რაჭაში აქტიური რთველია, მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს

12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 600 ტონამდე მუჯურეთული და ალექსანდროულია გადამუშავებული.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, მუჯურეთულისა და ალექსანდროულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა რთველის საკოორდინაციო შტაბი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით,  უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

რთველი დასკვნით ეტაპზეა კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია  267 ათას ტონამდე ყურძენი.

 

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

Tags: