გაიცანით “ღვინუკა” – რაჭიდან

სტატიაში გაეცნობით ახალგაზრდა მეღვინე ბიჭს, რომელმაც აღადგინა წინაპრების ტრადიციული საქმიანობა და შექმნა კომპანია “ღვინუკა” რაჭაში. მიუხედავად დაბრკოლებებისა მას უარი არ უთქვია იდეის განხორციელებაზე, პირიქით აპირებს სამომავლოდ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას.

  1. მოგვიყევით თქვენ შესახებ

სახელი, გვარი, კომპანიის სახელი: ზურაბ მაისაშვილი, კომპანია – „ღვინუკა“

დაბადების ადგილი: თბილისი

უნივერსიტეტის გზა: ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამთავრებისთანავე, 2018 წელს, დავიწყე ჩემი ბიზნესი და შევქმენი კომპანია „ღვინუკა“, ამავდროულად ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში.

  1. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი?

ამ სფეროს ჩემი წინაპრები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნედან მისდევდნენ და რაც მთავარია ბევრად უფრო მასშტაბურად, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ყველაფერი განადგურდა. ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ყველაფრის აღდგენა და ხელახლა გაცნობა არა მარტო საქართველოში, არამედ გვსურს ჩვენი ღვინის საზღვრების გარეთაც გატანა.

  1. როგორ მოხდა თქვენი ბიზნეს იდეიის ჩამოყალიბება?

მთავარი მოტივატორი ალბათ ის გახლდათ, რომ სკოლის პერიოდში სულ მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა. მეღვინეობა კი მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ბევრი რამ შევიტყვე ჩემი წინაპრების და მათი საქმიანობის შესახებ. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ბიზნესს იდეის ჩამოყალიბება.

  1. თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რამაც იდეის განხორცილებაზე ხელის აღება გაფიქრებინათ?

ბუნებრივია! როდესაც ბიზნესს აწარმოებ, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონში, როგორიც რაჭაა, ხშირია მსგავსი შეგრძნებები. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მხარეში კატასტრფიულად დიდია როგორც ცოდნის (განათლების), ასე ადამიანური რესურსების დეფიციტი. ამავდროულად ცენტრთან (თბილისთან) სიშორე ზრდის ლოჯისტიკურ ხარჯებს და ა.შ. შესაბამისად დიახ, ნამდვილად ყოფილა მომენტები, როდესაც ხელის ჩაქნევაზე მიფიქრია. თუმცა ემოციური კავშირიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გადამიფიქრებია.

  1. იქონია თუ არა გავლენა მიმდინარე მოვლენებმა (პანდემიამ) თქვენ ბიზნესზე და რა კუთხით?

ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნეს, ბუნებრივია ზიანი ჩვენც მოგვადგა. მართალია ეს ყველაფერი იმდენად დიდი არ იყო რომ გაკოტრებამდე მივსულიყავით, თუმცა ბევრი სამომავლო გეგმა და მიზანი გარკვეულწილად შეაფერხა (ნაწილი მათგანი კი გადავადდა). ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ „ღვინუკა“კრიზიდან ბევრად უფრო შემართებით და ბევრად უფრო ძლიერი გამოვა ვიდრე აქამდე ყოფილა.

  1. კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი მიღწევებით და სამომავლოდ თუ ფიქრობთ თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე?

რათქმაუნდა არ ვართ კმაყოფილი ჩვენი მიღწევებით და გვინდა გაცილებით უფრო მეტი, როგორც რაოდენობირვ ნაწილში, ასევე ხარისხობრივადაც. რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა სასმელების დამატებას, რომელსაც ჩვენი მოხმარებელი უახლოეს მომავალში იხილავს და რაც მთავარია ვაზის ჯიშების კიდევ უფრო მეტ დივერსიფიკაციას და ენდემური ჯიშების წინ წამოწევას.

  1. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებს იდეის განხორციელებას?

ბუნებრივია იდეის განხორციელება მარტივი არ არის და მოითხოვს დიდ ძალიხმევას. ამავდროულად ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია, მით უფრო პანდემიის პერიოდში. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველას ვურჩევდი, რომ გამოწვევების და წინაღობის მიუხედავად არ ჩაიქნიონ ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოუვათ.

  1. რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მიაღწიოს მიზანს?

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს გახლავთ – შრომისმოყვარეობა.

  1. მოკლე ფრაზა დევიზი?

არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ ან რა პირობებია მთავარია იმოქმედოთ!

ავტორი: მარიამ ჩარექიშვილი

Tags: