სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული შოკოლადი „ბარამბო“ ისრაელში ექსპორტზე გავიდა.
სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ ებრაელ პარტნიორებთან ბიზნეს კავშირები გერმანიის ყოველწლიურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ANUGA 2019 დაამყარა. საერთაშორისო ღონისძიება ქ. კიოლნში გაიმართა და აღნიშნული ევროპის მასშტაბით უმხსვილესია. გამოფენას 198 ქვეყნიდან 165 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 7 000-ს აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ბარამბო“ ისრაელის იმპორტიორ კომპანიასთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და პირველ ეტაპზე, ქართული პროდუქციის 40 ფუტიანი კონტეინერი უკვე გაგზავნა.
ამ ეტაპზე, ქართული კომპანია მოლაპარაკებებს ევროპის, აფრიკის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
წყარო: „აწარმოე საქართველოში“