საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა რიგით მეორე კონფერენციას დაესწრო.
შეკრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მევენახე მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი კი მევენახეობაში არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიება იყო.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს მიმართა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ის ინიციატივები გააცნო, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საწინდარი უნდა გახდეს.
როგორც ხატია წილოსანმა განაცხადა – “საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, აქვს ამბიცია აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამის საწინდარია ქართული ვაზი და ჯიშების ის მრავალფეროვნება, რომლებიც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის მანძილზე შეიქმნა. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ დარგის განვითარებას”
მან ყურადღება გაამახვილა სარგავი მასალის სერტიფიცირების ახალ სისტემაზე, რაც საფუძველი უნდა გახდეს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. ასევე მევენახეებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას ემსახურება. კერძოდ, ესენია აგროდაზღვევის სისტემა, ვენახების კადასტრის პროგრამა, ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა და სხვა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიმართა, რომლის თქმითაც, სწორედ ვენახია ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. ამის მისაღწევად კი აუცილებელია დარგში თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
კონფერენციაზე დავით სონღულაშვილმა ასევე დააანონსა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში “კახეთის ექსპო” ჩატარდება, რაც კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება და მეტი შესაძლებლობების მომცემი იქნება ფერმერებისთვის.
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო