მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Aviareps” ორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრნენ: სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები,  გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მედიის წარმომადგენლები.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები. გერმანიაში მცირე მარნების ღვინის ტრანსპორტირება ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული “მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო  მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

გერმანია წარმოადგენს ქართული ღვინის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზარს, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა, სხვადასხვა ფორმით, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, პანდემიის პირობებშიც, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია – მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით,  ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

Tags: