ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა. პროექტი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. 32 კილომეტრიანი წრიული ბილიკის მოსაწყობად, 230 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
პანორამული ბილიკები ერთმანეთთან აკავშრებს სოფელ ახალდაბას, მთა შუანოს, მთა დიდ ქართას და სოფელ ნეძვს. ბილიკი იქნება საშუალო სირთულის და მისი დალაშქვრა შესაძლებელი იქნება როგორც ფეხით, ისე ცხენით.
ბილიკი მარკირებული იქნებაეროვნული რეგლამენტის შესაბამისად და მის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. მთა შუანოსთან კი, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. ლაშქრობის მოყვარულებს, წლის ნებისმიერ დროს, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ნეძვის აღკვეთილისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უძველესი, ხელუხლებელი ბუნება.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვაახლოთ და განვავითაროთ ტურისტული სერვისები და პარკში მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტად განაგრძობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ კუთხით არაერთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო, სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი უკვე გაიხსნა, აბასთუმანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები. კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კი, ნეძვის აღკვეთილში ახალი ტურისტული ბილიკი მალე მიიღებს ვიზიტორებს”, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში, ასევე დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო