ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს

  • Home
  • კულტურა
  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა, სამეცნიერო ლაბორატორიები და საზოგადოებრივი სივრცეები.

თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით დამთვალიერებელს უკვე შეუძლია ნახოს ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ამასთან, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის შენობა და მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ვანის განახლებული მუზეუმი ორი თვის განმავლობაში დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს.

ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: