გაიცანით ნინო წინწალაშვილი, რომელმაც ბაკურციხეში, საკუთარი სახლის ეზოში მწყრის ფერმა გააკეთა და აწარმოებს მწყრის კვერცხს

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით ნინო წინწალაშვილი, რომელმაც ბაკურციხეში, საკუთარი სახლის ეზოში მწყრის ფერმა გააკეთა და აწარმოებს მწყრის კვერცხს

ჩემი გეგმების და მიზნების ნაწილი ამ სოფელს უკავშირდებოდა, მინდოდა რაღაც დამატებითი შემექმნა, რომ ჩემი სოფელი ბაკურციხე გამეცნო დედაქალაქისთვის და სხვა მოსახლეობისთვის. მიმეცა ახალგაზრდებისთვის მოტივაცია იმისა, რომ შეიძლებოდა ოჯახებში და სოფლებში დაბრუნებულიყვნენ და წარმატებული საქმიანობა განეხორციელებინათ - ნინო წიწილაშვილი

    1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის ნინო წინწალაშვილი?

მე ვარ ნინო წინწალაშვილი, 26 წლის, ბაკურციხიდან. პროფესიით ვარ სტომატოლოგი, ორთოდონტი, ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე ბაკურციხეში და სკოლაც, რა თქმა უნდა ბაკურციხეში დავამთავრე.

   2. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ბაკურციხეში, საკუთარი სახლის ეზოში გააკეთეთ მწყერის ფერმა და აწარმოებთ კვერცხს, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?

ჩემი გეგმების და მიზნების ნაწილი სწორედ ამ სოფელს უკავშირდებოდა გადავწყვიტე უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მქონოდა ჩემი ფერმა, თუმცა ეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ მივმართე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს პროგრამა “აწარმოე საქართველოს”, დავწერე პროექტი სადაც მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე, რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდგომ დამაფინანსეს და ვიყიდე საჭირო ინვენტარი.

   3. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

მინდოდა რაღაც დამატებითი შემექმნა, რომ ჩემი სოფელი ბაკურციხე გამეცნო დედაქალაქისთვის, სხვა მოსახლეობისთვის. მიმეცა ახალგაზრდებისთვის მოტივაცია იმისა, რომ შეიძლებოდა ოჯახებში და სოფლებში დაბრუნებულიყვნენ და წარმატებული საქმიანობა განეხორციელებინათ. როგორ მოვუწოდებ სხვას, თუ პირველ რიგში მე არ გავხდი მაგალითი სხვისთვის.

   4. რა დადებითი მხარე აქვს მწყრის კვერცხს, რითია ის გამორჩეული?

მწყრის და მისი კვერცხის დადებითი თვისებები იმაში მდგომარეობს, რომ კვერცხში დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა ვიტამინები, ასევე ნატრიუმი, კალიუმი, ფტორი. აღსანიშნავია ისიც, რომ მწყრის კვერცხი დადებითი თვისებებით 5-ჯერ აღემატება ქათმის კვერცხს, ზომით კი ბევრად პატარაა.

   5. თქვენ პროფესიით სტომატოლოგი ხართ, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ პროფესიას?

ფერმა თავიდანვე იყო ჰობი, რომელიც იქცა ბიზნესად. ჩემი მთავარი საქმიანობა სტომატოლოგიაა და გამომდინარე იქიდან, რომ ფერმაში მყავს დასაქმებული რამდენიმე ადამიანი, მე მაძლევს საშუალებას ჩემს მთავარ საქმიანობაში არ შევიზღუდო. მე თვითონ ვანაწილებ დროს ისე, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს. ჩემი მთავარი საქმე მაინც ჩემი პროფესიაა და ყოველთვის მენდომება ხალხი, როგორც წარმატებულ სტომატოლოგს, უფრო მიცნობდეს.

   6. და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

ფერმის გაფართოვება ნამდვილად ძალიან მინდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი, როგორც სხვებს, ასევე მეც დამატყო. მომავლისთვის ალბათ მექნება იმის იმედი, რომ ბევრად დიდ ფერმას გავაკეთებ.

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: