საქართველომ პანდემიის დროს უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლა

  • Home
  • MICE
  • საქართველომ პანდემიის დროს უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას წელს თბილისმა უმასპინძლა. საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვა.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებად ითვლება. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდა. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა. ამით საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში პირველ, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება საქართველოსთვის.

სხდომაზე დასაწრებად 24 ქვეყნიდან 170-მდე დელეგატი ჩამოვიდა, დელეგატებს შორის იყვნენ ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. საქართველომ ღონისძიებას ყველა პროტოკოლისა და უსაფრთოების დაცვით უმასპინძლა. სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საქართველოს მხრიდან მას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ა.შ. სხდომაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან და დელეგატებისგან გაიჟღერა არაერთმა პოზიტიურმა და დადებითმა შეფასებებმა საქართველოს მიმართ.

 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Tags: