საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის – ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი იწყება. სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი სამუზეუმო სივრცის დემონტაჟს მოიცავს, რომლის განხორციელება უახლოეს დღეებში, ტენდერის გზით შემრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.
რეკონსტრუქციის შედეგად განახლდება სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სამუზეუმო სივრცე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. განახლდება მუზეუმის გალავანი და მისი ყველა ელემენტი. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, მოეწყობა ფონდსაცავები. სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.
მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურადაა ჩართული.
მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.
წყარო:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო