ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 14 კმ-იანი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი.
პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ვადების შესაბამისად სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს. ის გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა.
აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული 5 კილომეტრი ექსპლუატაციაში ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა.
პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.