გაიცანით კომპანია “ღვინის ემოცია – Emocia Wines”

რუტინული სამსახურების მიღმა, ყველას გვაქვს პატარა გატაცება, რომელსაც არავის ვაჩვენებთ, რადგან დაცინვის, მარცხის და უბრალოდ „არ გამომივასი“ გვეშინია... არ დაიჯეროთ, ახლა ზუსტად ამ ოცნებების ახდენის დროა - თამუნა აბულაძე

სტატიაში გაიცნობთ კომპანია “ღვინის ემოცია – Emocia Wines“-ს და მის დამფუძნებელს – თამუნა აბულაძეს, რომელიც გვიყვება საკუთარი გამოცდილების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სტატიაში ასევე შეიტყობთ რა სახის პროდუქციას გვთავაზობს კომპანია და რა კავშირი აქვს წარმოდგენილ პროდუქციას ღვინოსთან. 

  1. გვიამბეთ თქვენს შესახებ.

მე ვარ თამუნა აბულაძე, კომპანიების “ემოცია” და “ღვინის ემოცია”-ს დამფუძნებელი. ჩემი პირველი და მთავარი სპეციალობა ტურიზმს უკავშირდებოდა, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია. 15 წელი ძალიან წარმატებულ კომპანიაში ვიყავი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ღვინო და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ასე გამიტაცებდა. სანამ საკუთარი ღვინო მექნება, მანამდე ჩემი პატარა, ნატურალური ქვების “ვენახი” მაქვს, ქართული ყურძნის ჯიშების ანალოგებით, სადაც  ჯერჯერობით მხოლოდ 10 ჯიშის პატარა მტევანი – ბროში ხარობს.

       2. თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში.

ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, როდესაც ჰობი ბიზნესად იქცა. ვაკეთებ იმას, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თავიდან მხოლოდ ნატურალური ქვების სამაჯურებს ვქმნიდი და შემდგომ, როდესაც ღვინის სკოლა “კაბისტონი” დავამთავრე და ღვინის სფეროში მოვხვდი, გამიჩნდა სურვილი, ყურძნებიც დამემზადებინა. ამჟამად კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომელიც ერთგარი საიმიჯო რეკვიზიტი იქნება ქართული ღვინისთვის, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მეც შევიტანო ჩემი მცირედი წვლილი ქართული ღვინის მოყვარულთა წრის გაფართოვებაში და ყველას გავაგებინო, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა!

 

     3. რატომ შეარჩიეთ სახელი “ღვინის ემოცია? 

ღვინო თავის თავად უდიდესი ემოციაა. ის ბევრად მეტია, ვიდრე უბალოდ სასმელი. ჩემი აზრით, მან ყოველთვის მხოლოდ დადებითი ემოცია უნდა მოიტანოს. გარდა ამისა, უკვე მაქვს ნატურალური ქვებისგან ხელნაკეთი აქსესუარების ხაზი, რომელსაც ემოცია ჰქვია და ახლა, როცა ღვინის თემებშიც შევიჭერი, ჩემს ბრენდს ახალი მიმართულება – “ღვინის ემოცია გაუჩნდა და ვფიქრობ, ზუსტად ამართლებს თავის სახელს.

     4. მოგვიყევით, რა სახის ნივთებს ამზადებთ და რა მასალით?

ვამზადებთ ყურძნის ფორმის  ბროშებს, რომელიც ქართული ჯიშის ყურძნებს წარმოადგენს. ისინი ნატურალური ქვებისგან მზადდება და მაქსიმალურად მიმსგავსებულია იმ ყურძნის მტევანს, რომელის ანალოგსაც ასახავს. ასევე, გვაქვს ყელსაბამები და გასაღების საკიდებიც, რომელზეც ყურძნის მარცვლები და ვაზის ფოთოლია წარმოდგენილი. გვაქვს სასაჩუქრე ნაკრებიც, სადაც ამ ნაკეთობებთან ერთად,  პატარა ქვევრის ფორმის სასმისიც დევს. 

     5. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

სიტყვა “კონკურენტი” ძალიან არ მიყვარს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიღაცასთან გაჯიბრებასა და სხვის საქმიანობაზე არაკეთილმოსურნე თვალ-ყურის დევნასთან ასოცირდება. მე მჯერა მხოლოდ იმის, რომ სწორად და კარგად უნდა ვაკეთო, რაც ასე მიყვარს. არ უნდა დავკარგო ჩვეული რითმი, ხარისხი და არასდროს უნდა გავჩერდე. უნდა გავაგრძელო სწავლა, განვითარება და ახალი იდეების ხორცშესხმა, რომელიც არცთუ ისე ცოტა მაქვს. გამიმართლა, რომ ბევრი მეგობარი მყავს ღვინის სფეროში მათ “გადმომდეს” ღვინისადმი ეს გულწრფელი სიყვარული  და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო გიორგი ალადაშვილი, რომელმაც მირჩია ღვინის სკოლაში ჩამებარებინა. ჩემს უპირატესობად იმ ცოდნას მივიჩნევ, რომელიც ჩემს გარშემო მყოფი პროფესიონალების წყალობით დავაგროვე და მიხარია, რომ მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. ვაზის და ყურძნის ცოდნა მეხმარება, უფრო დახვეწილი ნაკეთობები შევქმნა, რომელიც სამკაულზე მეტია. 

     6. სად და როგორ შეიძლება თქვენი ნაკეთობების შეძენა?

ჩვენი ნაკეთობების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ჩენს Facebook გვერდზე: „ღვინის ემოცია – Emocia Wines“, ასევე “ღვინის ბიბლიოთეკაში”, “Radisson Collection”- ში, “შატო მერე”-ში, ლოპოტაზე, “Holiday Inn”-ში და “old telavi resort & spa zuzumbo”-ში. 

     7. რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ვგეგმავთ საქართველოს ფარგლებს გავცდეთ და ღვინის მოყვარულთათვის ქართულ ღვინოსთან ვასოცირდებოდეთ. გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში თავის სიტყვას იტყვის ღვინის სამყაროში. 

     8. რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული იდეები, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ბედავენ მათ წამოწყებას?

18 თვის წინ, ჩემთვის ვინმეს რომ თუნდაც ხუმრობით ეთქვა: მალე შენი ბიზნესი გექნება და ხელნაკეთ ნივთებს შექმნიო, ალბათ ძალიან ბევრს ვიცინებდი. ხშირად, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ძალიან რეალურად იქცევა ხოლმე. რომ ველოდოთ, როდის გვექნება შესაფერისი შესაძლებლობა, დრო და შანსი ჩვენი საქმის დასაწყებად, მერწმუნეთ,  ეს დრო არასდროს მოვა. ამიტომ, დაიწყეთ იმით, რაც გაქვთ დღეს. გზა და გზა იმდენის გაკეთებას შესძლებთ, თავადაც გაოცდებით. არ შეწყვიტოთ ამ საკითხზე ფიქრი და დაინახავთ, რომ ახალი იდეები და შესაძლებლობი ნელ-ნელა თავისით ამოტივტივდება. რუტინული სამსახურების მიღმა, ყველას გვაქვს პატარა გატაცება, რომელსაც არავის ვაჩვენებთ, რადგან დაცინვის, მარცხის და უბრალოდ “არ გამომივა”-სი გვეშინია… არ დაიჯეროთ, ახლა ზუსტად ამ ოცნებების ახდენის დროა. ახლა თუ არა, მაშ როდისღა? ხელის შემშლელი მიზეზები არ არსებობს, მათ ჩვენთვითონ ვიგონებთ, რომ ჩვენი შიში და სიზარმაცე გავამართლოთ საკუთარ თავთან. მე თუ გამომივიდა, თქვენც აუცილებლად გამოგივათ და ბევრად უკეთესადაც კი. 

 

ავტორი: სოფო უშხვანი

 

Tags: