სტატიაში გაიცნობთ ახალგაზრდა მოგზაურს, რომელმაც წლების წინ მიტოვებული სახლი კახეთში სრულიად მარტომ აღადგინა და მყუდრო და საინტერესო გარემო – „მარუსასთან“ შექმნა მისი სტუმრებისთვის.
- გვიამბეთ თქვენს შესახებ
მე ვარ მარუსა, ძალიან მიყვარს სოფელი და სოფელში არსებული სიმშვიდე, ბავშვობიდან მიყვარდა ძველი ნივთები, ძველი ავეჯი და ძველებური, ტრადიციულად მოწყობილი სახლები..
- რამ განაპირობა თქვენი ტურიზმის სფეროთი დაინტერესება?
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სფერო, ძირითადად გამყვან ტურიზმზე ვმუშაობდი და ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც, თუმცა პანდემიის გამო დავრჩი უმუშევარი და მომიწია ყველა აღებული ჯავშნის გაუქმება, შესაბამისად გამომიჩნდა უამრავი თავისუფალი დრო, რომლის ნაკლებობასაც აქამდე, ყოველთვის განვიცდიდი და გადავწყვიტე ეს დრო ახალი წამოწყებისთვის გამომეყენებინა.
- როგორ გაჩნდა თქვენი ბიზნეს იდეა?
დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და მინდოდა სოფელში წასვლა და პატარა საოჯახო სასტუმროს გაკეთება, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად ექნებოდა მარანი და სადაც შევძლებდი გავმასპინძლებოდი სტუმრებს ჩემივე საკუთარი ღვინით.
- როგორ დაიწყეთ თქვენი იდეის განხორციელება?
წამოვედი კახეთში, ჩვენი 20 წლის წინ მიტოვებული სახლი სრულიად მარტომ, საკუთარი ხელებით, ძალიან მცირე თანხებით გადავაკეთე და ვაქციე ძველებურ, პატარა ტრადიციულ სახლად, სადაც სტუმრებისთვის მყუდრო და მშვიდი გარემოა შექმნილი.
- რა მომსახურებას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?
პანდემიის გამო, ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ზომის ივენთებს ვმასპინძლობ, ამჟამად აქ შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის წვეულების დაგეგმვა, ქორწილის, დაბადების დღის ან უბრალოდ ამოსვლა და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება.
სახლთან ახლოს არის ტყე, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს განიტვირთონ და დატკბნენ ულამაზესი ხედებით.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ მივიღო არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი ტურისტები, რომელთაც მინდა გავაცნო ქართული წეს-ჩვეულებები, ქართული ტრადიციები და ღვინის კულტურა.
- რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული იდეები, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ბედავენ მათ წამოწყებას?
ყველა განსხვავებული იდეა აუცილებლად უნდა გავაცოცხლოთ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების.
- და ბოლოს, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
მე მიყვარს ჩემი დაწყებული საქმე და ყოველთვის მჯეროდა, რომ გამომივიდოდა. იმ საქმეზე მუშაობა, რომელიც გიყვარს ძალიან დიდი ბედნიერებაა და უკვე შედეგის დანახვა სასწაული სტიმულია, რაც ადამიანს გაძლევს ძალას აკეთო მეტი და მეტი.
ავტორი: სოფო უშხვანი