საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო

  • Home
  • სიახლეები
  • საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან, კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ქვეყანას ეკოტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. წლების განმავლობაში ამ კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხორციელდებოდა, თუმცა დღესდღეობით ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესების უმრავლესობა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეფერხებული ან შეჩერებულია, მაგრამ, პანდემიისა და შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელის მოწყობა დაიწყო.

საინფორმაციო მანიშნებლებით სრულად აღიჭურვა ვაშლოვანის, იმერეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, ამჟამად მიმდინარეობს ლაგოდეხის, თუშეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესაბამისი ნიშნულებით აღჭურვის პროცესი.

საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების მოსაწყობად 67 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 300-ზე მეტი საინტერპრეტაციო, საინფორმაციო და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნულების განთავსება. პროექტის დასრულება ნავარაუდევია მიმდინარე წლის ბოლოსთვის.

საინფორმაციო ნიშნულებით ტერიტორიების აღჭურვა ეკოტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნიშნულები ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და ტურისტების ინფორმირებას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და მაქსიმალურ ჩართულობას ეკოტურისტულ აქტივობებში.

ინიციატივა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ფარგლებში ხორციელდება.

 

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: