ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ლეჩხუმში პრეს-ტური გაიმართა. პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელმა რაჩხასა და ღვირიშის ჩანჩქერი, მწვანე ტბა და მურისციხე დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა სოფელი ოყურეში მოინახულეს, სადაც საოჯახო მარანში უსახელაურის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
პრეს-ტურის მონაწილეებისთვის მდინარე რიონზე ჯომარდობა გაიმართა. მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა გუნდებად დაიყვნენ და ნავებით რთული მონაკვეთები გადალახეს.
„გაიცანი საქართველოს პროექტით ვცდილობთ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ თუ რა ლამაზი და საინტერესო ქვეყანა გვაქვს. ამ ტურის მიზანი იყო, რომ ისეთი უცნობი მიმართულება, როგორიც არის ლეჩხუმი გავხადოთ უფრო პოპულარული და უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაგეგმოს მოგზაურობა ამ მშვენიერ მხარეში.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.