ხეზე გადმოხატული შინაგანი სამყარო. გაიცანით ხელოვანი – მაგდა სოლოღაშვილი

  • Home
  • ინტერვიუები
  • ხეზე გადმოხატული შინაგანი სამყარო. გაიცანით ხელოვანი – მაგდა სოლოღაშვილი

ჩემთვის პირადად, მუშაობის პროცესი იმ ემოციის გადმოტანაა, რაც შინაგანად მაქვს. ხატვისას აუცილებელი პირობაა მშვიდი გარემო და კარგი განწყობა. ცუდი ემოციით თუ დავიწყებ ხატვას, ჩიტები და მელიები გაიქცევიან ჩემი ნახატებიან - მაგდა სოლოღაშვილი

გაიცანით ბუნებაზე შეყვარებული მაგდა სოლოღაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხისგან დეკორაციებს ქმნის. ხელოვანისთვის მთავარი ინსპირაცია ბუნება, ჩიტები, მზე, შემოდგომა,სიმშვიდეა. ეს კი მკაფიოდ არის გამოხატული მის ნამუშევრებში.

ინტერვიუში გაიგებთ მაგდას ნამუშევრების, “Birdie“-ის  შექმნის მოტივისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

1.მოგვიყევით თქვენ შესახებ.

მე ვარ მაგდა სოლოღაშვილი. პროფესიით ფიზიკოსი, თუმცა სპეციალობით არასოდეს მიმუშავია. მიყვარს ტყეში ხეტიალი, უზომოდ ბევრი ჩაი და შემოდგომის იდუმალი მყუდროება. ხატვა რამდენიმე წლის წინ დავიწყე და ნებსით თუ უნებლიეთ გადავიქეცი ხელოვანად.

2. როგორ დაიბადა “Birdie” -ს შექმნის იდეა და რა იყო თქვენი ბიზნესის განვითარების მოტივი?

ყოველთვის მინდოდა პატარა, მყუდრო სახელოსნო მქონოდა, სადაც ჩემთვის ვიფუსფუსებდი. თავიდან ვხატავდი ჩიტებს, ყვავილებს, რაც სიმშვიდეს მანიჭებდა. პირველად სახლისთვის შევქმენი რამდენიმე დეკორატიული ნივთი, ვცადე ხეზე ხატვა და ფაქტობრივად ჩემი ნიშაც აქ ვიპოვე. 

3. ნივთების შექმნისას რა არის თქვენი ინსპირაცია?

ბუნება, სიმშვიდე, მზე, შემოდგომა, ჩიტები და რაც მთავარია, ჩემი განწყობა.

4. რა სახის დეკორაციებს ქმნით და რა მასალით?

ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან – ხისგან ვქმნი დეკორატიულ დაფებს, ტანსაცმლის საკიდებს. ბოლო პერიოდში დავიწყე სარკეების ჩარჩოების მოხატვა, რასაც ძალიან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოყვა. ხანდახან მსურველი თავისი დიზაინით მიკვეთავს ნივთს, თუმცა,  პროდუქციის ნაწილი მაინც ჩემი შინაგანი სამყაროს გადმოხატვაა. 

5. რატომ “Birdie”   ? 

სახელწოდება მარტივი მისახვედრია – ძალიან ბევრ ჩიტს ვხატავდი.

6. სად არის შესაძლებელი თქვენი დეკორაციების შეძენა?

მონაწილეობას ვღებულობ  ქუჩის ბაზრობებზე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებზე.  შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ, მიწოდების სერვისის ჩათვლით. 

7. თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის რასთან არის გაიგივებული მუშაობის პროცესი?

ჩემთვის პირადად, მუშაობის პროცესი იმ ემოციის გადმოტანაა, რაც შინაგანად მაქვს. ხატვისას აუცილებელი პირობაა მშვიდი გარემო და კარგი განწყობა. ცუდი ემოციით თუ დავიწყებ ხატვას, ჩიტები და მელიები გაიქცევიან ჩემი ნახატებიან.

8. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ძალიან მინდა ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ავეჯზე მუშაობა და სახელოსნოს მცირედით გაფართოება, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

9. რომ არა ხელოვანი, ვინ იქნებოდით?

რთული კითხვაა, ალბათ მწერალი, თუმცა წერაც ხელოვნებაა.

10. და ბოლოს, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ჯანმრთელობა და მშვიდობა, დანარჩენს ადამიანი თვითონ ქმნის.

 

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: