ტრადიციები ინოვაციის კვალდაკვალ “GuestMe” – გაიცანით თინათინ დეკანოიძე

  • Home
  • ინტერვიუები
  • ტრადიციები ინოვაციის კვალდაკვალ “GuestMe” – გაიცანით თინათინ დეკანოიძე

ჩვენი მომსახურების მთავარი უპირატესობა არ არის განცალკევებით საკვები ან სასმელი, არამედ ის გარემო, რომელიც სტუმარს მასპინძლის სახლში ხვდება - თინათინ დეკანოიძე

თინათინ დეკანოიძე თავისი წამოწყების შესახებ გვიყვება, თუ როგორ შექმნა უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტი. მან ქართული ტრადიცია, რომელიც სტუმარ მასპინძლობას გულისხმობს თავის ძლიერ მხარედ აქცია და შექმნა შესაძლებლობა ჩამოსული სტუმრისთვის ოჯახური გარემო შეექმნა, სადაც იგი კერძების დაგემოვნებასთან ერთად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსაც მიიღებდა.

პროექტი სახელად „guestme” სრულიად ინოვაციური სტარტაპ იდეაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

 

1.მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან გაგიჩნდათ იდეა, რომ ტურიზმის სფეროში გაგეკეთებინათ ინოვაციური პროექტი?

ჩვენს მომსახურებას საფუძვლად უდევს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, რის გამოც ჩვენთვის სტუმრის მიღება ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. დღეს მოგზაურები ეძებენ ისეთ კულინარიულ გამოცდილებას, რომელსაც ცალსახად კომერციული დანიშნულება არ აქვს. მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, თუ რას აგემოვნებენ, არამედ როგორ გარემოში. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მომსახურება, რომლის გამოყენებითაც მოგზაურები ქართულ ოჯახებში სტუმრობის ავთენტურ გამოცდილებას მიიღებდნენ.

2.მოგვიყევით guestme.ge-ს პროექტის კონცეფციის შესახებ, თუ რითია იგი გამორჩეული და საინტერესო?

GuestMe არის პირველი ქართული გასტროტურისტული პლატფორმა, რომლის კონცეფცია გულისხმობს გაათანამედროვოს ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია და მისი გამოცდა საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს იმ მოგზაურებისთვის, ვინც ეძებს დასამახსოვრებელ გამოცდილებას და ავთენტურ გარემოს.

ჩვენი მომსახურების მთავარი უპირატესობა არ არის განცალკევებით საკვები ან სასმელი, არამედ ის გარემო, რომელიც სტუმარს მასპინძლის სახლში ხვდება.

 

  1. როგორც ვიცით, მასპინძლებს გამორჩეულად არჩევთ, რათა შექმნათ მაღალი ხარისხი და არ დაიკარგოს მთავარი იდეა, რაც ქართულ სტუმარ-მასპინძლობას და იმ ყველა ასპექტს მოიცავს, რაც ქართველებს გვახასიათებს სტუმრისადმი. როგორ ახერხებთ ამის ფილტრაციას?

დიახ, მართალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები მთლიან პროცესში – დაჯავშნიდან მომსახურების გაწევამდე, მთავარი როლი სტუმრისთვის დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაში მაინც მასპინძელს აკისრია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ მასპინძლის შესარჩევი 3-ეტაპიანი პროცესი, რომელიც გვეხმარება ავარჩიოთ ისეთი ოჯახები, რომელთათვისაც სტუმრის მიღება უპირველესად გატაცებაა და შემდგომ შემოსავლის დამატებითი წყარო.

ჩვენ ვართ პირველი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ისეთ მასპინძლებს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ შეხება ტურიზმთან და აქამდე არასდროს უფიქრიათ მასპინძლობის მონეტიზაციაზე. შესაბამისად, ჩვენ მომხმარებლებს ისე ვიღებთ, როგორც სტუმრებს და არა როგორც კლიენტებს.

  1. რა პროცესს გადის ტურისტი, როდესაც მას სურს თქვენს საიტზე ვახშმის შეძენა?

GuestMe სტუმარ–მასპინძლებს ვებ–გვერდის საშუალებით აკავშირებს, სადაც ხდება ონლაინ დაჯავშნა, კომუნიკაცია, ონლაინ გადახდა და შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა სხვა პროცესი. სტუმრობამდე 24 საათით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია მთლიანად დაიბრუნოს გადახდილი თანხა. ამ ეტაპზე მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში და მოიცავს 6 აქტიურ მასპინძელს. ახლო მომავალში დავამატებთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც.

  1. რამდენი ხანია რაც guestme.ge არსებობს და რა გამოცდილება დაგიგროვდათ ამ ხნის განმავლობაში? რამდენად დიდია ინტერესი ტურისტებისგან მსგავსი პროდუქტისადმი?

GuestMe-ის იდეაზე მუშაობა დავიწყეთ 2019 წლის ზაფხულის პერიოდში და ვებ–გვერდი მზად წლის ბოლოსთვის გვქონდა. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება მივიღეთ მასპინძლებთან და სტუმრებთან ურთიერთობის პროცესში. მომსახურების სფეროში მომხმარებელთან და მომსახურების უშუალო მიმწოდებელთან სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ღირებული იდეები და კომენტარები შესაძლოა სწორედ მათგან მიიღოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ ვებგვერდის შექმნის და SEO ოპტიმიზაციის პროცესში.

რაც შეეხება ინტერესს, GuestMe-ის კონცეფციამ მოწონება დაიმსახურა ქართველი და საერთაშორისო მოგზაურების მიერ. ჩვენს მასპინძლებთან დღემდე 10-მდე სტუმრობა განხორციელდა, თუმცა რეალური ინტერესის შეფასებას უფრო პანდემიის შემდგომ პერიოდში შევძლებთ.

  1. გაქვთ თუ არა რაიმე გრანტი მოპოვებული, თუ თქვენი ხარჯებით დაიწყეთ იდეის განხორციელება?

დღემდე არ გამოგვიყენებია გარე დაფინანსების წყაროები, მათ შორის არც გრანტები, თუმცა უკვე განვიხილავთ დაფინანსების სხვადასხვა ალტერნატივას.

  1. რას ურჩევდით დამწყებებს, რომელთაც სურთ შექმნან ინოვაციური პროდუქტი ქართულ ტურიზმში?

ამ თემაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა განსაკუთრებით რამდენიმე საკითხს გავუსვამდი ხაზს:

  • რომელი სექტორიც უნდა აირჩიოთ, აუცილებლად ჩამოაყალიბეთ ისეთი გუნდი, რომელსაც ერთი ინტერესი ამოძრავებს, მაგრამ სხვადასხვა კომპეტენციას აერთიანებს, რადგან წარმატებული პროდუქტის ან მომსახურების შექმნასა და რეალიზაციას სხვადასხვა სფეროს ცოდნა სჭირდება და თითქმის შეუძლებელია ერთმა ადამიანმა მთლიანი პროცესი მართოს.
  • შეისწავლეთ იმ სექტორის რეგულაციები, რომელში საქმიანობასაც გეგმავთ და გადახედეთ ამავე სფეროში სახელმწიფო ინიციატივებს. ეს გამოგადგებათ პროცესების სწორად დაგეგმვაში და მომავალში ნაკლებად შეგაფერხებთ. ასევე, გამოიკვლიეთ საერთაშორისო ბაზარზე ამ სექტორის მონაცემები და მომავალი ტრენდები.
  • თქვენი მომსახურების ან პროდუქტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე აქცენტი გააკეთეთ გამოცდილების მთლიან ციკლზე, რადგან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ცალკე აღებული პროდუქტი ან მომსახურებაა, არამედ ის თუ როგორ სთავაზობთ მას მომხმარებელს.
  • და ბოლოს – თუ თქვენი იდეის უშუალოდ განხორციელებამდე მონაწილეობას მიიღებთ, რომელიმე გამოცდილ სტარტაპ აქსელერატორში, ეს დაგეხმარებათ თქვენი იდეის და მისი განხორციელების ეტაპების კრიტიკულად შეფასებაში და უფრო წარმატებული შედეგების მიღწევაში.
  1. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რაიმე სერვისების / პროდუქტის დამატებას ხომ არ აპირებთ?

ამჟამად ვმუშაობთ ორი მომსახურების დამატებაზე – GuestMe საუზმე და GuestMe Event, თუმცა პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, ამ პროცესებს შედარებით ნელა ვმართავთ.

 

Tags: