქციებსაც კლდიდან კლდეზე ხტომით გაჰყავთ დრო.
აი, რა ქმნის ზღაპრებს და ისტორიებს, წარმოსახვა! ის, რაც ყველას შეუძლია, ყველას – სხვადასხვანაირად.
ფიქრებში ჩაძირული, მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მარტო არ ხარ და დროის შეგრძნებას კარგავ. არ იცი, რამდენი დაგრჩა მიზნამდე და ისევ ჯიუტად მიიწევ წინ. კიდევ ერთი მაღალი ლოდი, ისევ დაგიცურდა ფეხი. ფესვს მოჭიდებული მადლიერი ხარ, რომ სწორედ ამ ადგილას ამოსულიყო ეს ხე, რომ გადარჩი. წვიმა და სიცივე მატულობს. კიდევ ცოტათი წაიწიე წინ და თავს მაღლა სწევ, რომ დაინახო, თუ საით განაგრძო გზა. სახეში წვიმის წვრილი და ცივი წვეთები გეყრება, ნისლი თუ ღრუბელი სახეში გცემს, ქარი გარშემო გევლება და თითქოს გემუქრება. ბუჩქზე ასხმული ფერად-ფერადი ლენტები გეუცხოვება და გელამაზება. და, სადღაც, გონებაში, გიელვებს რომ ახლოს ხარ. აზრები და ემოციები ერთმანეთში არეულა. ნუთუ ადგილზე ხარ?! ეჭვობ, დადასტურებას ელი. ფეხზე წამოიმართები, შიშით, რიდით, კრძალვითა და მადლიერებით გამსჭვალული. სად ხარ? არაფერია გარშემო, გარდა ნისლისა. ცოტაც დარჩენილა, კიდევ ერთი ყველზე რთული დაბრკოლება და იქ ხარ, საითაც ამდენი ხანი მიისწრაფოდი. მადლიერი და ბედნიერი ათვალიერებ გარემოს, ყოველ შემთხვევაში, იმას, რისი დანახვის საშუალებასაც ნისლი გაძლევს.
ცხრაჯვარი. აი, თურმე, როგორი ყოფილა. ჰაერში, ერთი ბეწო კლდეზე აღმართული საოცრება, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და სიდიადით გაჯადოებს და გაპატარავებს. სიტყვებით რთულია იმ ემოციის გადმოცემა და ისევ სიჩუმეს ამჯობინებ. მდუმარედ დგახარ და გესმის ბუნების: „აქ ხომ ცხრაჯვარის სანახავად მოხვედი?“ ფიქრში ეთანხმები. იღბლიანი ხარ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, მხოლოდ ცხრაჯვარი ნახე, მხოლოდ ის, მთელი თავისი დიდებულებით!